როგორ მიმდინარეობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - განახლებადი | Allnews.Ge

როგორ მიმდინარეობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - განახლებადი

დღეს საქართველოში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და მერების არჩევნები იმართება. ამომრჩეველი 64 საკრებულოს 2 058 წევრს და 64 მერს აირჩევს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებულია 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ერთი საინიციატივო ჯგუფი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ რეგისტრირებულია 200 საინიციატივო ჯგუფი.

არჩევნებისათვის რეგისტრირებულია მერობის 369 კანდიდატი, მათ შორის 13 თბილისში. რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატების რაოდენობა 4727-ს შეადგენს. პარტიული სიების მიხედვით საკრებულოს წევრობის კანდიდატების რაოდენობა 12 902-ია.

როგორც ცესკოში აცხადებენ, 3 644 (მათ შორის 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი) საარჩევნო უბანი სრულ მზადყოფნაშია არჩევნების ჩასატარებლად. არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 54 389 წარმომადგენელი, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 20 641 და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 დამკვირვებელი.

საარჩევნო პროცესს აშუქებს 4000-ზე მეტი ჟურნალისტი.

20:51 - დავით ბაქრაძე - ეგზიტპოლის შედეგი ნიშნავს, რომ "ევროპული საქართველო" შედგა და პარტიამ პირველ არჩევნებზე ნაბიჯი გადადგა

20:50 - "პირველ რიგში მინდა მივულოცო კახი კალაძეს ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება. თქვენ ნახეთ ეგზიტპოლების პირველადი შედეგები, რომელიც დაახლოებით ემთხვევა ჩვენი შიდაპარტიული პროგნოზის მონაცემს, რომელიც კეთდებოდა საარჩევნო სამსახურის მიერ. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ კახი კალაძემ ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა თბილისის მერის არჩევნებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ღირსეული გამარჯვება და მინდა ვუსურვო წარმატებები კახი კალაძეს მისი 4–წლიანი მერად მოღვაწეობის მანძილზე", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

20:38 - "ის, რაც დღეს ხდებოდა მთელი საარჩევნო პროცესის დროს, ეს იყო სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ დილიდან ვუყურებდით, როგორ მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი, ზეწოლა მოსახლეობაზე, ტოტალური კონტროლი საარჩევო უბნებზე "ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან. ჩვენს მომხრეებს, რომლებიც აპირებდნენ მოსვლას არჩევნებზე, ურეკავდნენ და აშინებდნენ. ჩვენ მივიღეთ შედეგი, როდესაც "ქართული ოცნება" წავიდა ქართველი ხალხისა და თბილისელების წინააღმდეგ. ჩვენ დაველოდებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს. ვითვალისწინებთ იმასაც, რომ ეგზიტპოლის შედეგები არის 18:00 საათისთვის არსებული მონაცემები. ჩვენი ინფორმაციით, ბოლო ორ საათში საკმაოდ დიდი იყო ხალხის რაოდენობა. ვერავინ დამაჯერებს, რომ არჩევნებზე მისულმა ყოველმა მეორე თბილისელმა კახა კალაძეს მისცა ხმა. ამიტომ, ვიძახით და ვაცხადებთ, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვინც იმყოფება საარჩევნო უბნებზე და კომისიებში, დავიცვათ ჩვენი ხმები ბოლომდე, რათა არ მივცეთ ხმების ტოტალურად გაყალბების საშუალება "ქართულ ოცნებას", - განაცხადა უდუმაშვილმა. 

20:27 - "პირველ რიგში მთელ საქართველოს მინდა მივულოცო არჩევნების მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში ჩატარება. ეს არის დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს აქტივობისთვის და მაღალი სამოქალაქო კულტურისთვის. ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, 2012 წლიდან საბოლოოდ შეცვალა ჩვენს ქვეყანაში არჩევნების არსი და არჩევანის უფლება დაუბრუნა ხალხს. სწორედ ქართული ოცნების პოლიტიკური ნებაა არჩევნების სამართლიან, მშვიდობიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარება", - განაცხადა პრემიერმა.

20:11 - "ედისონ რისერჩიმ" ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა

ორგანიზაცია "ედისონ რისერჩის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, თბილისის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ქართულმა ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" ხმების 58% მიიღო, ხოლო "ნაციონალურმა მოძრაობამ" – 16%. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ არჩევნებში თბილისში ამომრჩეველთა 9%-მა "ევროპულ საქართველოს" დაუჭირა მხარი, ხოლო 5%-მა - "პატრიოტთა ალიანსს".

ცნობისთვის, ამერიკულმა საერთაშორისო კომპანიამ ეგზიტპოლი "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა.

მათი ცნობით, ეგზიტპოლი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და კვლევის შესაძლო ცდომილება, დაახლოებით 2/2,5%-ია. შედეგები 18:00 საათის მონაცემებს მოიცავს.

19:25 - "ლიბერალის" ახალი ამბების რედაქტორს დათო გამისონიას ვაკის მე-12 საარჩევნო უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

18:00 - "ქართული ოცნების" დეპუტატი ეკა ბესელია მარნეულში დოკუმენტაციის გაყალბებაზე საუბრობს. ეკა ბესელიას თქმით, საქმე ეხება მარნეულის სოფელ შულავერის 55-ე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს. 

17:57 - "დღეს, ჩვენ მთელი დღეა ვუყურებთ შეშინებულ "ქართულ ოცნებას", "ქართული ოცნების" შეშინებულ კანდიდატს, რომელიც ყველაფერს აკეთებს: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ამომრჩევლის პირად მონაცემებს აღრიცხავენ, არის მობილიზაცია უბნებთან, ლამის ძალით მოჰყავთ არჩევნებზე ხალხი. სწორედ იმიტომ, რომ ისინი აგებენ ამ არჩევნებს"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

17:10 - შსს საპოლიციო ძალების განლაგებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

17:02 - ეს არის არა სიცოცხლით სავსე ქალაქი, არამედ შიშით სავსე ქალაქი, როცა ადამიანს აიძულებენ, შემოხაზონ "41"-განაცხადა კახა კუკავამ

17:00 - ხელისუფლებას კვალავ განზრახული აქვს მარნეულში არეულობა და ხალხისთვის არჩევანის წართმევა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

16:17 - "არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ და თავისუფალ გარემოში. გამარჯვებამდე სულ რამდენიმე საათი დარჩა და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო, ვთხოვო ჩემს მხარდამჭერებს - გააქტიურდით, მობრძანდით, დააფიქსირეთ თქვენი საზოგადოებრივი ვალი. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და დავიწყებთ სიცოცხლით სავსე ქალაქის მშენებლობას. გამარჯვებამდე დარჩა რამდენიმე საათი და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, თბილისი გაიმარჯვებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

16:16 - 15:00 საათის მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა 29.84%-იანი აქტივობა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, საქართველოს მასშტაბით სულ 1 026 430 ამომრჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ცესკო-ს მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება, სადაც ამომრჩეველთა 46% საარჩევნო უბნებზე უკვე მივიდა და თავისი არჩევანი დააფიქსირა. ყველაზე დაბალი აქტივობა შიდა ქართლშია, სადაც ამომრჩევლის მხოლოდ 25%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.

რაც შეეხება დედაქალაქს, 15:00 საათის მონაცემებით, თბილისში ამომრჩეველთა 27.7% უკვე იმყოფებოდა საარჩევნმო უბნებზე.

შედარებისთვის, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, 15:00 საათზე ამომრჩევლის აქტივობა 28.9%-ს შეადგენდა.

დღეს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.

16:06 - ამ წუთებში "პატრიოტთა ალიანსი" ცესკოსთან საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეების განმარტებით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, რომ ხელისუფლებამ არჩევნები არ გააყალბოს.

"პატრიოტთა ალიანსი" აღარ შეეგუება არჩევნების მორიგ გაყალბებას"- აცხადებენ აქციაზე შეკრებილი ადამიანები

15:38 - მარნეულში სპეცრაზმია მობილიზებული. სპეციალური სამსახურის თანამშრომლები მარნეულში, პოლიციის შენობასთან ორი ე.წ. ყვითელი ავტობუსებით მივიდნენ. ავტობუსების გარდა ესკორტში არის რამდენიმე სპეცდანიშულების მანქანაც.

სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე არ გამოჩენილან. 

15:26 - სამეგრელოში ფაროსანამ საარჩევნო ყუთში შეაღწია - ფოტოს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ავრცელებს

14:52 - მოსალოდნელია, რომ ამ დროიდან ხელისუფლება გაათმაგებული ძალებით შეეცდება რამენაირად ზეგავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესზე და ეს პირველ რიგში არჩევნების გაყალბებას უკავშირდება, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული ყველა მონაცემით, თბილისის მერის არჩევნებში, ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერა გაცილებით აღემატება სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერას.

14:50 - თინა ბოკუჩავა - ცესკო-ს თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან საჯარო მოხელეების მობილიზებას ჰქონდა ადგილი

14:09 - ოპოზიცია ხმების დასაცავად მზად არის, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ განაცხადა.

კუკავა თბილისის მოსახლეობას მოუწოდებს, "ყველაფრისთვის მზად იყვნენ".

"თუ საჭირო იქნება 20:00 საათის შემდეგ ხმების დაცვა, ჩვენ ყველანი უნდა მივიდეთ საარჩევნო უბნებზე, თუ საჭირო იქნება რუსთაველზე შეკრება, ამისთვისაც იყავით მზად. ხელისუფლებას ვაფრთხილებთ, არ დახარბდეთ, სულმა არ წაგძლიოთ და იმაზე მეტი ხმა არ დაიწეროთ, ვიდრე ამომრჩეველი ინებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება დავბრუნდეთ იმ რეალობაში, რომლიდანაც ქვეყანა რამდენიმე წლის წინ გამოვიდა", - განაცხადა კუკავამ.

14:04 - პენიტენციურ დაწესებულებებში წინა წლებთან შედარებით მაღალი აქტივობა ფიქსირდება, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

13:57 - თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე საუბრობს და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს. ელისაშვილის თქმით, ხელისუფლება იყენებს იმავე მეთოდებს, რაც ჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობას".

ელისაშვილის თქმით, მის შტაბს ათეულობით დარღვევის ფაქტზე აქვს ინფორმაცია, რომელიც ახლა მოწმდება. 

13:56 - ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დუშეთის №13 საარჩევნო უბანზე მაჟორიტარული სახის ბიულეტენები არ აღმოჩნდა.

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, აღნიშნულ უბანზე იყო ორი სახის - მერისა და პროპორციული საარჩევნო ბიულეტენები. მისივე ინფორმაციით, ოლქმა განკარგულებით მიიღო გადაწყვეტილება და საარჩევნო უბანს მაჟორიტარული ბიულეტენები მიეწოდა.

"დაწერილია საჩივარი. ამ უბანთან დაკავშირებით შესაბამისს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადებში საარჩევნო ადმინისტრაცია მიიღებს", - განაცხადა ანა მიქელაძემ

13:42 - "ამომრჩეველს ველოდებიო" - რატომ იყო ავტომობილი შულავერის საარჩევნო უბნის ეზოში

13:32 - 12:00 საათის მდგომარეობით, 3 644 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 16.5% შეადგინა, რაც რაოდენობრივად არის 567 699 ამომრჩეველი.

ცესკოს ინფორმაციით, 12:00 საათისათვის ყველაზე დიდი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დეფიქსირდა - 27.9%, ხოლო ყველაზე ნაკლები აქტივობა შიდა ქართლში - 13.9%. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში 12:00 საათის მდგომარეობით აქტივობა არის 14.8%.

"აღნიშნული მონაცემი რომ შევადაროთ 2014 წლის არჩევნების აქტივობას, მაშინ 12:00 საათის მდგომარეობით აქტივობა 16.6%-ს შეადგენდა", - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ. 

13:26 - "წყალზე ვკრებთ ფულს" - დეპუტატმა ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე ფული გადასცა

12:50 - ეს ქალაქიც და ეს ქვეყანაც დაჭაობდა და სუფთა ჰაერივით სჭირდება ცვლილება - ალეკო ელისაშვილი

12:49 - დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, აბსოლუტურად ყველა ადამიანი მოვიდეს არჩევნებზე და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს - ასეთი კომენტარი გააკეთა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ. 

12:33 - დავით ნარმანიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

12:18 - მე ხმა მივეცი სიცოცხლით სავსე ქალაქს, ხმა მივეცი ადამიანს, რომელმაც იცის, რა არის შრომის ფასი, რომელიც აფასებს მოხუცებს, ჩვენს თაობას და ნამდვილად იცის, თუ რა უნდა მომავალს, - ამის შესახებ განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელმაც საკუთარი არჩევანი ნაძალადევის მე-9 საარჩევნო ოლქის N 4 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. 

12:16 - დაკვირვების უფლების მქონე პირებს არ ეკრძალებათ კენჭისყრის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, ამომრჩევლების შესახებ საჯარო ინფორმაციის გადამოწმება, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა, ცესკო-ში შესულ სატელეფონო შეტყობინებებს დამკვირვებლების მიერ ამომრჩევლების მონაცემების გადამოწმების საკითხთან დაკავშირებით. 

11:52 - "ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე საუბრობს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, დედაქალაქში თითქმის ყველა უბანზე ფიქსირდება ერთნაირი დარღვევები, რომლებზეც საჩივრები იწერება, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა. ბეჟაშვილის თქმით, საარჩევნო უბნებზე მყოფი "ქართული ოცნების" პარტიული წარმომადგენლები არჩევნების ფარულობის პრინციპს არღვევენ. 

11:47 - დავით უსუფაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

"ადგილობრივი არჩევნები ყოველთვის სპეციფიური არჩევნებია. ჩვენმა "შენების მოძრაობამ" პირველი პოლიტიკური ნაბიჯი უკვე გადადგა. მე ყველა ღირსეულ კანდიდატს წარმატებას ვუსურვებ და ქართველ ხალხს ვუსურვებ კიდევ უფრო უკეთეს არჩევნებს, სადაც გვეყოლება მეტი პროფესიონალი და მეტი არჩევანი. ხმის მიცემის პროცედურის დაწყების ნაწილში, როგორც ჩვენთვის ცნობილია, რაიმე განსაკუთრებული პრობლემები არ შექმნილა. ვისურვებდი, რომ როგორც დილის 8 საათის მიდამოებში იყო სიმშვიდე, ისე იყოს საღამოს 8 საათის მიდამოებშიც", - განაცხადა უსუფაშვილმა.

11:41 - "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლების მიერ ამ დროისთვის საარჩევნო კომისიებში შეტანილია 22 საჩივარი და ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 20 შენიშვნა.

11:35 - ცესკო იმ მიზეზს განმარტავს, რის გამოც უბანი, რომელზეც ხმა პრეზიდენტმა მისცა, დაგვიანებით გაიხსნა.

მთაწმინდის მე-6 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია პრეზიდენტი, ამ უბანზე პრესისა და დამკვირვებლების დიდი ინტერესი იყო და მათი მონაცემების ჩანაწერთა წიგნში შეტანის გამო უბნის გახსნა 7 წუთით დაგვიანდა, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ მთაწმინდის მე-6 უბნის დაგვიანებით გახსნის მიზეზების განმარტებისას განაცხადა.

11:30 - თუ თითოეული პარტია მიუდგება ამ არჩევნებს სათანადო პასუხისმგებლობით, თავიდან იქნება არიდებული ყოველგვარი ინციდენტები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელმაც საკუთარ არჩევანი N2 ვაკის ოლქის N53 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

ირაკლი კობახიძე საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად იმყოფებოდა.

 

myquiz