ატლანტროპა- ნაცისტების ამბიციური გეგმა, რომელიც ხმელთაშუა ზღვის რეგიონს სამუდამოდ შეცვლიდა
გერმანიაში ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, აშკარა გახდა ჰიტლერის მიზანი- მას სურდა გერმანია ზესახელმწიფო გამხდარი და მსოფლიო ემართა.
ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ნაცისტებს არაერთი ამბიციური გეგმა ჰქონდათ შემუშავებული, რომელიც მასშტაბურ არქიტექტურულ პროექტებსა და მშენებლობებს ითვალისწინებდა. ახალი ტექნოლოგიები, ცათამბჯენები და პროექტები გერმანიის კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობდა ხელს.
ასევე დაგაიტერესებთ: ჰიტლერის „მსოფლიო დედაქალაქი“, გუმბათი მანჰეტენის თავზე და სხვა გრანდიოზული პროექტები, რომლებიც ჩვენთვის ნაცნობ ქალაქებს სამუდამოდ შეცვლიდა
ნაცისტების გეგმებს შორის ერთ-ერთი საინტერესო და მასშტაბური ატლანტროპას ( Atlantropa) პროექტი იყო. ის გერმანელმა არქიტექტორმა ჰერმან ზორგელმა 1920-იან წლებში შეიმუშავა, თუმცა მაშინ პროექტის შესრულება შეუძლებლად მიიჩნიეს და სათანადო ყურადღება არ მიაქციეს.
ჰერმან ზორგელი
მას შემდეგ რაც ჰიტლერი ხელისუფლებაში მოვიდა ზორგელის პროექტმა დიქტატორის ყურადღება მიიქცია. მეტიც ჰიტლერი აღფრთოვანებული იყო მასშტაბური პროექტით, რომლის მსგავსიც ჯერ არავის ჰქონდა განხორციელებული და გადაწყვიტა ომის მოგების შემდეგ განეხორციელებინა იგი.
რას მოიცავდა ატლანტროპას მასშტაბური პროექტი?
ჰერმან ზორგელის გეგმა შემდეგში მდგომარეობდა- ის ხედავდა თუ რამხელა პერსპექტივა ექნებოდა ევროპისა და აფრიკის კონტინენტების ერთმანეთთან დაკავშირებას. მისი გეგმის მიხედვით, უნდა დაწყებულიყო მასშტაბური პროექტი და არც მეტი, არც ნაკლები ხმელთაშუა ზღვა ნაწილობრივ დაეშროთ!
ზღვაში წყლის დონის დაკლება 3 გიგანტური კაშხლით უნდა მომხდარიყო, რომლებიც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ნაგებობები გახდებოდა.
პირველი მათგანი გიბრალტარის სრუტესთან აშენდებოდა და ატლანტის ოკეანიდან ხმელთაშუა ზღვაში წყალს აღარ შემოუშვებდა. მეორე კაშხალი დარდანელის სრუტესთან აშენდებოდა და შავ ზღვას ჩაკეტავდა. მესამე კაშხალი კი ტუნისსა და სიცილიას შორის უნდა აშენებულიყო და ხმელთაშუა ზღვა ორ დონედ გაეყო.
გეგმის მიხედვით, აუცილებლობას არ წარმოადგენდა ხმელთაშუა ზღვის სრული დაშრობა. არქიტექტორის მიზანს ზღვის 200 მეტრით დაშრობა წარმოადგენდა, შედეგად კი ევროპასა და აფრიკას შორის სახმელეთო კორიდორის გაკეთება გახდებოდა შესაძლებელი.
ზღვის დაშრობის შედეგად გაჩენილ ხმელეთს სხვადასხვა მიზნით გამოიყენებდნენ, შეიქმნებოდა ახალი დასახლებული პუნქტები, ქალაქები, აშენდებოდა ქარხნები და ფაბრიკები.
ამას გარდა, უზარმაზარი კაშხლები ელექტროენერგიასაც გამოიმუშავებდა. სპეციალისტების თქმით, კაშხლები იმდენად მასშტაბურები იქნებოდა, რომ იმ პერიოდის ევროპისა და აფრიკის კონტინენტებს საჭირო ელექტროენერგიით თავისუფლად მოამარაგებდა.
ზორგელის აზრით, მასშტაბური არქიტექტურული პროექტი კიდევ ერთ პრობლემას უმუშევრობას მოაგვარებდა. მისი თქმით, პროექტის განხორციელებას ათწლეულები და უზარამაზარი ადამიანური რესურსი დასჭირდებოდა. შესაბამისად დასაქმდებოდა ათასობით ადამიანი.
რა ბედი ეწია პროექტს? როგორც უკვე აღინიშნა, ჰიტლერს გამიზნული ჰქონდა პროექტი ომის მოგების შემდეგ განეხორციელებინა. მოკავშირეთა გამარჯვების შემდეგ კი ატლანტროპა განუხორციელებელ გეგმად დარჩა.
თავად ზიორგელი 1952 წლის 25 დეკემბერს გარდაიცვალა. მის ამბიციურ და სახელგანთქმულ პროექტს კი ინტერესის მიუხედავად დღემდე ეჭვის თვალით უყურებენ.
კრიტიკოსების აზრით, ამ მასშტაბის მშენებლობები და წყლის დაშრობა ხმელთაშუა ზღვაში ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს. ამასთან პროექტის განხორციელებას უზარმაზარი რესურსები სჭირდება, მისი სარგებელი კი საეჭვოა. თანაც აფრიკის კონტინენტის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ევროპისათვის ნაკლებად სასურველია კონტინენტებს შორის სახმელეთო კორიდორის შექმნა.
ასევე დაგაინტერესებთ:
მომავლის ქალაქი, რომელსაც ანალოგი არ ექნება- როგორი იქნება Toyota-ს ულტრათანამედროვე ქალაქი იაპონიაში?
როგორი იქნება ჩინეთის ულტრათანამედროვე მომავლის ქალაქი, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური და ინდუსტრიული ცენტრი გახდება