ძვირადღირებული ავტომობილები, პირადი ზოოპარკი- როგორ ცხოვრობს ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი, რომელიც პუტინის მტრებს საკუთარ მტრებს უწოდებს | Allnews.Ge

ძვირადღირებული ავტომობილები, პირადი ზოოპარკი- როგორ ცხოვრობს ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი, რომელიც პუტინის მტრებს საკუთარ მტრებს უწოდებს

რამზან კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ახმად კადიროვის შვილია ის პრეზიდენტის პოსტს 2007 წლიდან იკავებს. ის ასევე არის „ერთიანი რუსეთის“ (რუს. Единая Россия) უმაღლესი საბჭოს ბიუროს წევრი და რუსეთის ფედერაციის გმირი.

რამზან კადიროვი ჩეჩნეთის პირველი ომის დროს ებრძოდა რუსეთის ფედერაციას, მაგრამ მეორე ომში მამასთან ერთად უკვე რუსული მხარისკენ გადავიდა. მამის პრეზიდენტობის დროს იყო ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, 2005-2007 წლებში კი იკავებდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელისუფლების მდივნის პოსტს.

კადიროვი საკუთარ მიღწევად თვლის ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მშვიდობის დამყარებასა და ომის შედეგად დანგრეული გროზნოს აღდგენას. თუმცა, მას ხშირად სდებენ ბრალს ადამიანის უფლებების დარღვევაში, კორუფციასა და დიქტატორულ მმართველობაში.

პირადი ცხოვრება

1996 წელს რამზან კადიროვი მედნი მუსაევნაზე დაქორწინდა. წყვილს 12 შვილი ჰყავს. მათი ერთ-ერთი ვაჟი ხადიზატი 2016 წელს ჩეჩნეთის ყველაზე ჭკვიანი მოსწავლის სტატუსის მფლობელი გახდა და ამავე წელს რუსეთის საუკეთესო მოსწავლეებს შორის იყო წარდგენილი.

ქონება

მედიის ინფორმაციით, კადიროვის ქონება დაახლოებით 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ის ფლობს რამდენიმე ძვირადღირებულ ვილას ჩეჩნეთში. კადიროვს სპორტული ავტომობილების მდიდარი კოლექცია აქვს. მათ შორისაა Lamborghini Reventón, რომელიც მსოფლიოში სულ 20 ცალია.

კადიროვს ასევე აქვს ჩეჩნური ხმლების იშვიათი კოლექცია.

პოლიგამია

რამზან კადიროვი პოლიგამიის მომხრეა. მან არაერთხელ განაცხადა, რომ მუსლიმ მამაკაცებს სრული უფლება აქვთ ერთზე მეტი ცოლი ჰყავდეთ და ამაში ცუდი არაფერია. მისი თქმით, მრავალცოლიანობა რუსეთში დემოგრაფიულ მდგომარეობის გაუმჯობესების საუკეთესო გზა იქნებოდა.

სოციალური მედია

რამზან კადიროვი საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელებში. 2016 წელს მას მხოლოდ Instagram-ზე 3 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა. ამასთან ნახევარ მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავდა რუსულ სოციალურ ქსელ VK-ზე, Facebook-ზე კი 300 000-ზე მეტი.

რუსულ პრესაში კადიროვს ხუმრობით ხშირად მოიხსენიებდნენ რუსეთის ყველაზე პოპულარულ ბლოგერად.

თუმცა სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო კადიროვის ანგარიშების უმეტესობა წაშლილია.

კადიროვს ძალიან უყვარს ველური ცხოველები და ჩეჩნეთში საკუთარი ზოოპარკი აქვს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებიდან ჩანს, რომ მას განსაკუთრებით ძაღლები, ლეოპარდები და ვეფხვები უყვარს.

პუტინთან მეგობრობა

კადიროვს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ საკუთარი სიმპათია არაერთხელ გამოუხატავს.

„ჩემთვის ვლადიმერ პუტინი მისაბაძი ადამიანია. მინდა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტი სიცოცხლის ბოლომდე იყოს. მე ის ძალიან მიყვარს. ის სიტყვის კაცია. ისინი, ვინც პუტინს აკრიტიკებენ ჩემი პირადი მტრები არიან“-განაცხადა კადიროვმა 2010 წელს. ასევე დაგაინტერესებთ:

"სტუმრად პუტინთან" - სკანდალური გამოძიება და რუსეთის პრეზიდენტის გასაიდუმლოებული, ზღაპრული სასახლის ფოტოები

გასაიდუმლოებული ბავშვობა, განათლება შვეიცარიაში, პლასტიკური ოპერაციები-საინტერესო ფაქტები ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შესახებ

myquiz