რას საქმიანობდა ლევან ხაბეიშვილი, ვიდრე საზოგადოებისთვის ცნობილი სახე გახდებოდა | Allnews.Ge

რას საქმიანობდა ლევან ხაბეიშვილი, ვიდრე საზოგადოებისთვის ცნობილი სახე გახდებოდა

სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი, რომლის სახელსაც უფასო სასადილოებთან დაკავშირებული სკანდალი, განცხადებები საკრებულოს მიერ თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და სხვა გახმაურებულ საქმეებს უკავშირებენ, რამდენიმე დღეა ქართული მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. იგი გუშინ თბილისის მერიასთან გამართულ აქციაში მონაწილეობდა, სადაც მომხდარი დაპირისპირების დროს მას სცემეს.

ხაბეიშვილი მომხდარის გამო დღეს პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, სადაც მისი თქმით, პროკურორმა საქმის გამოძიება აღუთქვა, - "პროკურორმა აღმითქვა, რომ ამ საქმის გამოძიება დაიწყება. ამ პროკურატურის გამოძიებული ბევრი საქმე არ მინახავს, მაგრამ მომხდარი იმდენად ზედაპირზე დევს და ვიდეოკადრებიც არსებობს, რომ ამას ვერ გაექცევიან. სულ რომ ხელი არავის დაედო, ჩემი შეთრევის ფაქტი და უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა ადამიანისთვის, რომელსაც არაფერი არ დამიშავებია და ამის დამადასტურებელი არანაირი ოქმიც არ შემდგარა, უკვე დადასტურებული დანაშაულია," - განმარტავს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

ვინ არის და რას საქმიანობდა ლევან ხაბეიშვილი წლების განმავლობაში? - ამ საკითხზე Allnews.ge თავად პოლიტიკოსს ესაუბრა.

ლევან ხაბეიშვილი, რომელიც პროფესიით ეკონომისტია 1987 წლის 7 მაისს თბილისში დაიბადა. მისი თქმით, უმაღლესი განათლება ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციასთან არსებულ უნივერსიტეტ "მცირე აკადემიაში" მიიღო. რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, 2006 წლიდან სოციალური კვლევის ინსტიტუტ "ბი-სი-ჯი"-ში მუშაობდა.

"2008-2010 წელს უკვე დედაქალაქის მერიაში, კერძოდ, ისან-სამგორში ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელად ვმუშაობდი, 2010-2012 წლებში კი ისან-სამგორის რაიონში სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელად," - ამბობს ხაბეიშვილი.

პოლიტიკოსმა მოგვიანებით მუშაობა ისევ საჯარო სექტორში გააგრძელა, - "2012 წლიდან 2013 წლის მაისამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფინანსურ სამსახურში წამყვან სპეციალისტად ვმუშაობდი, 2013 წლის მაისიდან 2014 წლის აგვისტომდე კი სანამ მერიიდან უკანონოდ გამათავისუფლებდნენ, რაც სასამართლოს სამმა ინსტანციამაც დაადგინა, დედაქალაქის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურში უფროსის მოადგილის პოზიციას ვიკავებდი," - აღნიშნავს "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

ამავდროულად, ლევან ხაბეიშვილი 2012 წელს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიაში, მისივე თქმით, 153-ე ადგილს იკავებდა, თუმცა მისი პოლიტიკური აქტივობა მხოლოდ ამით არ დასრულებულა, - "2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატი ვიყავი".

ამის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ბლოკში "პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის" იღებს. ამავდროულად, გიორგი ვაშაძის მიერ დაფუძნებული პარტია "ახალი საქართველოს" წევრი და ერთ-ერთი ლიდერია. ლევან ხაბეიშვილის თქმით, მისი "ახალ საქართველოში" გადასვლა "ნაციონალური მოძრაობის" მაშინდელ ლიდერებთან დაპირისპირების გამო მოხდა, - "ამ ბლოკით იმიტომ ვიღებდი მონაწილეობას, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება იყო ბოკერიასთან, მაჭავარიანთან და სხვებთან, რასთან შეგუებასაც მე არ ვაპირებდი, სწორედ ამიტომ გავყევი ვაშაძეს თავის დროზე. ამასობაში, 2014 წელს მეგობრებთან დავაფუძნე მონიტორინგის ცენტრი "მედიატორი," - აღნიშავს ლევან ხაბეიშვილი Allnews.ge-სთან საუბარში.

ლევან ხაბეიშვილი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ისევ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიით იღებს, თუმცა, მისი თქმით, "ახალ საქართველოსთან" და მის ლიდერთან კომუნიკაცია არ გაუწყვეტია.

"ვმეგობრობ ამ ადამიანებთან, ისინი იყვნენ ჩემი თანამებრძოლები, მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობაშიც", როდესაც ბოკერიამ, გაბაშვილმა და ამ ხალხმა პარტია დატოვეს, მე გიორგი ვაშაძეს ვეუბნებოდი, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობისგან აღარაფერი გვაკავებდა, მაგრამ მან სხვაგვარად გადაწყვიტა. ის ძალიან ნიჭიერი ადამიანია და "ახალ საქართველოშიც" ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია, უბრალოდ მე მივიღე ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან მე ბრძოლის წინა ხაზს "ნაციონალურ მოძრაობაში" ვხედავ," - განმარტავს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოქალაქეების მხარდაჭერის იმედი აქვს.

"რაც შეეხება მოლოდინს, 2016 წელს "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები წააგო, აიღო ხმების 48%, დანარჩენი 52% კი ოპოზიციამ მიიღო, ეს არის რეალობა, თუმცა ამ მახინჯი სისტემის გამო და კონსტიტუციასაც ასეთს იმიტომ ტოვებენ, რომ მანდატების 85% "ქართულმა ოცნებამ" ნაკლები ხმებით მიიღოს. მე ქართველი ხალხის, ამომრჩევლის იმედი მაქვს, 2016 წელს იყო ხალხი მზად, ხელისუფლება შეეცვალა და დარწმუნებული ვარ, რომ 2017 წელს გაზრდილი აქციზის, დოლარის კურსის ფონზე, ხალხი გონივრულ არჩევანს გააკეთებს," - დასძენს ხაბეიშვილი.

რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკურ იდეოლოგიას, მისი თქმით, ის უკავშირდება ადამიანებს რომელთაც ძალიან უჭირთ.

"რა თქმა უნდა, ჩემი შეხედულებები მაქვს და გუნდში ამაზე ხშირად ვმსჯელობთ. მთავარი იდეოლოგია არის, რა სჭირდება ხალხს, რომ გადარჩეს. სოციალური დახმარება რომ იქნება, ეს კარგია, თუმცა მთავარი ამოცანაა, ქალაქს ნაკლები სოციალურად დაუცველი ჰყავდეს და სამუშაო ადგილები შეიქმნას და არა ის, რომ ბაზაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა გავზარდოთ. ეს არის ჩემი მიდგომა, ვფიქრობ, რომ ადამიანს საქმე სამათხოვროდ კი არ უნდა გავუხადოთ, რომ ყოველთვიურად 50 ლარი მივცეთ, არამედ დავასაქმოთ, რათა ეს ფული თავად იშოვნონ. ეს არის ახლა ჩვენთვის მთავარი, თუმცა, ამას სჭირდება დრო და ხვალ ვერ განხორციელდება. ახლა შეიძლება მილიონები მოვაკლოთ ბიუროკრატიას და მივცეთ ამ ადამიანებს, რომ სული მოითქვან, ამიტომ საარჩევნო პროგრამა თბილისელების საჭიროებებიდან გამომდინარეა შემდგარი," - განმარტავს პოლიტიკოსი.

აღსანიშნავია, რომ ლევან ხაბეიშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" მმართველი გუნდის მთვარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს. მისი თქმით, ამ გუნდთან ერთად მას ხელისუფლების შეცვლის შანსები აქვს.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz