ყველაფერი სტივენ ჰოკინგის შესახებ, რომლის გარდაცვალებას მთელი მსოფლიო განიცდის | Allnews.Ge

ყველაფერი სტივენ ჰოკინგის შესახებ, რომლის გარდაცვალებას მთელი მსოფლიო განიცდის

მსოფლიომ კიდევ ერთი გამორჩეული მეცნიერი სტივენ ჰოკინგი დაკარგა. ის 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფიზიკოს-თეორეტიკოსებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მეცნიერის იდეები წლების განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

სტივენ ჰოკინგის მოღვაწეობის ძირითადი სფერო კოსმოლოგიასა და კვანტურ გრავიტაციას მოიცავდა. მას შავი ხვრელის შესახებ ბევრი რამ აქვს შესწავლილი, დაწერა რამდენიმე წიგნიც, საიდანაც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი "დროის მოკლე ისტორიაა" (A Brief History of Time), რომელიც ქართულ ენაზეც ითარგმნა.

ბრიტანელი მეცნიერი, სტივენ ჰოკინგი 1942 წლის იანვარში დაიბადა, მაშინ, როცა მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა.

მას 21 წლის ასაკში, როდესაც ჯერ კიდევ ოქსფორდში იყო, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ერთ-ერთი უიშვიათესი დაავადება ლუ გერიგის დაავადება ანუ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი დაუდგინეს, რომელიც ადამიანს მოძრაობისა და მეტყველების უნარს უკარგავს. მიუხედავად ამისა, მას სწავლა და სამეცნიერო მოღვაწეობა არ შეუწყვეტია. როდესაც დაავადება დაუდგინდა, ექიმებმა ჰოკინგს უთხრეს, რომ ის მხოლოდ ორწელიწადნახევარი იცოცხლებდა, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

სტივენ ჰოკინგმა ფიზიკური პრობლემა საკუთარ თავს პირველად ოქსფორდში შეატყო, როდესაც მოულოდნელად დაეცა, თუმცა საკუთარ პრობლემას 1963 წლამდე ყურადღებას არ აქცევდა და საიდუმლოდ ინახავდა. მას შემდეგ, რაც მამამ მას სიმპტომები შეატყო, სტივენი ექიმთან წაიყვანა.

"მათ ჩემი მხარიდან კუნთის ნიმუში აიღეს, ელექტროდები მომაწებეს და ხერხემალზე რენტგენი გადამიღეს, საბოლოოდ კი არ უთქვამთ, რა მჭირდა", - იხსენებს ჰოკინგი.

ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის შესახებ ექიმების დასკვნა თავად მეცნიერისა და მისი ოჯახისთვის დამანგრეველი სიახლე აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰოკინგს ასეთი მძიმე დაავადება დაუდგინეს, მისთვის ეს მეცნიერებაში დამაბრკოლებელი ფაქტორი არ აღმოჩნდა, პირიქით, მთელი ინტერესები და ძალები მან სწავლისკენ მიმართა, რის მიმართაც ახალგაზრდობაში განსაკუთრებულ ინტერესს არ იჩენდა, - "სანამ ჩემი დაავადების დიაგნოზს დამისვამდნენ, ძალიან მოსაბეზრებელი ცხოვრება მქონდა. არაფერი ღირებული არ ჩანდა, რომ მეკეთებინა," - განაცხადა ერთხელ ჰოკინგმა.

მალე სტივენ ჰოკინგმა დოქტორის ხარისხი მიიღო, 30 წლის ასაკიდან კი მოძრაობის უნარი სრულად დაკარგა და სკამს მიეჯაჭვა. მას ჯერ კიდევ შეეძლო საკუთარი თავის გამოკვება და საწოლიდან ადგომა, თუმცა დამხმარე მაინც ესაჭიროებოდა. 1985 წლისთვის ხმაც დაკარგა და უკვე 24 საათიან მოვლასა და მეთვალყურეობას საჭიროებდა. ჰოკინგის მუშაობასაც საფრთხე შეექმნა, თუმცა კალიფორნიელმა პროგრამისტმა შექმნა მოლაპარაკე პროგრამა, რომელიც სათქმელს თვალებისა და თავის მოძრაობის მიხედვით გადმოსცემდა. ამ გამოგონებამ ჰოკინგს საშუალება მისცა, რომ სიტყვები კომპიუტერის ეკრანზე აერჩია და ამის მეშვეობით საკუთარი აზრი გამოეთქვა. როდესაც ჰოკინგმა აღნიშნული გამოგონებით სარგებლობა დაიწყო, მას თითების მოძრაობა ჯერ კიდევ შეეძლო, თუმცა მას შემდეგ, რაც ეს უნარიც დაკარგა, პროგრამა სათქმელს სენსორზე მიდებული ლოყის მეშვეობით გადმოსცემდა.

პროგრამის საშუალებით ჰოკინგმა არაერთი სამეცნიერო ნაშრომი შექმნა, ამავდროულად, ის პერიოდულად ინფორმაციას არასამეცნიერო საზოგადოებას აწვდიდა.
სტივენ ჰოკინგის შესახებ 2014 წელს ჯეიმს მარშმა ფილმი "ყველაფრის თეორია" გადაიღო (The Theory of Everything), რომელშიც ცოლთან ურთიერთობებზეცაა მოთხრობილი. 1963 წელს, როდესაც ჰოკინგს დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, ის ახალგაზრდა სტუდენტ გოგონას, ჯეინ უაილდს შეხვდა. ისინი 1965 წელს დაქორწინდნენ და ეყოლათ ვაჟი, რობერტი და ქალიშვილი ლუსი. 1979 წელს კი კიდევ ერთი შვილი, ტიმოთი გაუჩნდათ.

1990 წელს ჰოკინგს ცოლი მისი მომვლელის, ელეინ მეისონის გამო დაშორდა, რომელსაც მოგვიანებით ცოლად გაყვა.

წლების შემდეგ ჰოკინგი საკუთარ ოჯახს ისევ დაუახლოვდა და შვილთან, ლუსისთან ერთად სამეცნიერო ნაშრომიც შექმნა.

1974 წელს ჰოკინგის ნაშრომი, რომელშიც მეცნიერი ამტკიცებდა, რომ შავი ხვრელები ინფორმაციულ ვაკუუმს არ ქმნიან, ძალიან პოპულარული გახდა. როდესაც ჰოკინგის რადიაციის თეორია დაიბადა, ამან მთელ სამეცნიერო საზოგადოებაში აღფრთოვანება გამოიწვია. 32 წლის ასაკში ჰოკინგი „სამეფო საზოგადოების“ წევრად დასახელდა, მოგვიანებით კი ალბერტ აინშტაინის ჯილდო მიიღო.

2018 წლის მარტში, გარდაცვალებმდე Neil DeGrasse Tyson’s Star Stalk-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰოკინგმა განაცხადა, რომ Big Bang-ის (სამყაროს გაფართოება უკიდურესად მაღალი ტემპერატურისა და სიმკვრივის გამო) გარშემო არაფერი არ იყო. მან განმარტა, რომ ევკლიდური სისტემის კვანტურ გრავიტაციასთან მიახლოებით, რომელიც რეალურ დროს წარმოსახვითი დროით ანაცვლებს, სამყაროს ისტორია იქცევა ოთხ სივრცით მრუდე ზედაპირად, რომელსაც არ აქვს საზღვარი. მან გამოთქვა სურვილი ამ რეალობის ასახვა მომხდარიყო წარმოსახვითი დროით, რომელიც სამხრეთ პოლუსიდან იწყება, თუმცა, მისი თქმით, არავითარი სამხრეთი არ არსებობს და ასევე არაფერი არ არსებობდა დიდ აფეთქებამდეც.

როგორ გადავარჩინოთ ცივილიზაცია სტივენ ჰოკინგის მიხედვით

2007 წელს სივრცეში მოგზაურობასთან დაკავშირებით ჰოკინგმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ესტუმრა ფლორიდაში კენედის კოსმოსურ ცენტრს, სადაც საშუალება მიეცა, გამოეცადა გარემო, რომელშიც გრავიტაცია არ არსებობს. ასევე მას მიეცა საშუალება, მოდიფიცირებული ბოინგ 727-ის მეშვეობით გამოეცადა შეგრძნება, რომელსაც მასის არქონა იწვევს. სივრცეში თავისუფლად მოტივტივე ფიზიკოსის ფოტოები მაშინ მთელ მსოფლიოში გავრცელდა, - "კოსმოსო, მოვდივარ!" - განაცხადა მაშინ ჰოკინგმა.

2015 წელს ჰოკინგმა ლონდონში კონფერენციაზე ახალი პროექტი წარადგინა, რომელსაც Breakthrough listen ერქვა, რომელიც შექმნილი იყო იმისთვის, რომ სივრცის გარეშე ცხოვრებასთან დაკავშირებით მეტი სიახლე აღმოეჩინათ.

2017 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტმა ჰოკინგის 1965 წლის სადოქტორო თემა გამოაქვეყნა, რომელსაც "სამყაროს გაფართოების შესაძლებლობები" ჰქვია. გამოქვეყნების შემდეგ ნაშრომის მიმართ იმხელა ინტერესი გაჩნდა, რომ უნივერსიტეტის ვებგვერდის სერვერმა ვერ გაუძლო და ჩამოიშალა.

სტივენ ჰოკინგი ცნობილი იყო როგორც განსხვავებული იდეებით, ასევე არაორდინალური სურვილებით. მიუხედავად იმისა, რომ მას მოძრაობისა და მეტყველების უნარი შეზღუდული ჰქონდა, კოსმოსში მოგზაურობის სურვილი ჯერ კიდევ 2016 წელს გამოთქვა და სპეციალური კოსმოსური ხომალდის, Virgin Galactic-ით ფრენის ბილეთი დაჯავშნა.

ჰოკინგის გარშემო სკანდალებიც ხდებოდა.

რამდენიმე წლის წინ მან მიიღო მუქარის წერილი, რომელშიც ეწერა "შენს უკან ვდგავარ და შემიძლია მოგკლა".
უცხოური მედიის ინფორმაციით, ის არასასიამოვნო შეტყობინებებს სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წლების განმავლობაში იღებდა, თუმცა მუქარის წერილის ავტორი მალევე დააკავეს.

ბრიტანელმა მეცნიერმა დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საზოგადოებას თავი კიდევ ერთხელ შეახსენა და განაცხადა, რომ "ადამიანური რასის ისტორიაში ყველაზე საშიშ პერიოდში ვიმყოფებით".

სტივენ ჰოკინგმა Guardian-ში გამოქვეყნებულ ოპ-ედში ასევე აღნიშნა, რომ ახლა ადამიანები თავს "ლიდერებისგან მიტოვებულად" გრძნობენ:

"ყველა დამეთანხმება, რომ ექსპერტებისა და ელიტის აზრი გათვალისწინებული ამ პროცესებში არ იყო. ჩემთვის, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენმა რასამ ერთ გუნდად იმუშაოს".

მან ასევე დასძინა, რომ მსოფლიო რთული გამოწვევების წინაშე დგას, ესენია, კლიმატის ცვლილება, საკვების წარმოება, პოპულაციის ჭარბი რაოდენობა, სხვადასხვა რასის დისკრიმინაცია, ეპიდემიური დაავადებები და ოკეანეების ბირთვული ნივთიერებებით მოწამვლა.

"ეს ყველაფერი გვახსენებს, რომ კაცობრიობის განვითარებაში ყველაზე რთულ ეტაპზე ვიმყოფებით. შესაძლოა, მომავალში ადამიანებმა ვარსკვლავებზე გამგაზვრება შეძლონ, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთი პლანეტა გვაქვს, რომლის დაცვაც ყველაზე დიდ საჭიროებას წარმოადგენს," - წერს მეცნიერი.

ჰოკინგმა ყურადღება ასევე ხელოვნური ინტელექტის განვითარებასა და მის ტექნიკაში დანერგვასთან ერთად საშუალო კლასის სამსახურების გაუქმების შესახებ გაამახვილა. მისი თქმით, ეს საფრთხის შემცველია, - "არამხოლოდ სამსახურები, არამედ მთელი ინდუსტრიები უჩინარდება. ჩვენ მოსახლეობას უნდა დავეხმაროთ, რომ ახალი მსოფლიოსთვის მოემზადონ, მათ ფინანსური მხარდაჭერა უნდა გავუწიოთ".

მეცნიერმა გასულ წელს ცივილიზაციის გადარჩენის იდეებიც გააჟღერა. მეცნიერის თქმით, ადამიანი უკიდურესად აგრესიული სახეობაა და სწორედ ეს აგრესია დაეხმარა მას სახეობათა იერარქიაში იმ ადგილის მოპოვებაში, რომელსაც ახლა იკავებს.

სტივენ ჰოკინგის პროგნოზით, ადამიანს დედამიწაზე ცხოვრების დაახლოებით 1 000 წელი დარჩა

"ცივილიზაციის ჩასახვის მომენტიდან, აგრესია ძალიან სასარგებლო მახასიათებელი იყო, რადგან მას თვითგადარჩენისთვის განსაზღვრული უპირატესობა გააჩნდა"- განმარტა ჰოკინგმა. თუმცა ახლა, მეცნიერის თქმით, მსოფლიოს ბევრი ქვეყანა მასობრივი განადგურების არსენალითაა აღჭურვილი, ამის გამო, კაცობრიობა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. თანდაყოლილი ინსტინქტი ლოგიკის და ჯანსაღი აზრის დახმარებით უნდა ვაკონტროლოთ"-აღნიშნა მეცნიერმა.

სტივენ ჰოკინგი მიიჩნევს, რომ ცივილიზაციის გადარჩენის ერთ-ერთი გზა მსოფლიო მმართველობაშია, რომელსაც შეუძლია კაცობრიობა განადგურებისგან დაიცვას.

კაცობრიობის გაქრობის სამი ვერსია სტივენ ჰოკინგის მიხედვით

ჰოკინგმა ასევე განმარტა, რომ საუბარი პანაცეას არ ეხება, რადგან მსოფლიო მმართველობის პირობებშიც კი, დედამიწის მოსახლეობა, დიქტატურისგან დაზღვეული არ არის.

დაახლოებით 2 წლის წინ მეცნიერი Jaguar-ის სარეკლამო რგოლშიც გამოჩნდა, რამაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

მსოფლიოს ერთ-ერთი უჭკვიანესი მეცნიერი და საზოგადოებისთვის საინტერესო ფიგურა, სტივენ ჰოკინგი სამეცნიერო საქმიანობას სიცოცხლის ბოლოს თვეებშიც არ წყვეტდა.

myquiz