როდემდე გაგრძელდება მეტროს მემანქანეების გაფიცვა, უცნობია | Allnews.Ge

როდემდე გაგრძელდება მეტროს მემანქანეების გაფიცვა, უცნობია

როდემდე გაგრძელდება მეტროს მემანქანეების გაფიცვა, უცნობია. როგორც გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, ისინი მანამ გააგრძელებენ პროტესტს, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მეტროს მემანქანეებს დღეს საკრებულოს უმრავლესობის წევრი ოთარ გრიგოლია და პარლამენტის უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გაფიცული თანამშრომლები მზად არიან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. თუმცა, გაიმართება თუ არა მათი შეხვედრა თბილისის მერიასთან და როდის, უცნობია.

როგორც Allnews.ge-ს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, მემანქანეებთან მოლაპარაკებები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს და მერიის პოზიცია უცვლელი რჩება.

რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, თუ მემანქანეები გაფიცვას გააგრძელებენ, მოსახლეობას მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება.

რამდენია მეტროს მემანქანეების ხელფასი? - თბილისის სატრანსპორტო კომპანია მათთან დადებულ ხელშეკრულებას აქვეყნებს

ცოტა ხნის წინ გაფიცულებს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე.

კოჟორიძე ადგილზე მოშიმშილეთა მოთხოვნის შემდეგ მივიდა, მათ მოთხოვნებს გაეცნო. კოჟორიძის თქმით, მეტროპილიტენის მემანქანეთა ხელფასების მომატების მოთხოვნის პრობლემა 2014 წლიდან დგას, ამდენად, არ უნდა დადგეს საკითხი, რომ „უცებ ვიღაცამ შანტაჟი გადაწყვიტა".

"მოლაპარაკებას ამ პროცესში არ აქვს ალტერნატივა და აუცილებლად მიმაჩნია გაგრძელდეს მოლაპარაკებები, იყოს ორივე მხრიდან ისეთი პოზიციები, რომელიც დღეს არსებულ ამ პრობლემას მოაგვარებს და ორივე მხარის პოზიციებს ერთმანეთთან დაახლოვებს. ზოგადად, ის რომ ეს ადამიანები უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებენ, ამაზე საუბარი არ არის და სახელფასო პოლიტიკა რომ სამართლიანი უნდა იყოს, ვფიქრობ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მემანქანეებმა დღევანდელ შეხვედრაზე იმასაც გაუსვეს ხაზი, რომ ხელფასის მომატების მოთხოვნა, არა 5 თვის წინ, არამედ 2014 წლიდან გრძელდება და გრძელვადიანი პროცესია. ასე არ უნდა დადგეს საკითხი, რომ უცებ ვიღაცამ სანტაჟი გადაწყვიტა, ეს არ იქნება სამართლიანი შეფასება ამ პროცესისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი 2014 წლიდან დაიწყო. მათ ხაზი გაუსვეს რომ 2016 წელს შედგა შეფასება, სადაც განისაზღვრა, რომ 2017 წელს მოხდებოდა ამ შეთანხმების გადახედვა ხელფასების გაზრდის კუთხით, თუმცა ეს შეფასება დღემდე არ განხორციელებულა და ამ ადამიანების პროტესტიც აქედან მომდინარეობს. ვფიქრობ, ამ რამდენიმე წლიანი პროცესის გათვალისიწინებით, აუცილებელია განსაკუთრებით მეორე მხარის მხრიდან, გადმოდგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ამ მწვავე სიტუაციას დიალოგისკენ და საბოლოო შეთანხმებისკენ წაიყვანს“, – განაცხადა კოჟორიძემ.

უკვე მეორე დღეა, მეტროპილიტენის 240 მემანქანე გაფიცულია, დღეს, დილის 6 საათიდან თბილისის მეტროც გათიშულია. მეტროპილიტენის თანამშრომლების განცხადებით, მსგავსი მოვლენა მეტროს ისტორიაში არ ყოფილა.

myquiz