მეტროს გაფიცული თანამშრომლები მზად არიან, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ - შეხვედრის შედეგები | Allnews.Ge

მეტროს გაფიცული თანამშრომლები მზად არიან, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ - შეხვედრის შედეგები

პარლამენტის უმრავლესობის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, მეტროპოლიტენის გაფიცული თანამშრომლები მზად არიან, თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და მთავარ მოთხოვნაზე - ხელფასების გაზრდის თაობაზე ისაუბრონ, - ამის შესახებ ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს მეტროპოლიტენის თანამშრომლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

შეხვედრა მეტროპოლიტენის თანამშრომლებს, საკრებულოს უმრავლესობის წევრ ოთარ გრიგოლიასა და პარლამენტის უმრავლესობის წევრ ბექა ნაცვლიშვილს შორის გაიმართა.

"მთავარი არის ის, რომ მოლაპარაკების სივრცე არსებობს. ეს ადამიანები არიან მზად მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. მგონია, რომ მაინც დარჩა მოლაპარაკების სივრცე. იმედი მაქვს, ამას გაიგებს სატრანსპორტო კომპანია და მოლაპარაკების გაგრძელების თაობაზე თვითონაც გადმოდგამს შემხვედრ ნაბიჯს", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა ასევე "ერთობა 2013"ის წევრმა რატი კაპანაძემ. მოლაპარაკების თაობაზე მან მზაობა გამოთქვა.

"მეორე დღეა, მიმდინარეობს შიმშილობა. თითოეული ჩვენგანი გადავიღალეთ, მაგრამ გვინდა, რომ გითხრათ, ვიბრძვით ღირსეული ანაზღაურებისათვის. ვრჩებით ჩვენი მოთხოვნის ირგვლივ", - განაცხადა კაპანაძემ.

myquiz