თბილისის ქუჩების ჩამონათვალი, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება | Allnews.Ge

თბილისის ქუჩების ჩამონათვალი, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება

მიმდინარე სეზონზე თბილისში რამდენიმე გზისა და ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, ზოგიერთის გამო კი ავტომობილების გადაადგილებაც შეზღუდება.

კერძოდ, საბურთალოს რაიონში, რამდენიმე დღის წინ ასათიანისა და ზაქარიაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რომლის გამოც მონაკვეთზე მოძრაობა უკვე შეიზღუდა.

გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვა ვაკის რაიონშიც იგეგმება. კერძოდ, წყნეთის ქუჩაზე სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება და 1 აგვისტომდე დასრულდება, ამ პერიოდამდე კი გზაზე მოძრაობა შეიზღუდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 აგვისტომდე ჩატარდება ვაკეში ლია ელიავას ქუჩაზეც, სადაც გზა ნაწილობრივ უკვე გადაიკეტა.

მოძრაობა სარეაბილიტაციო სამუშოების გამო წყნეთში მდებარე გრიშაშვილის, ჩოლოყაშვილის, სოხუმისა და მწვანე ქუჩებზეც უკვე შეიზღუდა.

რაც შეეხება მთაწმინდის რაიონს, ოქროყანაში, ციურიხის ქუჩაზე დაგეგმილია დაზიანებული საავტომობილო გზის მოწყობა (2 800 კვ.მ-ის მქონე მონაკვეთი), რომელიც სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას დროებით შეზღუდავს. პროექტის განხორციელება წლის ბოლომდე იგეგმება. გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ამჟამად, წავკისსა და კოჯორშიც მიმდინარეობს.

ზემოჩამოთვლილი რაიონების გარდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ისანშიც იგეგმება, უახლოეს მომავალში მოძრაობა წინანდლის ქუჩაზე ნაწილობრივ გადაიკეტება. გზის საფარის აღდგენა ამავე რაიონში, ნაქერალას ქუჩაზე უკვე დაწყებულია.

მოძრაობის ნაწილობრივ შეზღუდვა და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აეროპორტის ხიდებიდან ლოჭინის ხიდამდეც იგეგმება, თუმცა თბილისის მერიაში სამუშაოების კონკრეტული ვადები ჯერჯერობით არ დაუდგენიათ.

ინსტრასტრუქტურული სამუშაოების გამო გზებზე შეზღუდვები დიდუბე-ჩუღურეთში არ დაწესდება. რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე ასფალტის დაგება ეტაპობრივად განხორციელდება, გარდა ამისა, მიმდინარე სეზონზე ინტრასტრუქტურის მოწესრიგება ყირიმის, მიჩურინისა და თამარაშენის ქუჩებზეც იგეგმება. რაც შეეხება მიმდინარე სამუშაოებს, თეკლათისა და ხონის ქუჩებზე ასფალტის საფარის დაგება უკვე მიმდინარეობს.

რაც შეეხება დიდუბის რაიონს, აქ ძირითადად, შიდა ეზოების მოწესრიგება და ფოთის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება, რაც შეფერხებას არ გამოიწვევს. გარდა ამისა, წერეთლის გამზირსა (55 ნომერში) და ხოშარაულის ქუჩაზე გზის საფარის რეაბილიტაცია უკვე მიმდინარეობს, რომელიც 10 ივლისს დასრულდება, თუმცა აღნიშნული პროცესი ავტომობილების გადაადგილებას არ აფერხებს.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურსა და გამგეობებში აცხადებენ, რომ ისინი ცდილობენ სარეაბილიტაციო სამუშაოებმა ქალაქის მცხოვრებლებს დისკომფორტი არ შეუქმნან.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz