რამდენად გამართლებულია ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა? | Allnews.Ge

რამდენად გამართლებულია ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა?

ინტერვიუ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორ ვახტანგ ჭარაიასთან.

- რამდენად მიზანშეწინილად მიგაჩნიათ ჰიდროენერგეტიკის განვითარება საქართველოში მოსახლეობის პროტესტის ფონზე?

-საქართველო ენერგოდეფიციტური ქვეყანაა და ეს არა მხოლოდ ელექტროენერგიას ეხება, არამედ ბუნებრივ აირსაც, ნავთობპროდუქტებსაც. იქ, სადაც არსებობს ბუნებრივი შეზღუდვა, რა თქმა უნდა, საქართველომ უნდა შეიძინოს იმპორტირებული რესურსი, თუმცა გასაკვირია, რატომ ვცდილობთ, არ გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რომელიც ისედაც თითზე ჩამოსათვლელი გვაქვს, მათ შორის - ჰიდროპოტენციალი. თუ სუპერმდიდარ ნორვეგიაში წარმოებული ელექტროენერგიის 90%-ზე მეტი ჰიდრორესურსზე მოდის, რატომ უნდა იყოს საქართველო დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე, რომლებიც, სხვათა შორის, ენერგიას ასევე ჰიდრორესურსით მოიპოვებენ? ზედმეტი ფული გვაქვს, რომელიც მეზობლებს აკლიათ, თუ რაშია საქმე?!

- ვისაუბროთ კონკრეტულ პროექტზე - ნამახვანჰესზე. რამდენად მიზანშეწონილია, თქვენი აზრით, მისი მშენებლობა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს 15 წლის განმავალობაში მოუწევს ელექტროენერგიის შეძენა გარანტირებული ტარიფით, რომელიც იმპორტის ფასს აღემატება?

ფინანსურ განზომილებაში ნამახვანი საინტერესო პროექტია, სხვა მიმართულებით კი, სამწუხაროდ, ვერაფერს დავამატებ, რადგან კომპეტენტური არ გახლავართ. თუმცა არასწორად მიმაჩნია პოზიცია «ჰესები გვანგრევენ და მათი მშენებლობა დაუშვებელია, რადგან ეს შეიძლება, საფრთხეს შეიცავდეს». ეს რომ ასე იყოს, შვეიცარიაში არ აშენდებოდა 700 ჰესი, რომლის 90%-ზე მეტი 10 და მეტი მეგავატის სიმძლავრისაა, მათ შორის - ათეულობით გიგანტური ჰესი, რომლის დარი საქართველოში მხოლოდ 1 გვაქვს - ენგურჰესი. სეისმურად აქტიური მდებარეობა გვაქვსო, - მესმის ხშირად... მოდით, იაპონიას შევხედოთ, რომლის სეისმურ აქტივიბასთან ახლოსაც კი არ ვართ, საბედნიეროდ და სადაც დღესაც კი აშენებენ მაღალკაშხლიან ჰესებს. მოდით, შევთანხმდეთ, რომ იაპონელებზე და შვეიცარიელებზე მეტად არ შეგვტკივა გული ჩვენს ქვეყანაზე და მის გარემოზე. თუ ვიხელმძღვანელებთ პოზიციით «არაფერი აკეთო და შეცდომაც არ მოგივა», არაფერი გამოვა. თუ გასაუმჯობესებელია ჰესის პარამეტრი, იდავონ შესაბამისმა პირებმა ამ კონკრეტულ საკითხებზე, მაგრამ ყველაფერს გარემოს ნუ გადააყოლებენ, თანაც ეკონომიკური გათვლების არასწორად მოშველიებით.

რაც შეეხება 15 წელს და ტარიფს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს მხოლოდ ნაწილობრივაა სიმართლე. 3-4 ცენტი, რომელზეც ოპონენტებს აქვთ საუბარი, არის მინიმალური ფასი, რომლითაც საქართველო ენერგიას მეზობლებისგან ყიდულობს, ისიც - ღამის საათებში. ნამახვანი კი პიკური გენერაციის ჰესია, რომლის ჩანაცვლება ჩვენ 7-8-9 ცენტი გვიჯდება, ეს კი ნამდვილად მნიშვნელოვნად მეტია ნამხვანის 6.2 ცენტზე. ხოლო თუ მოხმარების მზარდ დინამიკას გავითვალისწინებთ, ნამახვანის ენერგია არათუ ჭარბი იქნება, არამედ მზარდ მოხმარებასაც კი ვერ დააკმაყოფილებს.

არაეკონომისტები ხშირად ხელმძღვანელობენ იმ ლოგიკით, რომ «იმპორტირებული იაფია და რატომ უნდა ვაწარმოოთ?». წესით, ქვეყანაში, სადაც დასაქმებულებიც კი თავს დაუსაქმებლად თვლიან, გვყავს სოციალურად დაუცველების არმია და 50 ათასი ადამიანი რეგისტრირდება საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაობზე, სამუშაო ადგილების მნიშვნელობა ყველას კარგად უნდა ესმოდეს, თუმცა პროპაგანდა თავისას ცდილობს. ენერგოუსაფრთხოებასთან ერთად, 800 მილიონიანი ინვესტიცია – ეს არა მხოლოდ 1600 ქართველის მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმება, არამედ ბიუჯეტში გაზრდილი გადასახადებიცაა, რომლითაც იზრდება პენსია, უმჯობესდება ინფრასტრუქტურა და ა.შ. თუ ოპონენტებს დავუჯერებთ, გამოდის, არც ღვინო უნდა ვაწარმოოთ, რადგანაც ჩილედან ან ავსტრალიიდან უფრო იაფად შეგვიძლია მისი შემოტანა; მეცხოველეობას უნდა დავანებოთ თავი, რადგანაც პოლონეთიდან ან ბრაზილიიდან შემოიტან ხორცს ნახევარ ფასში; აღარაფერს ვიტყვი ჩინეთზე.გამოდის, ყველაფერი იმპორტზე უნდა შემოვიტანოთ იაფად?!

განაგრძეთ კითხვა

myquiz