აცრები, რომლებიც ბავშვებს აუცილებლად უნდა გავუკეთოთ - ვაქცინაციის მნიშვნელობაზე პედიატრი ნინო გოდერძიშვილი საუბრობს | Allnews.Ge

აცრები, რომლებიც ბავშვებს აუცილებლად უნდა გავუკეთოთ - ვაქცინაციის მნიშვნელობაზე პედიატრი ნინო გოდერძიშვილი საუბრობს

უნდა ჩავიტაროთ თუ არა ვაქცინაცია? - ეს საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი ვაქცინა შემოიტანეს. ასევე, წლებია, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ვაქცინაციას, შეიძლება, უარყოფითი გვერდითი ეფექტი ჰქონდეს.

შეესაბამება თუ არა აღნიშნული მოსაზრება სიმართლეს და რომელი აცრები უნდა ჩავუტაროთ ბავშვებს, ამის შესახებ Allnews.ge პედიატრ ნინო გოდერძიშვილს ესაუბრა.

როგორც მედიკოსი განმარტავს, უკვე 4 საუკუნეა, იმუნიზაცია მსოფლიოს მოსახლეობას სხვადსხვა მომაკვდინებელი ეპიდემიისგან იცავს, ამიტომ მისი ჩატარება ხშირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ნინო გოდერძიშვილის თქმით, მშობლებმა ბავშვებისთვის სავალდებულო აცრების ჩატარებაზე უარი არ უნდა თქვან, რადგან მათი შიში უსაფუძვლოა, რადგან ჩვენს ქვეყანაში არცერთი დადასტურებული ფაქტი არ არსებობს, რომ აცრამ რაიმე უკუჩვენება გამოიწვია.

"იმუნიზაციის გარეშე უბრალოდ ბავშვთა ასაკში სიკვდილიანობა და ავადობა ალბათ 50%-ით უფრო მეტი იქნება. ჩემი აზრით, საქართველოს მოსახლეობის ნაწილში ვაქცინაციის მიმართ უნდობლობა ინფორმაციის ნაკლებობას უნდა დავუკავშიროთ, რადგან ვისაც აინტერესებს, თუ რას ნიშნავს ვაქცინა ამის შესახებ როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, ისე მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისგან ან სხვა კომპეტენტური საშუალებებით შეიტყობენ და აცრაზე უარს არ იტყვიან.

ხშირად, მშობლები მოდიან და გვთხოვენ ბავშვის იმუნიტეტის გამაძლიერებელ საშუალებებს, ჩვენ კი ვეუბნებით, რომ იმუნიტეტს აძლიერებს ორი რამ, ვაქცინაცია და გაკაჟება და ეს ყველამ უნდა გავიგოთ", - განმარტავს ექიმი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულია იმუნიზაციის ეროვნული კალენდარი, რომელიც მშობლებს უჩვენებს, რომელი სავალდებულო აცრები უნდა გაუკეთონ მცირეწლოვან ბავშვებს.

პედიატრის შეფასებით, ვაქცინაციის კალენდარი, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვთავაზობს, თითქმის ევროპული სტანდარტის შესაბამისია.

რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს ამჟამად საქართველოში

"ყველა ვაქცინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში B ჰეპატიტის შემთხვევები ძალიან გახშირდა და კატასტროფული მაჩვენებელი გვაქვს, ამიტომ გადაწყყდა, რომ B ჰეპატიტზე ბავშვის გაჩენის მეორე დღიდან გაკეთდეს აცრა. ეს მოსახლეობაში B ჰეპატიტის გავრცელებას თავიდან აგვაცილებს. B ჰეპატიტზე აცრა სამჯერადად კეთდება, იწყება სამშობიაროდან, კეთდება შემდეგ 2 თვის ასაკში, კომბინირებულ ვაქცინასთან ერთად და 3 და 4 თვის ასაკში. B ჰეპატიტი საშიში დაავადებაა, რომელიც ღვიძლის უკმარისობას იწვევს, დაავადებულთა 80%-ში ძალიან ცუდი გვერდითი ეფექტები აქვს.

შემდეგ აუცილებლად უნდა ჩატარდეს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრა. დიდი მნიშვნელობა აქვს რომ ეს აცრა ბავშვს 5 დღემდე ასაკში გავუკეთოთ, რადგან როდესაც ახალშობილი ჩვენს გარემოში შემოდის, სადაც შეიძლება ტუბერკულოზის გამომწვევი უამრავი ჩხირი დაფრინავდეს და ეს დაავადება მარტივად შეხვდეს, ამიტომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში ეს აცრა არ კეთდება, რადგან ტუბერკულოზის საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი" - განმარტავს მედიკოსი.

ნინო გოდერძიშვილის თქმით, ასევე აუცილებელია, 2 თვის ასაკში ბავშვს დიფტერია-ტეტანუსის აცრა გავუკეთოთ. დიფტერია საკმაოდ სერიოზული დაავადებაა. მისივე განმარტებით, აუცილებელია, ბავშვს ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრა ჩაუტარდეს, რადგან ეს დაავადება, ხშირ შემთხვევაში ლეტალური შედეგით სრულდება.

"ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრა არანაირ უკუჩვენებას არ იწვევს. ტეტანუსი არის დაავადება, რომელიც თუ ადამიანს შეხვდა, მათ 98%-ში ლეტალური შედეგით მთავრდება. ის რქოსანი ცხოველის განავლიდან ვრცელდება, მოეფინება მინდვრებს, გზისპირა აგარაკების სკვერებს, პარკებს, ტეტანუსის გამომწვევი ჩხირით ინფიცირებულია ნიადაგები, ამიტომ თუ ბავშვმა ან მოზრდილმა ადამიანმა მიიღო ჭრილობა, ეს ნაჭრილობევი დაინფიცირდა, ეს სერიოზულ გართულებებს იწვევს", - აღნიშნავს ექიმი.

პედიატრის განმარტებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია წითელა-წითურა-ყბაყურის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება, რადგან ჩვენს ქვეყანაში მისი უგულებელყოფის მძიმე გამოცდილება არსებობს.

ამ ეტაპზე ქვეყანაში მენინგოკოკური ვაქცინა ხელმისაწვდომი არ არის

"რამდენიმე წლის წინ, როდესაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა წითელა-წითურა-ყბაყურის ვაქცინა შემოიტანა, საზოგადოებრის ნაწილში მაშინაც შეიქმნა განწყობა, რომ მისი ჩატარება აუტიზმს იწვევს. ჯერ ერთი აუტიზმის გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის, ეს მაშინ უნდა ვთქვათ, როცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კვლევას დადებს და იქ დადასტურებით იქნება ნათქვამი, რომ კონკრეტული რამ ამ დაავადებას იწვევს. ეს იყო ძალიან აბსურდული მოსაზრება, რომ ამ ვაქცინაში არსებული ერთ-ერთი კონსერვანტი, რომელიც ძალიან მცირე დოზითაა, შეიძლება, აუტიზმის გამომწვევი იყოს. შედეგად წითურა-წითელა-ყბაყურის ვაქცინაცია ჩავარდა, რამაც საქართველოში წითელას ძალიან დიდი რაოდენობით შემთხვევები გამოიწვია და მოსახლეობა დაზარალდა, წითელა კი გართულებებს ნამდვილად იწვევს", - განმარტავს ნინო გოდერძიშვილი.

გარდა ჩამოთვლილი ვაქცინებისა, ექიმის შეფასებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიომიელიტის ორალური ვაქცინა.

"პოლიომიელიტი არის ძალიან რთული დაავადება, რომელიც ძვლის სტრუქტურის შეცვლას იწვევს, საყრდენ მამოძრავებელ სისტემას ანადგურებს და წარმოიდგინეთ ძირითად შემთხვევებში არანაირი თანამედროვე სამედიცინო მიღწევა ამის სრულყოფილად მოგვარებას ვერ ახერხებს. ევროპაში პოლიომიელიტის ელიმინაცია რომ მოხდა, ამისთვის ექიმების ერთმა ჯგუფმა ნობელის პრემია დაიმსახურა, იმდენად მნიშვნელოვანი იყო. მართალია ვიღაც იტყვის, რომ საქართველოში პოლიომიელიტის შემთხვევა 1964 წლიდან არ დაფიქსირებულა, მაგრამ 5 წლის წინ ველური პოლიომიელიტის შემთხვევაზე ეჭვი იყო, რომელიც სავარაუდოდ, აზიიდან შემოვიდა და ამიტომ ამ რისკის მქონე ქვეყანა ვართ, ჩვენთან ხომ არ კონტროლდება შემომსვლელი, გამსვლელი, ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამიტომ ამ აცრის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია.

პოლიომიელიტით დაავადებული ადამიანი ძალაინ რთულ პერიოდს გადის, იმიტომ რომ ძვალსახსროვანი სისტემა, ფაქტობრივად განადგურებულია," - დასძენს ექიმი.

როგორ მოვიქცეთ, თუ სავალდებულო ვაქცინების თარიღებს გადავაცილეთ?

ნინო გოდერძიშვილის თქმით, არსებობს დარღვეული იმუნიზაციის კალენდარი, რომელსაც ბავშვის ასაკის მიხედვით ინდივიდუალურად, მისი მკურნალი ექიმი ადგენს. ერთდაერთი შეზღუდვა 6 თვემდე არის როტავირუსულ აცრაზე. ასევე, 2 წლამდე აუცილებლად უნდა ჩატარდეს პნევმოკოკური ინფექციის წინააღმდეგ აცრა. დანარჩენი უკვე ბავშვის ასაკის მიხედვით ინდივიდუალურად დგება, ვაქცინაციის ჩატარება დაგვიანებული არასდროს არ არის, ამიტომ მშობლებმა მასზე უარი არ უნდა თქვან," - გვირჩევს პედიატრი.

ექიმის თქმით, რეკომენდებულია, თუ გრიპის სეზონური ვაქცინასაც ჩავიტარებთ, რადგან თუ აცრის გარეშე ვირუსი შეიძლება 7 დღის განმავლობაში ცხელებით გაგრძელდეს, ვაქცინაციის შემთხვევაში 3 დღეში შედარებით მარტივად დასრულდება.

myquiz