გადამეტებულ მუშაობას სიკვდილის გამოწვევა შეუძლია | Allnews.Ge

გადამეტებულ მუშაობას სიკვდილის გამოწვევა შეუძლია

31 წლის მივა სადო იაპონიის საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობდა და საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებს აშუქებდა. დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, მან 1 თვის განმავლობაში კონტრაქტით გათვალისწინებულ სამუშაო საათების რაოდენობას 159 საათით გადააჭარბა. არჩევნების ჩატარებიდან სამ დღეში კი გულის უკმარისობით საკუთარ სახლში გარდაიცვალა. იაპონიაში აღნიშნული შემთხვევა 2013 წელს მოხდა. ფაქტი, რომ მივა სადო გადამეტებული მუშაობის გამო გარდაიცვალა, იაპონიის შრომის სამინისტრომ დაადგინა და 31 წლის ჟურნალისტის დამსაქმებელმა ორგანიზაციამაც აღიარა.

დადგენილია, რომ სტრესის მაღალი დონე გულს უფრო აქტიურად მუშაობას აიძულებს, ვიდრე ის ჩვეულებრივ პირობებში მუშაობს, რაც ძალიან იშვიათ გარემოებებში, შესაძლოა, ფატალურად დასრულდეს. Allnews.ge შეეცდება აგიხსნათ პოტენციურად როგორ შეუძლია გადამეტებულ მუშაობას სიკვდილის გამოწვევა.

"სტრესი ყველა ადამიანზე სხვადასხვანაირად აისახება. თუმცა ემოციური სტრესის ორი სახეობა გავლენას გულზე ახდენს", - განმარტავს სტენფორდის კარდიოვასკულარული ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი, ექიმი ალან იუნგი. მწვავე სტრესი, როგორც წესი, თავს მოულოდნელად მძიმე შემთხვევის გადატანის შემდეგ იჩენს, ისეთის, როგორიც ავტოავარია ან მიწისძვრაა. ქრონიკული სტრესი კი დროთა განმავლობაში ვითარდება. იუნგის თქმით, საკვების არასაკმარისი მიღება და ფიზიკურ ვარჯიშზე უარის თქმა ასევე უკავშირდება ქრონიკულ სტრესს, რომელიც ხანგრძლივი სამუშაო დღეებით არის გამოწვეული.

არასწორი ქცევების ამ გრძელმა ჯაჭვმა შეიძლება, არტერიული წნევის ან ქოლესტეროლის მატება გამოიწვიოს. მედიკოსის განმარტებით, როდესაც ადამიანი ამ ორიდან სტრესის რომელიმე სახეობას აწყდება, ეს პირდაპირ აისახება მის ჯანმრთელობაზე, რადგან გულის მუშაობა აქტიურდება და არტერიული წნევა იმატებს. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ორივე სახის სტრესის წინაშე აღმოჩნდება, გულის შეტევის რისკის წინაშე დგება, ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებს ეხებათ, რომლებსაც გულთან დაკავშირებული პრობლემები და გულის დაავადებები იქამდეც აწუხებდათ. ამერიკის გულის ასოციაციის განმარტებით, გულის უკმარისობის შემთხვევები მაშინ ფიქსირდება, როდესაც გული საკმარისი რაოდენობის სისხლს ვერ გადატუმბავს, რათა ორგანიზმის უჯრედები ჟანგბადით მდიდარი სისხლით მოამარაგოს.

აღსანიშნავია, რომ გულის უკმარისობა შეიძლება ნებისმიერ ადამიანს განუვითარდეს, თუმცა, ამის ალბათობა ასაკთან ერთად იზრდება.

შესაძლებელია თუ არა გადამეტებული მუშაობისგან სიკვდილი?

შესაძლებელია, თუმცა მსგავსი შემთხვევები უკიდურესად იშვიათად ფიქსირდება.

იუნგის თქმით, სტრესისგან გამოწვეული გულის უკმარისობა ფატალური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთმანეთს რამდენიმე მძიმე ფაქტორი დაემთხვევა, მათ შორის, ხანგრძლივი სტრესული პერიოდი, უცაბედი სტრესის გამოწვევი შემთხვევა და გულთან დაკავშირებული პრობლემები.

პრევენციის მიზით ადამიანებმა, რომლებსაც გულთან დაკავშირებული პრობლემების სიმპტომები გამოუმჟღავნდებათ, დაუყოვნებლივ ექიმს უნდა მიაკითხონ და მედიკამენტოზური მკურნალობა დაიწყონ. გარდა ამისა, მრავალი ხერხი არსებობს, რომელიც სტრესთან გამკლავებაში დაგვეხმარება იქამდე, სანამ ის ჩვენთვის გადაუჭრელი პრობლემა გახდება. გავრცელებულ მეთოდებს შორის ფიზიკური ვარჯიში, ჯანსაღი კვება, მოწევისთვის თავის დანებება და მშობლებისა და მეგობრებისგან დახმარების მიღებაა.

მომზადებულია TIME-ის მიხედვით

myquiz