რა დაავადებები იჩენს თავს შემოდგომაზე და როგორ უნდა გაუმკლავდეთ მათ - ექიმის რჩევები | Allnews.Ge

რა დაავადებები იჩენს თავს შემოდგომაზე და როგორ უნდა გაუმკლავდეთ მათ - ექიმის რჩევები

ყველა სეზონი სხვადასხვა დაავადების გამწვავებით გამოირჩევა. ვინაიდან საკურორტო სეზონი პრაქტიკულად დასრულდა და ადრეული შემოდგომაა, ალბათ, ბევრი ჩვენგანი ვერც კი წარმოიდგენს, ზაფხულმა რა პრობლემები შეიძლება დაუტოვოს ადამიანებს, თუკი დაუდევრად მოეპყრობიან საკუთარ ჯანმრთელობას და არ დაიცავენ თუნდაც (სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ) ელემენტარულ სანიტარულ და ჰიგიენურ ნორმებს.

რა დაავადებებია წინა პლანზე წამოწეული ამ ეტაპზე და როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი მის დასამარცხებლად - გვესაუბრება "ოჯახის მკურნალის" რედაქტორი, ექიმი თამარ მამაცაშვილი:

- მიიწურა ზაფხული და სასიამოვნო შთაბეჭდილებებთან ერთად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ზოგიერთი პრობლემაც დაგვიტოვა. ადრეულ შემოდგომაზე თავს იჩენს ხოლმე ის დაავადებები, რომელთაც საფუძველი ზაფხულის პერიოდში ჩაეყარათ. მაგალითად, საზღვაო სეზონის შემდეგ ჰიგიენის წესების დაუცველობის შედეგად, ვითარდება კანისა და ლორწოვანი გარსების სოკოვანი დაავადებები, ხშირდება პარაზიტული დაავადებები (ჭიებით ინვაზია, მწერის ნაკბენით გამოწვეული პათოლოგიები, დატილიანება), ინფექციური პათოლოგიები (მაგალითად, ბოტკინის დაავადება, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები).

- გამოდის, საკურორტო სეზონის შემდგომ პერიოდს თავისი პრობლემები ახლავს. კერძოდ, რა დაავადებები იწევს წინა პლანზე და როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან?

- დიახ, ასეა, მზის სხივების ზემოქმედება კანის არაერთი პათოლოგიის გამწვავებას იწვევს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ე.წ. პიოდერმიები - კანის ჩირქოვანი დაავადებები, აკნე, დერმატიტები და სოკოვანი დაავადებები. ნესტიან და თბილ გარემოში კანისა და ლორწოვანის სოკოვანი ინფექციების გამომწვევი სოკოები შესანიშნავად გრძნობენ თავს და ადვილად ასნებოვნებენ ადამიანს, რომელსაც დაქვეითებული იმუნიტეტი აქვს და ამასთან, არ იცავს ჰიგიენის ელემენტარულ წესებს. ეს ყველაფერი კი მწვავე დაავადებების სახით უკვე ადრეულ შემოდგომაზე ვლინდება...

თუ კანზე ან ლორწოვანზე უჩვეულო გმონაყარი ან პიგმენტაცია შენიშნეთ, მით უმეტეს, თუ მას თან ახლავს ქავილი, წვა და სხვა შეგრძნებები, დროულად მიმართეთ დერმატოლოგს...

- ზაფხულში არაერთი მწერია გააქტიურებული და მათი ნაკბენებიც სირთულეებს უქმნის ადამიანს... როგორ უნდა დავიცვათ ამისგან თავი? ან გართულების შემთხვევაში, როგორ მოვუაროთ დაზიანებულ ადგილებს?

- ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ, მანამდე, რაკი პარაზიტული დაავადებები უკვე ვახსენეთ, წარმოიდგინეთ, რომ დღეს ისევ აქტუალურია მუნი, რომელსაც ტკიპა იწვევს. ამ დაავადების მთავარი სიმპტომია ქავილი, რომელიც ღამღამობით ძლიერდება, ვინაიდან ტკიპები ამ დროს აქტიურდებიან. აგრეთვე ისევ გავრცელებული პრობლემაა დატილიანება, რომლის წინააღმდეგ დღეს საკმაოდ ეფექტური საშუალებებია შექმნილი, თუმცა მაინც დიდ ნებისყოფას მოითხოვს მშობლისგანაც და ბავშვისგანაც.

მწერებზე საუბრისას უნდა ითქვას ტკიპების ნაკბენით გამოწვეული ბორელიოზის შესახებ, რომლის შემთხვევებიც საქართველოში ბოლო დროს გახშირდა, თბილისის მიდამოებშიც კი და ამან მოსახლეობაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. პარაზიტოლოგიის ცენტრში საკმაოდ მაღალი მიმართვიანობა იყო ტკიპის ნაკბენის გამო.

თუ ისეთ რეგიონში ისვენებდით, სადაც კოღოს ნაკბენი ჩვეულებრივი მოვლენაა, გარკვეული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. კოღო ანოფელესის მიერ გადატანილი მალარიის შემთხვევები ჯერ ისევ გვხვდება ჩვენში (თუმცა 2013 წლიდან ძირითადად შემოტანილი დაავადების შემთხვევებია რეგისტრირებული) და ეს დაავადება კოღოს კბენიდან 15-30 დღის შემდეგ იწყებს კლინიკურ გამოვლინებას.

თუ მოულოდნელად დაგეწყოთ შემცივნება და ტემპერატურა მაღალ ციფრებს მიაღწევს, ყოველი შემთხვევისთვის პარაზიტოლოგთან ვიზიტი არ გაწყენდათ.

იხილეთ ვრცლად

myquiz