რა ჯდება სამსახურში კვება და როგორ დავზოგოთ ფული? | Allnews.Ge

რა ჯდება სამსახურში კვება და როგორ დავზოგოთ ფული?

დასაქმებულთა უმრავლესობა სამსახურში უფრო მეტ დროს ატარებს ვიდრე სახლში, სამსახურში კვება კი უფრო მეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ვიდრე შინ სადილობა. ამ ხარჯის შემცირება როგორც წესი, რთულია, ვინაიდან გარეთ ჭამა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. იმისათვის, რომ გაგვერკვია თუ რა უჯდებათ საქართველოში დასაქმებულებს გარეთ კვება, რამდენიმე ადამიანს გავესაუბრეთ. როგორც აღმოვაჩინეთ, ყველა მათგანი ლანჩში თითქმის ერთსა და იმავეს ხარჯავს და ეს თანხა საშუალოდ 7-8 ლარია.

რა ქონებას ფლობს დეპუტატი, რომლის აზრითაც დღეში 1 ლარი და 18 თეთრი გამოსაკვებად საკმარისია

რას გულისხმობს რაციონალური და სრულფასოვანი კვება

გვანცა რადიოს საიონფორმაციო გამოშვების ჟურნალისტია, შესაბამისად, ყოველდღიურად ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავს და კვებაც შესაბამისი ესაჭიროება. ის თითქმის ყოველდღიურად, პურ–ფუნთუშეულით იკვებება და ხილის წვენს სვამს, რაშიც სამსახურში მინიმუმ 5 ლარი ეხარჯება, ხოლო თუ უკეთესი მზა კერძის შეძენა გადაწყვიტა ხარჯი თითქმის 10 ლარამდე აღწევს:

"სამსახურში კვება თვეში დაახლოებით 200 ლარი მიჯდება. ამას პროდუქტების შეძენისას ვერ ვაცნობიერებ ხოლმე, მაგრამ საბოლოო ჯამში, სამსახურში სადილობისთვის ანაზღაურების დიდ ნაწილს ვხარჯავ. რამდენჯერმე თანხის დაზოგვა გადავწყვიტე და პროდუქტები სახლიდან წავიღე, თუმცა ეს უფრო დიდ დროს მოითხოვს, რადგან სადილი წინასწარ უნდა გაიმზადო, ამიტომ კვებაში თანხის დაზოგვა, სამწუხაროდ, მიჭირს.

ამავე პრობლემის წინაშე დგას რუსუდანიც, რომელმაც სამსახურში არაჯანსაღად კვების გამო, წონაში მოიმატა კიდეც. ის ერთ–ერთი ამბულატორიული კლინიკის მენეჯერია და მთელი დღის განმავლობაში ოფისში ჯდომა უწევს, რაც ცხადია, მის ჯანმრთელობაზეც აისახება.

"როდესაც სადილი სახლიდან მომაქვს ხოლმე, მაშინ უფრო ჯანსაღად ვიკვებები და ნაკლებსაც ვხარჯავ, როცა მაღაზიაში მიწევს რაიმეს ყიდვა, ყოველთვის ცომეულს ან მაიონეზიან სალათს ვყიდულობ, რაც უკვე აღარც მსიამოვნებს. სამსახურში კვებაში მინიმუმ 10 ლარი მაინც მეხარჯება, რადგან ძალიან ბევრი საქმე მაქვს და ხშირად, ოფისში მთელ დღესაც ვატარებ ხოლმე" – აღნიშნავს რუსუდანი.

ალექსანდრე პროფესიით იურისტია და საჯარო სექტორში მუშაობს. ალექსანდრესთვისაც სამსახურში კვება საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რადგან ფუნთუშეულს, როგორც წესი, არ იღებს, ამიტომ ჯანსაღი პროდუქტების შესაძენად დღეში 10–15 ლარი მაინც ეხარჯება.

"ხან სახლში ვამზადებ ხოლმე სალათს და სამსახურში მიმაქვს, რაც, რა თქმა უნდა, ნაკლებ ხარჯებთანაა დაკავშირებული," – დასძენს ის.

საინტერესოა, რამდენს ხარჯავენ სტუდენტები უნივერსიტეტში სადილობისთვის?

ნინი და მაკო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობენ. მათი თქმით, ყოველდღიურად უნივერსიტეტის გვერდით მდებარე კაფეში სალათით ან ნამცხვრითა და ყავით სადილობენ, შესაბამისად, დღეში მინიმუმ 5 ლარს ხარჯავენ. მათი თანაკურსელების ნაწილი კი ლობიანს და წვენს ყიდულობს, რისი ღირებულებაც საერთო ჯამში დაახლოებით 3–4 ლარია.

როგორც ჩანს, გარეთ სადილობა ერთ–ერთია, რაც თანხის დაზოგვაში გვიშლის ხელს, ამიტომ ეკონომისტები გვირჩევენ პროდუქტები სახლიდან წავიღოთ.

2016 წლის ფინანსური რჩევები - როგორ დავზოგოთ ფული?

გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის წარმომადგენელი, სალომე მოისწრაფიშვილი კვებაში თანხის დაზოგვის რამდენიმე ხერხს გვთავაზობს. მისი თქმით, მთავარია ფულის შენახვის ჩვევა. ამ ჩვევის გამომუშავების შემდეგ შეგვიძლია სხვადასხვა ხერხი ავირჩიოთ ფულის შესანახად, –"დასაქმებული ადამიანისთვის, რომელსაც გააჩნია შემოსავლის სტაბილური წყარო, შეუძლია უფრო ეფექტურად დაგეგმოს თავისი ბიუჯეტი, გადაანაწილოს ხარჯები და მობილიზება გაუკეთოს თანხებს. დაზოგვა უფრო შედეგიანი იქნება, თუკი ხელფასის აღებისთანავე გადავდებთ მცირე თანხას და მხოლოდ შემდეგ გადავანაწილებთ დარჩენილ თანხას," – განმარტავს ის.

მისივე თქმით, ლანჩის დროს თანხის დასაზოგად ძალიან ეფექტურია სადილის ფულის ერთობლივი შეგროვება და თანამშრომლებს შორის ხარჯების გადანაწილება.

"გარდა ამისა, ხარჯების შემცირებაში დაგეხმარებათ დაგროვებითი თუ ბონუსური სისტემებით და იმ სხვადასხვა აქცია-ფასდაკლებებით სარგებლობა, რასაც ადგილობრივი მაღაზიები გვთავაზობენ. ასევე მარტივი და წარმატებული ხერხია სახელფასო ბარათზე დაგროვების ფუნქციის გააქტიურება. კომერციული ბანკები ასეთ სერვისს სთავაზობენ კლიენტებს: ბარათით გადახდილი თანხის გარკვეული ნაწილი ავტომატურად ანაბარზე გროვდება. არსებობს ასევე ე.წ. Cash-back-ის სისტემები. სხვადასხვა ბანკი დაზოგვის საკმაოდ მოქნილ პროდუქტებსა და სერვისებს გვთავაზობს. ჩვენ შეგვიძლია ის მეთოდი ავარჩიოთ, რომლის საშუალებასაც ჩვენი დასაქმების ადგილი და გარემო იძლევა," – დასძენს ის.

გასათვალისწინებელია, რომ ფულის დაგროვების დროს დიდი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენს ანაზღაურებას, მთავარია, მისი უმიზნოდ ხარჯვა ავიცილოთ თავიდან, რაც ხელს შენახვის ჩვევის გამომუშავებას შეუწყობს.

myquiz