ვის არ ეჭმევა შოკოლადი და როგორ გავარჩიოთ კარგი შოკოლადი ცუდისგან? | Allnews.Ge

ვის არ ეჭმევა შოკოლადი და როგორ გავარჩიოთ კარგი შოკოლადი ცუდისგან?

მსოფლიოში, მთელი წლის მანძილზე, 600 ათასი ტონა შოკოლადი იჭმევა. მისი მოხმარების მხრივ, პირველ ადგილს შვეიცარია იკავებს, სადაც ერთი ადამიანი წელიწადში საშუალოდ, 12 კილოგრამს მიირთმევს.

მედიცინის დოქტორის შოთიკო ჯანჯღავას თქმით, ხარისხიანი შოკოლადის მიღების დასაშვები ნორმა დღეში 20 გრამს არ უნდა აღემატებოდეს.

"თუ არც ალერგია და არც ჭარბი წონა გაწუხებთ, შეგიძლიათ თამამად მიირთვათ შოკოლადი, მითუმეტეს, რომ მასში არსებული ნივთიერება სეროტონინი ადამიანის სტრესისგან გათავისუფლებას უწყობს ხელს. მართალია შოკოლადი აბედნიერებს, თუმცა ის იწვევს დამოკიდებულებასაც. თუ კარგად დააკვირდებით აღმოაჩნეთ, რომ რაც უფრო მეტ შოკოლადს მიირთმევთ, მით უფრო მეტი გინდათ".

დღეს შოკოლადის ბევრი სახეობა გვხვდება, შავი, მწარე, რძიანი, თეთრი, სხვადასხვა შიგთავსით და ა.შ. მათ შორის სხვაობა არა მხოლოდ გემოსა და დასახელებებშია. სხვადასხვა შოკოლადი სასარგებლო თვისებებითაც განსხვავდება. ექიმის თქმით, ყველაზე სასარგებლო შავი შოკოლადია.

შავი შოკოლადის სასარგებლო თვისებებს, მასში არსებული კაკაოს რაოდენობა განსაზღვრავს

ამ ტკბილეულში სასარგებლო სწორედ კაკაოა, რომელიც შოკოლადის საერთო შემადგენლობის 40 პროცენტს უნდა მოიცავდეს. თუმცა, მხოლოდ შეფუთვის წინა მხარეზე გაკეთებული წარწერა არ არის საკმარისი იმაში დასარწმუნებლად, რომ შავი შოკოლადი ნატურალურია. ყიდვისას, შეფუთვის გადატრიალება და წვრილი შრიფტით დაწერილი შემადგენლობის წაკითხვა მოგიწევთ.

ნამდვილი, კარგი შავი შოკოლადი მხოლოდ 3 ინგრედიენტისგან შედგება: გახეხილი კაკაო, კაკაოს ცხიმი და შაქარი, რაც უფრო მეტი დანამატი აქვს შოკოლადს, მით უფრო დაბალი ხარისხის პროდუქტთან გაქვთ საქმე. გაითვალისწინეთ, რძიან შოკოლადს კიდევ ორი ინგრედიენტი ემატება: რძის ფხვნილი და ვანილი, ანუ ხარისხიანი რძიანი შოკოლადი 5 ინგრედიენტს უნდა შეიცავდეს.

როგორ შეიძლება შოკოლადი იყოს თეთრი, თუ კაკაოს მარცვალი ყავისფერია?

თეთრი შოკოლადი კაკაოს ცხიმისა და რძის ფხვნილისგან კეთდება. კაკაოს ცხიმის ბუნებრივი ფერი კი თეთრია, ისევე როგორც რძის, ამიტომ პროდუქტი თეთრი გამოდის, თუმცა, თუ თეთრ შოკოლადში კაკაოს ცხიმს, სხვა ცხიმით ჩაანაცვლებენ, გამოვა რომ თქვენ არა შოკოლადს, არამედ უბრალოდ საკონდიტრო პროდუქტს მიირთმევთ, რომელსაც კაკაოსთან არაფერი საერთო არ აქვს.

შოკოლადის შემადგენლობაში კიდევ უამრავ დანამატს ამატებენ, რაც კარგ შოკოლადში არ უნდა გვხვდებოდეს, ვანილის ნაცვლად ვანილინს, სოიოს ლიცეტინს, რომელსაც სხვადასხვა პროდუქტის შერევის შემდეგ, კარგი კონსისტენციის მისაღებად იყენებენ, სტაბილიზატორებს ვადის გახანგრძლივების მიზნით და ა.შ. ამიტომ აუცილებლად დააკვირდით ეტიკეტს, შოკოლადის არჩევისას მნიშვნელოვანია მასში შემავალი ინგრედიენტების ჩამონათვალში, თანმიმდევრობა. ის რაც შეამდგენლობაში პირველი წერია, პროდუქტში ყველაზე მეტი პროცენტულობით არის წარმოდგენილი, მეორე შედარებით ნაკლებით, მესამე კიდევ უფრო ნაკლებით და ა.შ.

ალბათ ხშირად გინახავთ შოკოლადი თეთრი ნადებით, განსაკუთრებით ზაფხულში. ბევრს გონია, რომ ასეთი პროდუქტი უვარგისია, სინამდვილეში ეს ასე არ არის,

თეთრი ნადები შოკოლადის არასწორ შენახვის პირობებზე მეტყველებს და არა მის ნატურალურობაზე.

შოკოლადი, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე მოხვდება, დნობას იწყებს, ამიტომ დარბილებულ პროდუქტს მაცივარში დებენ გასამყარებლად. თუ გახსნის შემდეგ ასეთ შოკოლადზე თეთრი ნადებია, ეს იმას ნიშნავს, რომ მასში კაკაოს ცხიმია, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე შოკოლადის ზედაპირზე გამოვიდა, ანუ ასეთი პროდუქტი კარგი ხარისხისაა, უბრალოდ მაღაზიაში ვერ უზრუნველყვეს მისი შენახვის სათანადო პირობები.

გაითვალისწინეთ, რომ სუფთა შოკოლადის ვადა 6-8 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, შიგთავსიანის კი ოთხს.

myquiz