ეს 9 ფაქტორი დემენციის რისკის შემცირებაში დაგეხმარებათ | Allnews.Ge

ეს 9 ფაქტორი დემენციის რისკის შემცირებაში დაგეხმარებათ

დემენცია ანუ გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება, ტვინის დაავადებების კატეგორიას განეკუთვნება. აღნიშნული დაავადება გრძელვადიან პერსპექტივაში თანდათანობით ამცირებს ფიქრისა და მახსოვრობის უნარს, რაც ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას მნიშვნელოვნად ართულებს. დემენციის გავრცელებულ სიმპტომებს განეკუთვნება ემოციური და ენობრივი პრობლემები, რაც ცალკეული სიტყვების დავიწყებას და მოტივაციის შემცირებას იწვევს. დემენციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპი ალცჰაიმერის დაავადებაა.

მსოფლიოში დემენციის შემთხვევების მესამედისთვის თავის დაღწევა შესაძლებელი იქნებოდა, ადამიანები ტვინის ჯანმრთელობაზე რომ ზრუნავდნენ. ამ დასკვნას ნეიროქირურგებისა და ნეირობიოლოგების საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები შეიცავს, რომელიც სამედიცინო ჟურნალ The Lancet-შია გამოქვეყნებული.

სპეციალისტებმა დაავადების გამომწვევი 9 რისკ ფაქტორი გამოავლინეს, კვლევის პრეზენტაცია კი ალცჰეიმერის დაავადებასთან ბრძოლის ასოციაციის საერთაშორისო კონფერენციაზე გაკეთდა.

მკვლევარების შეფასებით 2050 წლისთვის, დემენციით დაავადებული ადამიანების რაოდენობა შესაძლოა 131 მილიონამდე გაიზარდოს, ამ დროისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 47 მილიონს აღწევს.

ცხრა ფაქტორი, რომელიც დემენციის რისკს ზრდის:

• სმენის დაკარგვა საშუალო ასაკში - 9%

• საშუალო განათლების არქონა - 8%

• მოწევა - 5%

• დეპრესიის პირველი ნიშნების უგულებელყოფა - 4%

• ფიზიკური აქტივობის უკმარისობა - 3%

• საზოგადოებისგან იზოლირება - 2%

• ჰიპერტონია - 2%

• ჭარბწონიანობა - 1%

• მეორე ტიპის დიაბეტი - 1%

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს ფაქტორები, რომელთა ზემოქმედება დიდწილად მაინც ადამიანზეა დამოკიდებული, რისკის მხოლოდ 35% -ია. დანარჩენი 65% ადამიანის კონტროლს ჯერჯერობით არ ექვემდებარება.

სპეციალისტების განმარტებით, დემენციის დიაგნოსტირება ხანშიშესული ადამიანების შემთხვევაში ხდება, თუმცა ტვინში ცვლილებები გაცილებით ადრე იწყება.

myquiz