ზაფხულის ხილი: რა უნდა ვიცოდეთ გარგარზე | Allnews.Ge

ზაფხულის ხილი: რა უნდა ვიცოდეთ გარგარზე

გარგარი ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებათა უნიკალურ წყაროს წარმოადგენს. ის შეიცავს ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს (გლუკოზას, ფრუქტოზას, საქაროზას), ორგანულ მჟავებს, მინერალურ (კალიუმის, კალციუმის, რკინის, ფოსფორის) მარილებს, A, B ჯგუფის, C, PP და სხვა ვიტამინებს, პექტინებს, არომატულ, მთრიმლავ და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. ამ ნაერთთა ბუნებრივი კომბინაციის წყალობით გარგარს არა მარტო კვებითი, არამედ სამკურნალო ღირებულებაც აქვს.

გარგარის კანი გაცილებით მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე რბილობი.

განსაკუთრებით სასარგებლოა ცოცხალი ხილი, ოღონდ ის გამდინარე წყალში კარგად უნდა გაირეცხოს. მწიფე, საღი ნაყოფი ხავერდოვანი, არომატული და მკვრივია. რბილობის ფერი ბაცი ყვითლიდან მკვეთრ ნარინჯისფრამდე ვარირებს (რაც უფრო მეტია კაროტინის შემცველობა, მით უფრო ინტენსიურია შეფერილობა). გარგარი ცუდად ინახება და მალე ფუჭდება, შენახვით კი უმჯობესია, შეინახოთ არა მაცივარში, არამედ ოთახის ჩვეულებრივ ტემპერატურაზე, თანაც არა თასით, არამედ ჰორიზონტალურ ზედაპირზე ერთ წყებად განლაგებული. გარგარის ჩირიც ძალიან სასარგებლოა და მთელი წელი შესანიშნავად ინახება. გარგარის ნაყოფისგან ამზადებენ კომპოტს, მურაბას, წვენს, ჟელეს, ჯემს, გულსართს ნამცხვრებისათვის, ტკბილ კურკას ხშირად იყენებენ ნუშის ნაცვლად.

გარგარის ჩირი შესანიშავი სისხლის აღმდგენი საშუალებაა. ის ნიგოზთან, ქიშმიშსა და თაფლთან ერთად გამოიყენება ანემიის დროს.

სპეციალისტები მის რეგულარულ მიღებას გვირჩევენ მხედველობის დარღვევისას, რეკომენდაციას უწევენ როგორც ზოგადგამაჯანსაღებელ და გამაახალგაზრდავებელ პროდუქტს. ჩირი, იმის გამო, რომ კალიუმით არის მდიდარი, განსაკუთრებით კარგია გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების და საჭმლის მონელების დარღვევის დროს. ჩირში უხვად არის მაგნიუმის მარილები, რაც მას ჰიპერტონიის სამკურნალო თვისებებს ანიჭებს - მისი სისტემატური მიღების შემთხვევაში არტერიული წნევა რეგულირდება. არსებობს სპეციალური მაგნიუმის დიეტა ჩირით, რომელიც რეკომენდებულია ჰიპერტონიისა და ანემიის განსაკუთრებული (არასწორი კვების შედეგად განვითარებული) ფორმების დროს.

 ისიც უნდა ითქვას, რომ იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობა რეგულარულად მიირთმევს გარგარის ჩირს, ძვლების მოტეხილობა მეტად იშვიათია. ეს იმიტომ, რომ ჩირი ძვლოვანი ქსოვილის სიმტკიცეს, კანისა და თმების სიჯანსაღეს უზრუნველყოფს. თანამედროვე გამოკვლევებით ისიც დადგენილია, რომ გარგარის ჩირის რეგულარული გამოყენება აფერხებს სიმსივნის განვითარებას. ამისთვის საკმარისია, დღეში 100 გრამი ჩირი მივირთვათ.

გარგარის ჩირის ყველა სახეობა შარდმდენია. მისი ნახარში ხსნის შეშუპებას.

ნაკლებად ტკბილი სახეობები სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის დროს, ტკბილი - ნერვული დაავადებების შემთხვევაში, შედარებით მჟავე კი შაკიკს უხდება და ხშირად მოავადეთათვისაც ძალიან კარგია. ჩირის კურკებისგან მიღებული "რძე" ბრონქიტის, ტრაქეიტისა და ხველის უნიკალური წამალია. გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებით დაავადებულთათვის მეტად სასარგებლოა ჩირის კურკების ნაყენი.

გარგარის კურკიანი ჩირის შეძენა დღეს საკმაოდ ძნელია - გარდა იმისა, რომ შედარებით იშვიათად გვხვდება, ძვირიცაა, ორ დანარჩენ სახეობას კი ბაზარზე უხვად იპოვით. ამ სახეობის ჩირის მისაღებად გარგარს სპეციალურ კამერებში აშრობენ და გოგირდოვან ანჰიდრიდს აპკურებენ. ეს უკანასკნელი არ არის აკრძალული, თუმცა ხშირად ალერგიას იწვევს.

უმჯობესია, მომჩვარულ-მოჭმუჭნილი, ოდნავ შეწითლებული და შესახედავად არცთუ მიმზიდველი ჩირი შეიძინოთ.

ასეთ შემთხვევაში იმის გარანტია მაინც გექნებათ, რომ ის ქიმიკატებით არ არის დამუშავებული. საინტერესოა კიდევ ერთი რამ: ყველაზე მაღალი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა და, შესაბამისად, ძვირად ფასობს ველური გარგარის ჩირი, ველური ჯიშები კი, სამწუხაროდ, მხოლოდ ყაზახეთშია შემორჩენილი. მცირე რაოდენობით გვხვდება უზბეკეთში, ყირგიზეთსა და ჩინეთში. დედამიწის სხვა რეგიონებში ისინი აღარ ხარობს. მათი რაოდენობა სულ უფრო მცირდება. დღეს ველური გარგარი წითელ წიგნშია შეტანილი.

 

myquiz