აუცილებელი ინფორმაცია პალმის ზეთზე, რომელსაც თითქმის ყველა საკვები პროდუქტი შეიცავს | Allnews.Ge

აუცილებელი ინფორმაცია პალმის ზეთზე, რომელსაც თითქმის ყველა საკვები პროდუქტი შეიცავს

პალმის ზეთის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ ოფიციალურმა და არაოფიციალურმა განხილვებმა საზოგადოებაში უკვე პიკს მიაღწია. აქტიურად საუბრობენ მის მავნებლობაზე, თუმცა საზოგადოების დიდმა ნაწილმა დადასტურებით არ იცის, თუ რატომ ან რისთვის არის მავნე. ერთი რამ კი ცხადია, პალმის ზეთს ძალიან ბევრი პროდუქტი შეიცავს. ოფიციალური მონაცემებით, უკანასკნელი 10 წლის მანძილზე საქართველოში მისი იმპორტი 700-ჯერ გაიზარდა.

რამდენიმე დღის წინ საბაჟო ორგანოებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, იმპორტის დროს გაკონტროლდეს პროდუქციაში პალმის ზეთის შემცველობა.

ამის პარალელურად, კვლევითმა ცენტრმა გასცა რეკომენდაცია ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ, რომ მან საზოგადოებაში დაიწყოს საინფორმაციო კამპანია პალმის ზეთთან დაკავშირებით.

"როდესაც პალმის ზეთის მავნებლობაზე საუბრობენ, ხშირად ხაზგასმულია, რომ ეს არის ტექნიკური პალმის ზეთი. ჩვენს ანალიზსა და რეკომენდაციებში ფალსიფიცირებაზე არ არის საუბარი. ჩვენ ვსაუბრობთ სტანდარტით გათვალისწინებულ პროდუქციაზე.

პროდუქტში პალმის ზეთის შემცველობაზე დადგინდა შეზღუდვა და ამაზე სახელმწიფო კონტროლი 2018 წელს დაიწყება.

კონტროლის დაწყების შემდეგ ისიც გამოვლინდება საკვებად ვარგისი პალმის ზეთია გამოყენებული პროდუქციაში თუ არა. მიკვლევადობის პროცედურით დადგინდება დეტალები," - ამბობს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის მრჩეველი ზურაბ ცქიტიშვილი.

და მაინც რა არის პალმის ზეთი და რატომ არის მისი მიღება მავნებელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის? პალმის ზეთი ადამიანის კვებით რაციონში ადრეულ ასაკშივე ჩნდება, რადგან მას ბავშვთა კვების თითქმის ყველა პროდუქტი შეიცავს.

პედიატრების განმარტებით, პატარა ასაკში გახშირებული ყაბზობისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემების მიზეზი სწორედ პალმის ზეთის მოხმარებაა. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბევრს საუბრობენ მის მავნებლობაზე, ამიტომ მწარმოებლები სხვადასხვა ხრიკს მიმართავენ. ბავშვთა კვების თუ ნებისმიერი სხვა პროდუქტის შემადგენლობაში მითითებული მცენარეული ზეთი უმეტეს შემთხვევაში სწორედ პალმის ზეთია. უბრალოდ არ ხდება ინგრედიენტის პირდაპირი იდენტიფიცირება, რომ მომხმარებელმა ამა თუ იმ პროდუქტის მოხმარებაზე უარი არ თქვას.

საკითხის განხილვისას, არ უნდა გამოგვრჩეს ფაქტორი, რომ პალმის ზეთის რამდენიმე სახეობა არსებობს და ყველა მათგანი მავნებელი არაა. ტრადიციული პალმის ზეთი მიიღება პალმის ხის ზეთოვანი ნაყოფის რბილობიდან და მას ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს. ეს არის წითელი და რაფინირებული პალმის ზეთი, თუმცა მისი გადამუშავება ძალიან ძვირი ჯდება. ასევე, არსებობს ტექნიკური პალმის ზეთი, რომლის კვებაში გამოყენებაც კატეგორიულად აკრძალულია. როგორც საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე ამბობს, საკვებად ვარგისი პალმის ზეთის განსაზღვრული ოდენობით მიღება მავნე კი არა, სასარგებლოც კია ორგანიზმისთვის.

"საკვებად უვარგისი ტექნიკური პალმის ზეთი საკვებად ვარგის წითელ პალმის ზეთზე ბევრად უფრო იაფია.

სწორედ ამიტომ საკვებ პროდუქტებში წითლის ნაცვლად ტექნიკურ პალმის ზეთს იყენებენ ხოლმე. მის გამოყენებას კი ბევრი ნეგატიური ეფექტი აქვს და შეიძლება საკმაოდ სერიოზული დაავადებება გამოიწვიოს. ის შეიცავს დიდი რაოდენობით უჯერ ცხიმებს და ძლიერი კარცენოგერული თვისებებით ხასიათდება. წითელი პალმის ცხიმი კი A და E ვიტამინს შეიცავს, რაც სიმსივნული დაავადებების პროფილაქტიკისთვის ძალიან კარგია, - განმარტავს მადონა კოიძე.

პალმის ზეთის საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას ბავშვთა კვების საკითხში.

 ტექნიკური პალმის ზეთის გადამუშავება ძალიან უჭირს პატარას ორგანიზმს.

პედიატრ ინგა მამუჩაშვილის თქმით, პალმის ზეთის ანუ ე.წ. "ცუდ პალმიტატების" ჯანსაღი ალტენატივაა რძის ცხიმი, ე.წ. "კარგი პალმიტატი", რომელიც წარმოადგენს ძვირად ღირებულ ნატურალურ კომპონენტს. ის არის ენერგიის წყარო, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და კალციუმის შეწოვას, ხელს უწყობს ბავშვის ინტელექტის განვითარებას, შეიცავს ყველა იმ საჭირო კომპონენტს, რომელიც საჭიროა ჩვილი ბავშვის ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებისთვის.

"აღნიშნული პალმის ზეთი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ბავშვის სწორი ზრდა-განვითარებისთვის არ არის სასურველი. ე.წ. "ცუდი პალმიტატები" ნატურალური რძის იაფფასიან მცენარეულ კომპონენტებად გვევლინება. ისინი არ შეიცავენ იმ მნიშვნელოვან კომპონენტებს, რომლებიც საჭიროა ბავშვის გონებრივი, ნერვული სისტემის განვითარებისთვის და ნივთიერებათა ცვლის ჩამოყალიბებისთვის. სანაცვლოდ, ისინი იწვევს შეკრულობას და ორგანიზმიდან კალციუმის გამოდევნას.

სამწუხაროდ, ქართულ ბაზარზე არსებული ბავშვთა კვების უმეტესობა შეიცავს პალმის ან რაფსის ზეთს.

თუმცა სათანადო დაკვირვების შემთხვევაში, შესაძლებელია ისეთი მწარმოებლის პოვნაც, რომლის პროდუქციაც არ შეიცავს "ცუდ პალმიტიტებს" და დამზადებულია რძის ცხიმზე. რძის ცხიმი არის პალმისა და რაფსის ზეთის ყველაზე ჯასნაღი ალტერნატივა," - განმარტავს პედიატრი ინგა მამუჩაშვილი.

"დიდ იმედს ვიტოვებ, რომ მწარმოებლები მალე გააცნობიერებენ პალმის ზეთის რეალურ საფრთხეებს და უმოკლეს პერიოდში დაუბრუნდებიან წარმოების პროცესში რძის ცხიმის გამოყენებას. ამით თავიდან ავირიდებთ იმ გართულებებს, რაც შეიძლება ბავშვის ორგანიზმში მიმდინარეობდეს და პათოლოგიური შედეგიც კი მოიტანოს," - ამბობს მამუჩაშვილი.

ბავშვთა კვების გარდა, პალმის ზეთს მზა პროდუქციის ძალიან დიდი ნაწილი შეიცავს.

ის პროდუქციას ემატება, რათა პროდუქტი გრძელვადიანი და გაფუებული გახდეს. პალმის ზეთს შეიცავს ფართოდ გავრცელებული პროდუქტები, როგორიცაა შოკოლადი, ნაყინი, მდნარი ყველი, შედედებული რძე, პური, მაკარონის ზოგიერთი სახეობა და სხვა.

პალმის ზეთის მიღებისგან თავის არიდების მიზნით, კარგად დააკვირდით კოლოფს. მასზე მითითებული უნდა იყოს, რომ არ შეიცავს პალმის ზეთს. წარწერა აუცილებლად კოლოფზე უნდა იყოს და არა დაწებებულ ეტიკეტზე, რომლის გაკეთებაც ნებისმიერს შეუძლია.

 

 

ნანა მღებრიშვილი

myquiz