ნიდერლანდებში დაცლილი ციხეები მიგრანტების თავშესაფრად იქცა | Allnews.Ge

ნიდერლანდებში დაცლილი ციხეები მიგრანტების თავშესაფრად იქცა

ნიდერლანდების ხელისუფლება მიგრანტების განსახლების საკითხშიც კრეატიული და არაორდინალური აღმოჩნდა. მსოფლიოში ცოტა ქვეყანა თუ გვეგულება, რომელშიც დანაშაულის მაჩვენებელი იმდენად დაბალია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებების დახურვა ხდება საჭირო. თუმცა, ჰოლანდიის ციხეების ინფრასტრუქტურა სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ თავშესაფრის მაძიებლებს დროებით საცხოვრებლად გამოეყენებინათ. აღნიშნულ დასკვნამდე ქვეყნის ხელისუფლება მას შემდეგ მივიდა, რაც ნიდერლანდებში ლტოლვილების რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა.

ნიდერლანდების სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მიგრანტების ყოველდღიურობით, პულიცერის ორგზის გამარჯვებული ფოტოგრაფი, მუჰამედ მუჰაიზენი დაინტერესდა. მან რამდენიმე წელი ახლო აღმოსავლეთიდან წამოსული მიგრანტების ქვეყნიდან ქვეყანაში გადაადგილების ასახვას შეალია და გასაკვირი არ არის, რომ საბოლოოდ მათი განსახლების საკითხითაც დაინტერესდა.

მუჰამედი 40 დღის განმავლობაში სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებას ინტენსიურად სტუმრობდა, ციხის ბინადრებს ესაუბრებოდა და ფოტორეპორტაჟებს აკეთება. ფოტოგრაფი ვერ მალავს, რომ საკითხზე მუშაობის დაწყებამდე ფიქრობდა,რომ ციხეში ცხოვრება მიგრანტების განწყობასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მძიმე გავლენას იქონიებდა.

"ჩვენ ათობით ეროვნებაზე გვაქვს საუბარი, მთელი მსოფლიო ერთ ჭერქვეშაა თავმოყრილი"- ამბობს ფოტოგრაფი.

მიგრანტები, რომლებიც ექვსი თვის განმავლობაში ლტოლვის სტატუსს ელიან ამ უჩვეულო თავშესაფარს აფარებენ თავს. ბინადრები ერთმანეთთან დამეგობრებას იშვიათად, თუმცა, მაინც ახერხებენ, მუშაობის უფლება არ აქვთ, ამიტომ თავისუფალ დროს ენის შესწავლასა და ველოსიპედის ტარების დახვეწაში ატარებენ. ეს ის ორი ფუნდამენტური უნარია, რომელიც ჰოლანდიაში აუცილებლად დასჭირდებათ.

კითხვაზე, რას ფიქრობენ საკუთარი დროებითი საცხოვრებლის შესახებ, მიგრანტები პოზიტიურ და არც თუ მოულოდნელ პასუხს იძლევიან: "თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ,  გვაქვს საიმედო თავშესაფარი, რასაც ბევრი მოკლებულია"

ერთმა სირიელმა მიგრანტმა აღნიშნა, რომ ციხეში ცხოვრებამ მას მომავლის იმედი მისცა: "თუ ქვეყანას არ ჰყავს დამნაშავეები ციხეში ჩასასმელად, ეს საუკეთესო ქვეყანაა, სადაც თავი უსაფრთხოდ შემიძლია ვიგრძნო".

 

myquiz