რა იწვევს ჭარბწონიანობას საქართველოში და როგორ მოვახდინოთ მისი პრევენცია | Allnews.Ge

რა იწვევს ჭარბწონიანობას საქართველოში და როგორ მოვახდინოთ მისი პრევენცია

ჭარბი წონის პრობლემა მსოფლიოში უამრავ ადამიანს აწუხებს. 2008-2015 წლებში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ევროპის ქვეყნებში წონის პრობლემა 18 წელზე ზემოთ მყოფ ადამიანთა 37%-ს აქვს, მათ შორის 56,7% ქალს და 51%-დან 69,3% მამაკაცს.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჭარბი წონით დაავადებულთა რიცხვი 35,7%-ია, ხოლო საქართველოში მსგავსი ეპიდემიოლოგიური კვლევა ჯერ არ ჩატარებულა.

"სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის პრეზიდენტის," ენდოკრინოლოგ ქეთევან ასათიანის თქმით, ჭარბი წონის პრობლემა საქართველოში იმდენად გავრცელებული არ არის, რამდენადაც ევროპისა და აშშ-ის ქვეყნებში, თუმცა ექიმთან მიმართვიანობა საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით კი ახალი წლის შემდეგ დღეებში.

ქეთევან ასათიანის თქმით, ჭარბი წონის პრობლემა, განსაკუთრებით მოზარდებში, უკვე თვალშისაცემია.

თუმცა ერთი, კონკრეტული მიზეზის თქმა რთულია, რადგან ის შეიძლება, როგორც გენეტიკური ფაქტორებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით, ისე არასწორი კვებით იყოს გამოწვეული. წონაში მატებას ასევე მაშინ ვიწყებთ, როდესაც საკვებით მიღებული ენერგია დახარჯულ ენერგიას აღემატება.

"საკვების ურეჟიმოდ მიღება, მაგალითად, დღეში ერთხელ ან ორჯერ, ფიზიკური დატვირთვის არქონა, არასრულფასოვანი ძილი, დეჰიდრატაცია, ეს ყველაფერი წონაში მატების მიზეზებია,"-განმარტავს ენდოკრინოლოგი.

მისი თქმით, წონის პრობლემა ბავშვებშიც გავრცელებულია, რადგან წვნიანისა და ხორცის უგულებელყოფა ხდება და მოზარდები, ძირითადად სწრაფი კვების ობიექტების მზა კერძებს მიირთმევენ.

"ბავშვი ვერ აცნობიერებს, რომ ცოტ-ცოტა და ხშირ-ხშირად უნდა მიირთვას.

ბავშვებისთვის სიმსუქნის განვითარების ხელშემწყობი გარემოა შექმნილი, იმიტომ რომ ისინი კომპიუტერთან ძალიან დიდ დროს ატარებენ, ტელეფონთან, მიჯაჭვულები არიან და გარშემო უწყვიათ არა ხილი, ბოსტნეული და რძის პროდუქტები, არამედ სწორედ სწრაფი კვების პროდუქტები ან ტკბილი საკვები. ამას მიირთმევენ და ბუნებრივია, რომ თანდათან ილექება და შემდეგ უკვე ჭარბ კილოგრამებად გარდაიქმნება,"-განმარტავს ის.

რა დავიცვათ თუ არა დიეტა?

ექიმის თქმით, დიეტა სწორ კვებას ნიშნავს და არა შიმშილობას, შესაბამისად, დიეტა ყველა შემთხვევაში შეიძლება არც დაგვჭირდეს, - "შეიძლება რეჟიმის დახვეწა გახდეს საჭირო, რომ მაქსიმალურად მსუბუქი ვახშამი გვქონდეს. ყველაფრის დადგენა და გამოსწორება შეიძლება, თუმცა როდესაც დიეტისა და ფიზიკური დატვირთვის საშუალებით წონაში დავიკლებ, შემდეგ რეჟიმიდან არ უნდა ამოვცვივდეთ. ეს დროდადრო კლებასა და მატებას გამოიწვევს,"-აღნიშნავს ის.

როგორ დავიკლოთ კილოგრამები ან როგორ შევინარჩუნოთ არსებული წონა?

ქეთევან ასათიანის თქმით, წონაში მატების დისკომფორტი რომ თავიდან ავიცილოთ "რეჟიმში კვება უნდა დავაკანონოთ, რაც მცირე ულუფების ხშირ-ხშირად მირთმევას გულისხმობს, საჭიროა მინიმუმ ლიტრნახევარი წყლის ყოველდღიურად მიღება, ბოლო ვახშამი დაძინებამდე არაუგვიანეს სამი საათით ადრე უნდა იყოს, აუცილებელია სრულფასოვანი ძილი და ენერგიის დახარჯვა, თუნდაც ყოველდღიურად მინიმუმ 40 წუთის განმავლობაში ფეხით სიარულის ხარჯზე,"-გვირჩევს ენდოკრინოლოგი.

აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი აქტივობები, არამარტო წონაში კლებისთვის, არამედ ორგანიზმის გაჯანსაღებისთვისაც აუცილებელია, ასე რომ სწორი რეჟიმით ცხოვრება ჯანმრთელობის საწინდარია.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz