პროდუქტები, რომლებიც კბილებს აზიანებს - ქართველი სტომატოლოგის რჩევები კბილების მოვლასთან დაკავშირებით | Allnews.Ge

პროდუქტები, რომლებიც კბილებს აზიანებს - ქართველი სტომატოლოგის რჩევები კბილების მოვლასთან დაკავშირებით

კბილები, როგორც ჯანმრთელობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი, ისე გარეგნობის მნიშვნელოვანი ნიუანსია, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა ესაჭიროება.

ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, დღეს, 65 წლის ასაკში ჯანსაღი კბილების შენარჩუნება უკვე იშვიათობას წარმოადგენს, რადგან გარემოს დაბინძურება, არაჯანსაღი პროდუქტები და პირის ღრუს ინფექცია ორალურ დაავადებებს იწყვევს, რაც ჩვენს ღიმილზე პირდაპირ აისახება.

რა აზიანებს კბილებს?

ციტრუსები, გაზიანი სასმელები და ტკბილეული კბილის ემალს აზიანებს. ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდობაში კბილებს ნაკლებად უვლიან, შუა ხნის ასაკში პირის ღრუს პრობლემებს განიცდიან, რადგან თუ ღრძილებთან დაკავშირებული დისკომფორტი ერთხელ მაინც განიცადეთ, სტომატოლოგს აუცილებლად უნდა მიაკითხოთ.

როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი კბილები და ღრძილები შუა ხნის ასაკში და შემდეგ, ამ საკითხზე, Allnews.ge კლინიკა "მედის" სტომატოლოგ იტა კირვალიძეს ესაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია, კბილების პროფესიონალური წმენდა ექვს თვეში ერთხელ ჩავტაროთ. კარიესის დათვალიერება, კბილების ქვებისგან და ნადებისგან განთავისუფლება დროის ამ მონაკვეთში ძალიან მნიშვნელოვანია.

სტომატოლოგთან ვიზიტისა და კბილების წმენდის ფასდაკლებების ნახვა მსურველებს hotsale.ge-ზე შეუძლიათ.

"კბილის ჯაგრისისა და პასტის სწორად შერჩევა უნდა მოხდეს და თანაც სტომატოლოგის მიერ, რადგან ყველა პაციენტს კბილის ინდივიდუალური ჰიგიენური საშუალებები ესაჭიროება.

კბილები დილა-საღამოს აუცილებლად უნდა გავიხეხოთ.

ყოველი ჭამის შემდეგ, რეკომენდებულია კბილის ძაფის გამოყენება და არა გახეხვა, რაც ემალს აზიანებს," - განმარტავს სტომატოლოგი.

იტა კირვალიძე, ყურაღებას საკვებ პროდუქტებზე ამახვილებს და განმარტავს, რომ როგორც წესი, არცერთი პროდუქტის აკრძალვა არ ხდება, თუ პაციენტს ღრძილებთან დაკავშირებული პრობლემა არ აწუხებს.

"ბევრი ტკბილეულის მიღება მიზანშწონილი არ არის, ასევე, არასასურველია მჟავე და ცხარე საკვები პროდუქტების ხშირად მიღება, განსაკუთრებით მაშინ, როცა პაციენტს ღრძილების პრობლემა აღენიშნება. ტკბილეულის მიღება ძილის წინ განსაკუთრებით მაშინ არ შეიძლება, თუ კბილებს არ გამოვიხეხავთ," - აღნიშნავს ის.

სტომატოლოგის თქმით, თუ კბილების გათეთრება გვსურს, ეს მხოლოდ ორ წელიწადში ერთხელ უნდა გავაკეთოთ, პროფესიონალურად და არა სახლის პირობებში.

"გამათეთრებელ სისტემას თავისი პროცენტული მაჩვენებელი აქვს, ამიტომ

კბილების გათეთრება თვითნებურად, სხვადასხვა საიტიდან გამოწერილი ნივთიერებებით არ შეიძლება.

ექიმმა უნდა განსაზღვროს, პაციენტის კბილების გათეთრება რა სითხის, რა პროცენტული მაჩვენებლით უნდა დაიწყოს," - განმარტავს იტა კირვალიძე და დასძენს, რომ ღრძილებიდან სისხლენის შემთხვევაში, პირის ღრუს დათვალიერება და შემდეგ დანიშვნა სტომატოლოგის მიერ უნდა მოხდეს. სახლის პირობებში მომზადებული ნაყენის გამოყენებით, შესაძლოა, ღრძილები უფრო დავიზიანოთ.

ჰარვარდის მეცნიერების განმარტებით, ჩვენი ორგანიზმის ფუნქციონირება, ასაკის მატებასთან ერთად, ხშირს შემთხვევაში კბილებზეც აისახება. მაგალითად, ღრძილების ანთებასა და დიაბეტს, გულის დაავადებებსა და რესპირაციულ პრობლემებს შორის მნიშვნელოვანი კავშირები არსებობს.

სწორედ ამიტომ, სტომატოლოგთან გადამოწმებისთვის ვიზიტი და კბილების განსკუთრებული ჰიგიენური მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz