სომხების გენოციდის 101 წლისთავი | Allnews.Ge

სომხების გენოციდის 101 წლისთავი

სომხების გენოციდის ოფიციალურ დასაწყისად 1915 წლის 24 აპრილი ითვლება. დღე, როდესაც ოსმალურმა ხელისუფლებამ კონსტანტინოპოლში 250-მდე სომეხი ინტელექტუალი და სომხური დიასპორის მეთაური დააპატიმრა.

სომხების გენოციდი ორ ძირითად ეტაპს მოიცავს: შრომისუნარიან მამაკაცთა მკვლელობა და ქალების, ბავშვების, მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დეპორტაცია და სიკვდილი.

პარალელურად ამისა, ოსმალეთში ასურელთა და ბერძენთა მასობრივი მკვლელობაც ხდებოდა, დაზარალდნენ სხვა უმცირესობებიც. ქრისტიანი ერების გათურქებისა და ისლამზე გადაყვანის იდეა, ოსმალეთის იმპერიის სულთნებში ყოველთვის არსებობდა და რეგულარულად ხორციელდებოდა კიდეც.

ჯერ კიდევ 1895-1896 წლებში თურქი სულთნის მიერ, პროვოცირებულ იქნა სომხური მოსახლეობის განადგურება, რის შედეგადაც, სხვადასხვა შეფასებით, 100-დან 200 ათასამდე სომეხი დაიხოცა.

1907 წელს, თურქეთის ხელისუფლება ხელში "ახალგაზრდა თურქებმა" ჩაიგდეს, რომელთა მიზანს თურქული იმპერიის შექმნა წარმოადგენდა, რომელიც ბალკანეთიდან ალთაიმდე იქნებოდა გადაჭიმული. სომხები ახალგაზრდა თურქებში ზიზღს იმის გამო იწვევდნენ, რომ სომხებით დასახლებული აღმოსავლეთ თურქეთი, თურქულ ტერიტორიებს აზერბაიჯანისგან ყოფდა.

"სომხური საკითხის" საბოლოოდ გადასაწყვეტად 1909 წლის 31 მარტს გუბერნიის სხდომა ჩატარდა. მიღებული გადაწყვეტილებით, სომხები უნდა გაენადგურებინათ. ამ შემდეგ, მუსლიმ მოსახლეობას დიდი რაოდენობის იარაღი და ტყვია-წამალი დაურიგეს, ხოლო ციხეებიდან 500-მდე თურქი დამნაშავე გამოუშვეს.

1 აპრილს ე.წ. "წესრიგის დასამყარებლად" მოსულმა თურქების არმიამ სომხების განადგურება პირდაპირ ადანის ქუჩებში დაიწყო. პროცესი 3 დღე გრძელდებოდა და თავისი მასშტაბით პირველ განადგურებას აღემატებოდა, რომლის დროსაც დაახლოებით 30 000 ადამიანი დაიხოცა.

მომხდარის შემდეგ, ახალგაზრდა თურქების ხელისუფლებამ ფორმალური გამოძიება დაიწყო, რათა ევროპული საზოგადოება დაეწყნარებინა, შეემსუბუქებინა სომხების პროტესტი და თავი აერიდებინა პასუხისმგებლობისათვის. აღსანიშნავია, რომ განადგურების მეთაურებმა და მონაწილეებმა თავი დააღწიეს სასჯელს.

1914 წლის აგვისტოში თურქეთის I მსოფლიო ომში ჩაბმამ, ახალგაზრდა თურქებს სომხების საბოლოოდ გასანადგურებლად უნიკალური შანსი მისცა. გენოციდის ერთ-ერთი ორგანიზატორის, თალაათ-ფაშას მოთხოვნით, სიტყვა "სომეხიც" კი სამუდამოდ უნდა გამქრალიყო. ამავდროულად დაიწყო სომეხი მოსახლეობის დეპორტაცია თურქეთის აღმოსავლეთი ვილაიეთიდან ქვეყნის სიღრმეში, სირიის უდაბნოს გავლით. სომეხი ჯარისკაცები გარიცხეს ჯარის რიგებიდან და შემდეგ დახვრიტეს.

1915 წლის 24 აპრილს კონსტანტინეპოლში სომეხი ინტელექტუალური, რელიგიური, ეკონომიური და პოლიტიკური ელიტის მასობრივი დაკავება (დაჭერა) დაიწყო, რამაც სომხური კულტურის მნიშვნელოვან შემოქმედთა მთელი პლეადის მთლიანი განადგურება გამოიწვია. დაკავებულთა სიაში მოხვდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ხედვისა და პროფესიის ხალხი: მწერლები, მსახიობები, მომღერლები, მასწავლებლები, ექიმები, იურისტები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები, პოლიციელები და რელიგიური ლიდერები; ერთადერთი ფაქტორი, რომლითაც ისინი ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულნი - ეროვნება და საზოგადოებრივი მდგომარეობა იყო.

სომხური მოსახლეობის განადგურება 1918 წლის სექტემბრამდე გრძელდებოდა. სამი წლის განმავლობაში, 1,5 მილიონზე მეტი სომეხი დაიღუპა, ნაწილი მესოპოტამიაში, ლიბანსა და სირიაში გაიქცა. დანარჩენები კი უდაბნოს გავლით გადაასახლეს, სადაც ბევრი მათგანი შიმშილითა და ავადმყოფობით დაიღუპა. ერთ მილიონზე მეტი ლტოლვილი სომეხი გაიფანტა მთელ მსოფლიოში.

სომხების გენოციდი აღიარებული და გასამართლებულია ბევრი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. პირველმა, ოფიციალურად, ურუგვაიმ აღიარა და გაასამართლა სომხების გენოციდი. 1984 წელს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა, 1987 წელს - ევროკავშირმა, ევროპარლამენტმა, გაერომ, მსოფლიო ეკლესიათა კავშირმა და სხვადასხვა ორგანიზაციებმა აღიარეს. სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარეს და გაასამართლეს საფრანგეთმა, იტალიამ, გერმანიამ, ბელგიამ, შვედეთმა, ნიდერლანდებმა, შვეიცარიამ, რუსეთმა, პოლონეთმა, ლიტვამ, საბერძნეთმა, კვიპროსმა, სლოვაკეთმა, არგენტინამ, ვენესუელამ, კანადამ ვატიკანმა, ავსტრალიამ და სხვა სახელმწიფოებმა.

სადაზღვევო კომპანია New York Life-მა დაიწყო 1915 წელს სომხური გენოციდის დროს დაღუპულთა ნათესავებისათვის კომპენსაციის გადახდა (საერთო თანხა კომპენსაციისა დაახლოებით 8 მილიონი დოლარია).

უამრავი ქვეყნის აღიარებისა და გასამართლების მიუხედავად, დღევანდელი თურქეთი კატეგორიულად უარყოფს ისტორიულ ფაქტს სომეხთა გენოციდის შესახებ.

ტრაგედიის 100 წლისთავთან დაკავშირებით, გასული წლის 23 აპრილს, ამერიკულმა როკ ჯგუფმა System of the Down ერევანში კონცერტი გამართა, რომლის მიზანს სომხების გენოციდის თემის აქტუალიზება წარმოადგენდა.

2007 წელს, იტალიელმა რეჟისორებმა, ძმებმა პაოლო და ვიტორიო ტავიანებმა სომხების გენოციდზე ფილმი გადაიღეს სახელწოდებით: The Lark Farm. მხატვრულ ფილმში მთავარ როლს ცნობილი ესპანელი მსახიობი პას ვეგა ასრულებს.

გამოყენებული რესურსები m.nzherald.co.nz და theblaze.com

myquiz