ყველაზე სასაცილო და უცნაური პოლიტიკური პარტიები | Allnews.Ge

ყველაზე სასაცილო და უცნაური პოლიტიკური პარტიები

პოლიტიკა ბევრისთვის მოსაწყენია. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც პოლიტიკაში უცნაური პარტიები ჩნდება. ისეთები, რომელთა არჩევნებში გამარჯვებასაც ვერასოდეს წარმოიდგენთ.

გთავაზობთ მსოფლიოში არსებულ ყველაზე სასაცილო და უცნაურ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც ყველას გასაკვირად არჩევნებში გამარჯვება მოუპოვებიათ.

1. Rapaille Partij - პარტია ნიდერლანდებში 1921 წელს დაარსდა. მის მიზანს იმის დამტკიცება წარმოადგენდა, რომ პოლიტიკური სისტემა არის ხუმრობა. ამ პოლიტიკური ძალის ინიციატივებში შედიოდა "ვონდელპარკში" ნადირობისა და თევზაობის დაშვება და პურსა და კარაქზე ფასების შემცირება.

პარტიის დამფუძნებლები ძირითადად ანარქისტები და ანტიკაპიტალისტები იყვნენ. მისი ერთ-ერთი ლიდერი ნელის დე გელდერი ამსტერდამის ქალაქის საბჭოში აირჩიეს. თუმცა, იგი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ნასვამ მდგომარეობაში აღმოაჩინეს, რასაც საბჭოდან მისი დისკვალიფიკაცია მოჰყვა.

2. "თავისუფალი ცვლილების პარტია" (Partidul Liber-Schimbist) - ეს სატირული პარტია რუმინეთში 1990 წელს დაარსდა. იმავე წელს მისი ლიდერი სტეფან კაზიმირი საკანონმდებლო ორგანოში აირჩიეს. ამ პარტიის სახელი ერთ-ერთი რუმინელი რეჟისორის კომედიიდან (O scrisoare pierduta) მოდის.

პარტია 1996 წელს, პარლამენტიდან მას შემდეგ დაითხოვეს, რაც რუმინეთში ახალი კანონით საჭირო გახდა მხოლოდ ის პარტიები დაეტოვებინათ საკანონმდებლო ორგანოში, რომელსაც სულ მცირე 10 000 წევრი ეყოლებოდა.

3. The Coordinadora Reusenca Independent - ეს არის კატალონიური პოლიტიკური პარტია, რომელიც 2003 წელს შეიქმნა. პოლიტიკურ ძალას არიელ სანტამარია უდგას სათავეში, რომელიც ცნობილია ელვის პრესლის მსგავსი ჩაცმულობით.

პარტია 2003 და 2007 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობდა.

უჩვეულო პარტიის ყველაზე უცნაური ინიციატივა ქალაქ რეუსში "სექსოდრომის" აშენება იყო, ბარებით, დისკოტეკებითა და წყვილების შეხვედრის ადგილებით, პარტიის წევრები ამტკიცედნენ, რომ მსგავსი ინფრასტრუქტურის შექმნა ქალაქის ეკონომიკის და ტურიზმის სფეროს განვითარებას ხელს შეუწყობდა. კიდევ ერთი უცნაური ინიციატივა ბარსელონას მთავარი ღირსშესანიშნაობის "საგრადა ფამილიას" ქალაქ რეუსში გადატანა იყო.

4. "საუკეთესო პარტია" - ეს არის ისლანდიაში 2009 წელს მსახიობისა და კომიკოსის იონ გნარის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტია. ეს პოლიტიკური ძალა იმ მიზნით შეიქმნა, რომ გაეკრიტიკებინა ყოფილი პოლიტიკოსები, რომელთა ქმედებებმაც ქვეყნის ეკონომიკური დაღმასვლა გამოიწვია. 2010 წელს, რეიკიავიკის საქალაქო საბჭოში ამ პარტიამ 15-დან 6 ადგილი მოიპოვა, მოგვიანებით პარტიის ლიდერი კომიკოსი იან გნარი დედაქალაქის მერიც გახდა. "საუკეთესო პარტია" დაკომპლექტებული იყო უცნაური წევრებით, მუსიკოსებით, როკერებით და ბლოგერითაც კი.

წინასარჩევნო კამპანიის დროს, ამ პარტიამ მოამზადა ვიდეორგოლი, რომელსაც ფონად ტინა ტერნერის სიმღერა "საუკეთესო" ედო. ვიდეოში პარტრიის ლიდერი გნარი პოლარულ დათვთან ერთად პოზირებდა. გნარის წინასაარჩევნო კამპანიაც უცნაური იყო. იგი მოსახლეობას ჰპირდებოდა ზოოპარკში პოლარული დათვების გამოყვანას, საცურაო აუზებზე უფასო პირსახოცების დარიგებასა და ადგილობრივ აეროპორტში "დისნეილენდს".

5. "პარტია" (Die Partei) - ეს არის სატირული პოლიტიკური პარტია, რომელიც 2004 წელს გერმანიაში დაარსდა. მას სათავეში ედგა მარტინ ზონებორნი, რომელიც გერმანიის სატირული ჟურნალის "ტიტანიკის" თანაგამომცემელი იყო. ეს პარტია ცნობილია ფაშისტური და კომუნისტური პარტიების მიმბაძველობით. თავდაპირველად პარტია ბერლინის კედლის ხელახლა აშენების ინიციატივით გამოდიოდა. დღეს კი მათ სურთ "კიტრის მოხრილობის შესახებ" კანონის აღდგენა, რომელიც არეგულირებდა იმას, თუ რამდენად გრძელი, მკვრივი, მწვანე და მოხრილი უნდა ყოფილიყო კიტრი. თუმცა, კიტრის ნაცვლად პარტია ამ კანონის იარაღზე მორგებას ითხოვს.

6. "ესტონეთის დამოუკიდებელი მონარქიული პარტია" - იგი ცნობილია პროტესტის გამოხატვის იუმორისტული ფორმებით. 1992 წლის პოსტსაბჭოთა პერიოდის პირველი არჩევნების დროს ამ პოლიტიკურმა ძალამ პარლამენტში რვა ადგილი დაიკავა. მათი მთავარი ინიციატივა ესტონეთში აბსოლუტური მონარქიის დაწესება იყო. 1994 წელს, პარტიამ ოფიციალურად მიწერა ბრიტანეთის პრინც ედუარდს და ესტონეთის მეფობა შესთავაზა. "სამწუხაროდ", პარტიამ ბრიტანეთის მონარქის დათანხმება ვერ შეძლო. 1995 წლიდან იგი ნელნელა გაქრა პოლიტიკური არენიდან.

7. Danish Union of Conscientiously Work-Shy Elements - ეს არის პარტია, რომელიც მუსიკოსმა, მსახიობმა და კომიკოსმა ჯეიკობ ჰაუგარდმა დანიაში, 1979 წელს დააარსა. მისი წევრები ამტკიცებდნენ, რომ ყველას ჰქონდა ზარმაცობის უფლება. მათი მოსაზრებით, თითოეულ ადამიანს დღეში რვა საათი უნდა ეძინა, რვა საათი უნდა დაესვენა და კიდევ რვა საათი თავისუფალი დრო ჰქონოდა. მათ ინიციატივას წარმოადგენდა უფრო დიდი საშობაო საჩუქრებით უზრუნველყოფა და მოკლე რიგები სუპერმარკეტებში. რამდენიმე წარუმატებელი არჩევნების შემდეგ, ჯეიკობ ჰაუგარდმა 1994 წელს საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მან 23 000 ხმა მიიღო.

8. The Official Monster Raving Loony Party - ეს პარტია 1983 წელს, დიდ ბრიტანეთში, მუსიკოსმა დევიდ სატჩმა დააარსა. ამ პარტიის ინიციატივას"მთელი ქვეყნის გასართობ პარკად გადაქცევა" და "რვა მილიონი სამუშაო ადგილის შექმნა" წარმოადგენდა. მათი რამდენიმე  ინიციატივა დაკანონდა კიდეც. მაგალითად შინაური ცხოველების პასპორტიზაცია. ამ პარტიის წევრები ქვეყნის მასშტაბით არაერთ საქალაქო საბჭოში აირჩიეს. მათი ნაწილი კი მოგვიანებით რამდენიმე ქალაქის მერიც გახდა.

9. "შვედეთის მეკობრეთა პარტია" - 2006 წელს მისი დაარსება ხუმრობას ჰგავდა. პარტიას სახელი მოუტანა საავტორო უფლებებთან დაკავშირებული კანონის წამოჭრამ.

მანამდე მსგავსი საკითხები არცერთ პარტიას არ დაუყენებია დღის წესრიგში. 2009 წელს პარტიამ ევროპარლამენტში ერთი ადგილი დაიკავა.

10. პოლონური "ლუდის მოყვარულთა პარტია" -  პარტია 1990 წელს დარეგისტრირდა და აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ დისკუსიებში, რომლებსაც ისინი ლუდხანებში ე.წ "პაბებში" მართავდნენ. პარტიამ 1991 წლის არჩევნებში პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატაში 16 ადგილი დაიკავა. მათი წარმატება ნაწილობრივ მათმა სახელმაც განაპირობა.

მომზადებულია listverse-ის მიხედვით

myquiz