რა უნდა ვიცოდეთ პირადი მონაცემების შესახებ ევროკავშირში მიღებულ ახალ რეგულაციაზე | Allnews.Ge

რა უნდა ვიცოდეთ პირადი მონაცემების შესახებ ევროკავშირში მიღებულ ახალ რეგულაციაზე

ევროკავშირში ძალაში შევიდა მონაცემთა დაცვის საერთო რეგულაცია, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ კომპანიებს ევროკავშირში პირადი მონაცემების შეგროვებისა და გადაცემის წესები ეცვლებათ.

ახალი კანონი ვრცელდება ნებისმიერ ორგანიზაციაზე, რომელიც ფლობს და იყენებს ევროკავშირში მცხოვრები ადამიანების მონაცემებს, მათ შორის ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მოქმედ ორგანიზაციებსაც. ასე მაგალითად, ინდოეთის სატელეფონო ცენტრს, რომელიც კომპანიებს ევროპაში პროდუქტების გაყიდვაში ეხმარება.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კომპანიები ცდილობდნენ ახალ რეგულაციებთან შესაბამისაობაში მოეყვანათ მონაცემთა თავიანთი პოლიტიკა. თუმცა, გამოკითხვის მიხედვით, კომპანიების 85 პროცენტი აცხადებს, რომ არ არიან მზად ახალი კანონისთვის ამ ეტაპზე, ხოლო 4-დან ერთი კომპანია აცხადებს, რომ წლის ბოლომდე ვერ დააკმაყოფილებენ ახალი რეგულაციების მოთხოვნებს.

რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში კომპანიას 20 მილიონი ევროს ოდენობით ან კომპანიის წლიური შემოსავლების 4%-ით დაჯარიმება ემუქრება.

პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორები აცხადებენ, რომ ისინი იქნებიან მკაცრები კანონდამრღვევების მიმართ.

"კომპანიებს, რომლებიც ჩვენი მონაცემებით ფულს შოულობენ, უფრო მეტი პასუხისმგებლობა მართებთ", - განაცხადა ევროკომისარმა იუსტიციის საკითხებში, ვერა ჯუროვამ.

უფლებადამცველებმა უკვე მოამზადეს საჩივარი Facebook-ის, Whatsapp-ის, Instagram-ის და Google-ის წინააღმდეგ, რომელბიც მათი განცხადებით ახალ კანონს არღვევენ.

"სიენენის" ცნობით, ბიზნესკომპანიებს კვლავ აქვთ უფლება თავიანთ მომხმარებლებს გაუგზავნონ ელექტრონული ფოსტები და მათი მონაცემები შეაგროვონ, თუმცა, ეს უნდა მოხდეს "კანონის ფარგლებში" და ადამიანების სურვილების გათვალისწინებით, ანუ თუ მომხმარებლებს სურთ რომ მათი პირადი მონაცემები კომპანიამ წაშალოს, ეს აუცილებლად უნდა შესრულდეს.

ახალი რეგულაცია ადამიანებს პირადი მონაცემების კონტროლის უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს.

myquiz