სომალის დედაქალაქში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 300-მდე გაიზარდა | Allnews.Ge

სომალის დედაქალაქში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 300-მდე გაიზარდა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 300-მდე გაიზარდა. ახალი ინფორმაცია მსხვერპლის რაოდენობის შესახებ AFP-მ მოგადიშოს სასწრაფო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელზე დაყრდნობით გაავრცელა.

სომალის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ტერაქტიდან ორი დღის შემდეგ მისი ორგანიზატორების ვინაობა კვლავ უცნობია. პასუხისმგებლობა მომხდარზე არავის აუღია, თუმცა ხელისუფლება თვლის, რომ ტერაქტის უკან შესაძლოა ისლამისტური დაჯგუფება "აშ-შებაბი" იდგეს. ეს დაჯგუფება უკვე 10 წელია ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეიარაღებულ ბრძოლას აწარმოებს.

პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ის სატვირთო ავტომობილით ჯერ სხვა ავტომობილებს და მოტოციკლეტებს შეეჯახა, შემდეგ კი ქალაქის ცენტრში ერთ-ერთ გზაჯვარედინზე შევარდა, სადაც ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. მომხდარის შედეგად რამდენიმე ახლომდებარე შენობა მთლიანად ან ნაწილობრივ დაინგრა.

თვითმხილველების ინფორმაციით, თავდასხმა 14 ოქტომბერს ერთ-ერთი სასტუმროს მახლობლად მოხდა, სადაც ხშირად მთავრობის წევრები და ჟურნალისტები ჩერდებიან. ერთ-ერთი ვერსიით, დამნაშავე ზუსტად ამ სასტუმროზე თავდასხმას აპირებდა.

myquiz