ნავთობი თუ იარაღი: რისთვის ჩავიდა საუდის არაბეთის მეფე რუსეთში? | Allnews.Ge

ნავთობი თუ იარაღი: რისთვის ჩავიდა საუდის არაბეთის მეფე რუსეთში?

საუდის არაბეთის მეფის სალმან ბენ აბდულ აზიზ ალ საუდის ისტორიული ვიზიტი რუსეთში რამდენიმე წლის განმავლობაში იგეგმებოდა. რუსეთის ოფიციალური პირები აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობას ხაზს პერმანენტულად უსვამდნენ. კრემლის ლიდერმა საუდის არაბეთის მონარქის სტუმრობას დასამახსოვრებელი მოვლენა უწოდა.

მეფესთან ერთად მოსკოვში 200 მაღალჩინოსანი და მსხვილი კომპანიების 85 მმართველი ჩავიდა.

როგორც ცნობილია, პირველ პირებს შორის გამართული მოლაპარაკების მთავარი თემა სირიას, ერაყს, ლიბიას, იემენს, სპარსეთის ყურეში მიმდინარე პროცესებსა და პალესტინა-ისრაელის ურთიერთობებს შეეხო.

ექსპერტების მოსაზრებით, რუსეთი საუდის არაბეთისგან მასშტაბურ ინვესტიციებსა და მსხვილ კონტრაქტებს ელოდება, მათ შორის იარაღთან დაკავშირებულ კონტრაქტებს. საუდის არაბეთი კი რუსეთ-ირანის ურთიერთობაში ცვლილებას ელის.

ერთ-ერთი პირველი თემა რაც ორი ქვეყნის ლიდერმა განიხილა სირიის კრიზისი იყო. ექსპერტის ალექსანდრ აქსენენოკის განმარტებით, ფაქტი რომ მხარეები სირიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწევენ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სირიის კრიზისის დარეგულირების პროცესში რუსეთის მიერ გაწეულ ძალისხმევას ოფიციალური ერ-რიადი პოზიტიურად აფასებს, მოსკოვი კი სირიის ოპოზიციური ძალების გაერთიანების საკითხში საუდის არაბეთს მხარს უჭერს.

თუმცა, შეიძლება თამამად ითქვას, რომ სირიის კრიზისის დარეგულირების პროცესში საუდის არაბეთისთვის საკვანძო მომენტი ირანის მონაწილეობაა. როგორც ცნობილია ახლო აღმოსავლეთის ამ ქვეყანაში არსებული საომარი სიტუაციის მოგვარების საკითხში მოსკოვი და თეირანი აქტიურად ურთიერთქმედებენ. იმის გამო რომ ირანი საუდის არაბეთის სტრატეგიული მოწინააღმდეგეა და ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა ფაქტობრივად ჩიხშია შესული, ერ-რიადი სირიის კრიზისის რეგულირების პროცესიდან ირანის გამოთიშვას ცდილობს. საუდის არაბეთისთვის დაუშვებელია თეირანის ქმედებები სირიაში, ერაყში, იემენში, ასევე მისი მონაწილეობა ყატარის ირგვლივ განვითარებულ პროცესებში.

"საუდის არაბეთს რუსეთის მიერ ირანისთვის შეიარაღების მიწოდების საკითხი განსაკუთრებით აწუხებს. შესაბამისად შეიძლება ითქვას რომ საუდის არაბეთის მეფის მოსკოვში ვიზიტი ირანისადმი რუსეთის დამოკიდებუილების შეცვლას ემსახურება", - განმარტა რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თანამედროვე აღმოსავლეთის კათედრის პროფესორმა გრიგორი კოსაჩმა.

მოსკოვი და ერ-რიადი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის შემდეგ არიან ოპონენტები მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებში. შეთანხმების მიღწევის მცდელობა არაერთხელ ყოფილა, თუმცა ნავთობისა და შეიარაღების მიწოდების საკითხებში პოზიციების დაახლოება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, განმარტა ექსპერტმა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ალექსეი მალაშენკომ.

თუმცა, შეიძლება უკანასკნელმა შეხვედრამ აღნიშნული პრაქტიკა შეცვალა. გამოცემა "კომერსანტის" წყაროს ცნობით, მოლაპარაკების შედეგებზე დამოკიდებულია გაფორმდება თუ არა ორ ქვეყანას შორის შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებული შეთანხმება, რომლის საერთო ღირებულებამ, შესაძლოა, 3 მილირად აშშ დოლარს გადააჭარბოს. კონტრაქტები ასევე ითვალისწინებს ერ-რიადისთვის საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400 "ტრიუმფის" მიწოდებას.

"თუ შეთანხმება მართლაც ითვალისწინებს С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის საუდის არაბეთისთვის მიწოდებას, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი იარაღით ორ მტრულ თუ არა დაპირისპირებულ ქვეყანას ამარაგებს, რადგან ცნობილია, რომ რუსეთმა С-300 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა თეირანს უკვე მიაწოდა", -აღნიშნა მალეშენკომ.

არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, მართლა აპირებს თუ არა რუსეთი მსგავსი ტიპის შეირაღების მიწოდებას საუდის არაბეთისთვის, თუმცა ცნობილია, რომ ერ-რიადი სამხედრო შეიარაღებას ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატებისგან იღებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი საერთო ინტერესი საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის ნავთობია. ორივე მათგანი მონაწილეობს ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმებაში. როგორც ცნობილია, რუსეთმა აღნიშნული შეთანხმებისგან დივიდენდები უკვე მიიღო და ნავთობის მოპოვების შემცირების ხარჯზე საწვავზე ღირებულება 2016 წლიდან დღემდე თითქმის მესამედით გაიზარდა, რის შედეგადაც ქვეყნის ბიუჯეტი 700 მილიარდიდან 1 ტრილიონამდე რუბლით შეივსო. საუდის არაბეთმა და რუსეთმა ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ შეთანხმების გახანგრძლივებაზე მოილაპარაკეს. გარდა ამისა, ცნობილი ხდება რომ ოფიციალური ერ-რიადი რუსულ პროექტებში 10 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

მომზადებულია "ბიბისის" მიხედვით

myquiz