მიხეილ სააკაშვილი ექსტრადიციაზე, მოქალაქეობასა და უკრაინაში გამგზავრებაზე | Allnews.Ge

მიხეილ სააკაშვილი ექსტრადიციაზე, მოქალაქეობასა და უკრაინაში გამგზავრებაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი დაკავების თეორიული შანსი არსებობს, თუმცა ამ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლებას მისი მოტაცების სცენარის გათამაშება მოუწევს. ამის შესახებ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" ბრიუსელიდან ჩართვისას განაცხადა.

"ჩემი დაკავების თემა არ არის ასეთი მარტივი თემა. მე უკრაინაში მილიონობით მხარდამჭერი მყავს, გაზვიადების გარეშე. ეს გამოჩნდა ამ დღეებშიც და წინა თვეებშიც. ერთია, რამდენი მოვა საზღვარზე და მეორე, რამდენი მიჭერს მხარს. მეორეც, ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ გააკეთონ - მომიტაცონ, ჩამტენონ სადღაც და გადამაგზავნონ, მაგალითად, საქართველოში.

თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ვინც ამას უბრძანებს (ამის ბრძანება შეუძლია მხოლოდ და მხოლოს პოროშენკოს), დაიჭერენ", - განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მის დასახვედრად, 10 სექტემბერს ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ძალის წარმომადგენლის ჩასვლა იგეგმება, მათ შორის იულია ტიმოშენკოც იქნება.

"რაც მე ვიცი, ყველა ოპოზიციური ძალის წარმომადგენელი აპირებს ჩამოსვლას, ყველა, ვინც რამეს წარმოადგენს, დაწყებული იულია ტიმოშენკოთი და გრიცენკოთი, რომელიც ძალიან პოპულარული პოლიტიკოსია. ლვოვის მერმა განაცხადა, რომ მისი გაერთიანება დაგვხვდება საზღვარზე და თვითონ ლვოვში მელოდება ეგრევე. ძალიან ბევრი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწეები, საზოგადოებისთვის ცნობილი ხალხი, ბევრი ჩვეულებრივი მოქალაქე, დნეპროპეტროვსკიდან, რომელიც აქედან მოშორებულია, ალბათ, 1500 კილომეტრით, ჩამოდის რამდენიმე ასეული ფერმერი, თავისი ტრანსპორტით, თვითონ ორგანიზებული, რათა დამხვდეს.

დნეპროპეტროვსკის ისე შეეშინდა ხელისუფლებას, ხალხი ამ სიშორიდან მოდის ჩემს დასახვედრად, რომ ჩაატარა სპეციალური თათბირი დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის გუბერნატორმა და შეხვედრის სათაური იყო "სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გავლენა დნეპროპეტროვსკის ოლქში სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაზე და ჩვენი განმარტებითი სამუშაო მოქალაქეებთან". სად დნეპროპეტროვსკი, სად მე, სად უკრაინა-პოლონეთის საზღვარი?! რაღაც ძალიან უჩვეულო ხდება უკრაინაში", - განაცხადა სააკაშვილმა.

წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში აღმოვჩდნი - მე არ მაქვს არც ერთი ქვეყნის მოქმედი დოკუმენტი - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ამის მიუხედავად, მას აქვს უფლება, ლეგალურად დაბრუნდეს უკრაინაში.

"საერთოდ საზღვარზე არგატარება არ გამოვა, რადგან პოლონეთის მხრიდან მე შევალ უკრაინაში. რა თქმა უნდა, მათ გადაწყვეტილი აქვთ საზღვარზე არ გამატარონ... მაგრამ იცით, რომ საბჭოთა კავშირის დროს ყველას ჯარში გვიწვევდნენ და მეც გამიწვიეს ჯარში, ვმსახურობდი სწორედ უკრაინის საზღვარზე, აღმოსავლეთ მხარეს, სლოვაკეთთან და უნგრეთთან. მაშინ სოციალისტურ ქვეყნებში ასეთი გამაგრებები არ იყო, რაც ახლა სპეციალურად პოროშენკომ გააკეთა პირველად ისტორიაში, პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე.

იქ რამდენიმე დღის წინ ჩაიტანეს ძალიან ბევრი ახალი მესერი, მავთულხლართები, ჩაიყვანეს ბეტეერები, რაღაც სპეცტექნიკა, გააორმაგეს მესაზღვრეთა რაოდენობა, სპეციალური ჯგუფები გააგზავნეს კიევიდან, ისინი ემზადებიან ჩემს არგასატარებლად. მაგრამ მე მაქვს უფლება, ლეგალურად დავბრუნდე უკრაინაში, რადგან წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში აღმოვჩდნი - მე არ მაქვს არც ერთი ქვეყნის მოქმედი დოკუმენტი. საქართველოში მართვის მოწმობაც დავკარგე და არ მაქვს მართვის მოწმობაც კი. ახლა რომ მკითხოთ რამე ლეგალური დოკუმენტი მაქვს თუ არა?! - არ მაქვს, უკრაინის პასპორტით გადავადგილდები, რომელსაც ევროპაში აღიარებენ ჩემს სპეციალურ შემთხვევაში. ამერიკიდანაც გამომიშვეს ამ დოკუმენტით, მაგრამ ფორმალურად ეს დოკუმენტი გაუქმებულია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ჟურნალისტის შენიშვნაზე, ე.ი. მას არ აქვს უკრაინის საზღვრის გადაკვეთის უფლება, სააკაშვილმა განაცხადა: "პოლონეთიდან რომ მოვფრინავდი ბრიუსელში, პასპორტს ხომ აძლევ ავიაკომპანიას, პასპორტისთვის არ დაუხედავს, ბიჭი გადმოხტა და ჩემთან სურათი გადაიღო. ასე რომ, ეს შველის ევროპის ტერიტორიაზე", - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, თუ ის არის მოქალაქეობის გარეშე პირი, ის მოქალაქეობის გარეშე პირი არის უკრაინაში.

"უკრაინაში მაქვს ჩემი ბინა, ჩემი პირადი ნივთები. ეს დაახლოებით ისეთი რაღაც არის, პურის საყიდლად რომ ჩახვიდე სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი, ფლოსტებში და როცა ამოხვალ, სახლის მეპატრონემ გამოგიცხადოს: აქ აღარ ცხოვრობ. საკეტი გამოცვლილი დაგხვდეს, ნივთების წასაღებადაც არ შემოგიშვებ და საერთოდ ვინ ხარ, წადი, სადაც გინდა მიჩივლე. ყველაფერი, რაც ჩემს წინააღმდეგ გაკეთდა, იყო ყველანაირი კანონის, კონსტიტუციის დარღვევა, ამიტომ სამართლებრივ ნორმებზე მაინც და მაინც ნუ ვილაპარაკებთ.

მე მაქვს სამართლებრივი უფლება უკრაინაში შესვლის და მე შევალ უკრაინაში. როგორ?! - მაგას ვნახავთ 10-ში", - განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შესაძლოა, ევროპარლამენტარებმა მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე სპეციალური რეზოლუცია მოამზადონ. მისივე თქმით, უკვე გადაწყვეტილია, რომ 10 სექტემბერს ის უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე შეხვედრას გამართავს.

"10 სექტემბერს, როგორც გამოვაცხადე, წავალ პოლონეთიდან უკრაინაში. ჩავალ სასაზღვრო-სახმელეთო პუნქტზე, პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე. იქ ვაწყობთ შეხვედრას. დამხვდებიან უკრაინელი პოლიტიკოსები და მრავალი ათასი ჩვენი მხარდამჭერი. როგორც მეუბნებიან, რამდენიმე ათასი აპირებს ჩემთან ერთად პოლონეთიდან წამოსვლას. მე არ მინდა, რომ პოლონეთის მხარეს რაიმე ექსცესები მოვაწყოთ, ამიტომ ამას მაქსიმალურად თავს ვარიდებ. თუმცა, პოლონეთში მცხოვრები უკრაინელები მოდიან. მე მქონდა რამდენიმე შეხვედრა პოლონეთში დიასპორასთან და უკრაინულ დიასპორაში პოლონეთში ვარ ძალიან პოპულარული. ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს. ასე შევალთ უკრაინაში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იქნებიან თუ არა ევროპარლამენტარები მასთან ერთად, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ არ გამორიცხავს.

"ევროპარლამენტში დიდი მხარდაჭერა მქონდა იმ თვალსაზრისით, რომ მრავალმა ევროპარლამენტარმა გამოაქვეყნა განცხადება, პირდაპირი მიმართვა, რამდენიმემ დაურეკა პოროშენკოს. პლენარულ სესიაზე, რომელიც იხსნება სტრასბურგში 11-ში, რამდენიმე პარლამენტარი არის ჩაწერილი განცხადებით ჩემს საკითხზე. არ გამორიცხავენ ევროპარლამენტის სპეციალური რეზოლუციის მომზადებას. თუ საზღვარზე ვინმე მოვა, ესეც არ არის გამორიცხული", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

myquiz