"ირმა", "ჰარვი", "კატრინა" - რატომ არქმევენ ქარიშხლებს სახელებს? | Allnews.Ge

"ირმა", "ჰარვი", "კატრინა" - რატომ არქმევენ ქარიშხლებს სახელებს?

ქარიშხალ "ჰარვის" შემდეგ "ირმა".. ატლანტის ოკეანეში მორიგი ძლიერი ქარიშხლის გამო, პუერტო-რიკოსა და აშშ-ს ფლორიდის შტატში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, შესაძლოა "ირმა" ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იყოს.

აშშ-ში ძლიერი შტორმები და ქარიშხლები საკმაოდ ხშირია. ყველას თავისი სახელი აქვს. საინტერესოა, როგორ ერქმევათ ქარიშხლებს სახელები? "ამერიკის ხმა" განმარტავს, თუ რა საჭიროა ქარიშხლებისთვის სახელების დარქმევა?

უსახელო შტორმები და ქარიშხლები მეტეოროლოგებს, მკვლევარებს, გემების კაპიტნებს, მაშველებს და ჩვეულებრივ ადამიანებს ცხოვრებას ძალიან გაურთულებდნენ. სახელები ამარტივებს კომუნიკაციას და, შესაბამისად, უსაფრთხოების დონეს ზრდის. სწორედ ამიტომ მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ შექმნა სპეციალური სია, რომელიც ყოველ წელს ახლდება.

რას არქმევდნენ ქარიშხლებს მანამ, სანამ სახელების მინიჭების სისტემა შემოიღეს?

ქარიშხლებს ხშირად წმინდანების სახელებს ანიჭებდნენ. მაგალითად, ქარიშხალს, რომელმაც პუერტო-რიკოს წმინდა ანას ხსენების დღეს, 1825 წლის 26 ივლისს მიაღწია, დაარქვეს - წმინდა ანა. ზოგჯერ სახელს იმის მიხედვით არჩევდნენ, თუ რომელმა ტერიტორიამ იზარალა ყველაზე მეტად, ხანდახან კი სახელი ქარიშხლის ფორმას უკავშირდებოდა. ზუსტად ამ პრინციპით 1935 წელს ერთ-ერთ ქარიშხალს "ქინძისთავი" უწოდეს.

რამდენი სახელია ამ სიაში?

ყოველ წელს სიაში 21 სახელი შეაქვთ - ანბანის ასობგერების რაოდენობის მიხედვით, Q, U, X, Y და Z-ს გარდა. სახელები რიგის მიხედვით გამოიყენება: სეზონის პირველ ქარიშხალს არქმევენ სახელს, რომელიც А-თი იწყება, მეორეს - В-თი და ა.შ.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი ანბანის ყველა ასო უკვე გამოყენებულია?

ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება: როგორც წესი, ტროპიკული შტორმების და ქარიშხლების რიცხვი 21-ს არ აღემატება. მაგრამ თუ ეს მაინც მოხდება, საქმეში ბერძნული ანბანი ერთვება. ქარიშხლებს ალფას, ბეტას, გამას, დელტას და ა. შ. არქმევენ.

როდის ენიჭებათ ქარიშხლებს ქალის და როდის - მამაკაცის სახელი?

თავდაპირველად ყველა ქარიშხალი "ქალი" იყო. სტიქიური უბედურებებისთვის ქალის სახელების დარქმევა სამხედრო მეტეოროლოგებმა მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყეს. 1953 წელს ეს მეთოდი ოფიციალურად დამტკიცდა, მაგრამ 1978 წლიდან სიტუაცია შეიცვალა და სიებში მამაკაცის სახელებიც გამოჩნდა.

რამდენი სახელი გამოიყენეს მეტეოროლოგებმა მიმდინარე წელს?

2017 წლისთვის ატლანტიკური სანაპიროს ქარიშხლებისთვის დაწესებული სახელები ასე გამოიყურება: არლინი, ბრეტი, სინდი, ემილი, ფრანკლინი, ჰარვი, ირმა, ხოსე, კატია, ლი, მარია, ოფელია, ფილიპე, რინა, სინი, ტემი, ვინსი და უიტნი. ახლა ტეხასში ქარიშხალ "ჰარვის" შედეგებს ერბძვიან. ეს სიის მეექვსე სახელია, დარჩა კიდევ 12. მაგრამ, სავარაუდოდ, ისინი გამოუყენებელი დარჩება.

შესაძლებელია თუ არა, რომ ქარიშხალი "გადადგეს"?

კი, თუკი ის ძალიან გამანადგურებელი იქნება. ამ შემთხვევაში იმავე სახელის გამოყენება დაზარალებულთათვის შესაძლოა ძალიან მტკივნეული იყოს. მაგალითად, "კატრინა" არცერთ ქარიშხალს აღარ დაერქმევა. ის სახელების სიიდან ამოიღეს და მომავალში აღარასდროს გამოიყენებენ.

myquiz