ვის ემუქრება რუსეთი და რამდენად სერიოზულია მისი მუქარა? | Allnews.Ge

ვის ემუქრება რუსეთი და რამდენად სერიოზულია მისი მუქარა?

ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები გასულ კვირას, ბრიუსელში შეიკრიბნენ და აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერების შუალედური შედეგები შეაჯამეს.

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სტრატეგია რუსეთის მეზობელ ევროპულ ქვეყნებში სამხედრო ძალის გაძლიერებას გულისხმობს, რაც მიზნად ოფიციალური მოსკოვის ექსპანსიური ქმედებების შეჩერებას ისახავს.

მოცემული მომენტისთვის ნატოს გენერალიტეტმა აღმოსავლეთ ევროპაში 4 სამხედრო ბატალიონი განათავსა - ერთი მათგანი პოლონეთშია დანარჩენი სამი კი ბალტიისპირეთში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დასავლეთ ევროპაში ჯავშანტექნიკის ქვედანაყოფების დაბრუნებაც დაიწყო. ყველა ამ ნაბიჯის გადადგმა, ყირიმის ანექსიისა და მოსკოვის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული მოქმედებების მხარდაჭერის შემდეგ გახდა აუცილებელი.

თუ რუსეთი ევოროპაში ცივი ომის შემდეგ დამკვიდრებული წესრიგის დარღვევას, უკრაინისა და უფრო ადრე, საქართველოს ტერიტორიის ანექსიის გზით შეეცადა, ნატოს წევრი ქვეყნები არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი ბედი შეიძლება ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც გაიზიარონ.

კრემლში სულ უფრო ხშირად განმარტავენ, რომ ქვეყნის დასავლეთ საზღვრებთან სამხედრო წარმომადგენლობის გაფართოვება ნატოს მიერ გადადგმული ნაბიჯების საპასუხო რეაქციაა. თუმცა, ექსპერტები რუსეთის ქმედებების მიღმა გაცილებით კომპლექსურ და შორსმიმავალ მიზნებს ხედავენ.

"რუსეთს სურს დაგვარწმუნოს, რომ მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესი და შეიარაღებული კონფლიქტისთვის მზადება ნატოს მიერ გადადგმული ნაბიჯების საპასუხო ქმედებაა, მაგრამ ეს უბრალოდ არ შეესაბამება სინამდვილეს"- აცხადებს კონფლიქტების შემსწვალელი ცენტრის დირექტორი კირ ჯაილსი.

"რუსეთის ჯარების შეიარაღებისა და რეორგანიზაციის ძვირადღირებული პროგრამა, უკრაინის კრიზისის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე ამოქმედდა.

ნატო იმ დროს თავისი სამხედრო წარმომადგენლობის შემცირებას ცდილობდა"-ამბობს ჯაილსი.

ჰარვარდის უნივერსიტეტის თანამშრომელი დიმიტრი ჰორენბურგი მიიჩნევს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის პროცესი ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო. ეს საქართველოსთან მიმდინარე კონფლიქტისას გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად გადადგმული ნაბიჯი იყო.

ჰორენბურგის თქმით, რუსეთმა ჯერ გადაწყვეტილების მიღებისა და განკარგულების გაცემის ოპერატიულობაზე დაიწყო მუშაობა, შემდეგ შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სახეობებს შორის ურთიერთქმედების დახვეწის პროცესზე გადავიდა, ბოლოს კი საბჭოთა დროინდელი შეიარაღები გამოცვლა დაიწყო.

შედეგი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. კენანის ინსტიტუტის თანამშრომლის მაიკლ კოფმანის განმარტებით, 2012 წლისთვის, რუსეთმა თავისი შეიარაღებული ძალების რეორგანიზაცია შეძლო, უარი თქვა მასობრივი მობილიზაციის საბჭოურ მოდელზე და მუდმივი ჯარი შექმნა. პარალელურად, რეგულარულად მოწმდებოდა სამხედრო მზადყოფნა და ტარდებოდა წვრთნები. შედეგად კი, 2014 წელს რუსეთმა შეძლო 2008 წელს საქართველოსთან ომის პროცესში გამოაშკარავებული ნაკლის სრულად აღმოფხვრა.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეორგანიზაციის თავდაპირველი მიზანი უკრაინასთან კონფილიქტისთვის მზადება იყო.

მაგრამ შეიძლება თუ არა ითქვას, რომ მიუხედავად ოფიციალური მოსკოვის ინტერესისა, უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, ნატო ზედმეტად მწვავედ რეაგირებს რუსეთის სამხედრო საფრთხეზე?

ექპერტები მიიჩნევენ, რომ კრემლისგან მომდინარე საფრთხეს დასავლეთის ქვეყნები საკმარისად სერიოზულად არ აღიქვამენ.

"პირდაპირი სამხედრო გამოწვევა რუსეთის მხრიდან და მისი მზობა მიაყენოს მეზობელ ქვეყნებს დარტყმა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ დასავლეთის ქვეყნებს გაეაზრებინათ მოსკოვისგან მომავალი საფრთხე და საბოლოოდ დაფიქრებულიყვნენ თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებაზე"- აღნიშნა კირ ჯაილსმა.

ექსპერტი მიიჩნევს რომ ნატოს წევრი ზოგიერთი ქვეყანა უარს ამბობს სიმბოლური მოვალეობის შესრულებაზეც კი, რომელიც სამხედრო ხარჯების გასაწევად არის საჭირო და თვითოეულ ქვეყანას მთლიანი შიდა პროდუქტის 2% უჯდება.

ნატოს წევრ ქვეყნებს არახელსაყრელი პოლიტიკური რეალობის მიღება არ სურთ, რეალობა კი ის არის, რომ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, რუსეთმა თავისი სამხედრო შეიარაღების სრული რეორგანიზაცია მოახერხა.

ექსპერტები განმარტავენ რომ ამ დროისთვის, რუსეთს ნებისმიერი პოსტ საბჭოთა ქვეყნის სამხედრო წინააღმდეგობის დამარცხება შეუძლია.

სპეციალისტები რუსეთის ბირთვულ შეიარაღებაზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ რუსეთი არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების დონეზეა ამ მხრივ, არამედ მან რეალურად გაუსწრო ვაშინგტონს ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების მოდერნიზაციის კუთხით.

ზემოთთქმულის შეჯამებისას ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად რუსეთთან არსებული დაპირისპირების გამო ნატოს წევრი ქვეყნების წუხილისა, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო კავშირია, რომელსაც საფუძლად დიდი სამხედრო ძალა უდევს და ნებისმიერი წამოწყებული კონფლიქტი რუსეთისთვის კატასტროფით დასრულდება.

ექსპერტების თქმით, ამ მხრივ უფრო მეტად გასათვალისწინებელი რუსეთის საინფორმაციო და კიბერ წინააღმდეგობაა.

myquiz