ბარაკ ობამას გზა "აუტსაიდერობიდან" - პრეზიდენტობამდე | Allnews.Ge

ბარაკ ობამას გზა "აუტსაიდერობიდან" - პრეზიდენტობამდე

აღტაცებული აუდიტორიის დასამშვიდებლად ბარაკ ობამამ მადლობა 32-ჯერ გადაიხადა და ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ დენვერში 75 ათასი მხარდამჭერისა და გულშემატკივრის წინაშე, დემოკრატიული პარტიის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მის წარდგენას თავადაც მხარი დაუჭირა.

2008 წლის 28 აგვისტოს ე.წ აუტსაიდერი, რომელმაც 2000 წელს კონგრესის წარმომადგნელთა პალატაში ადგილი ვერ მოიპოვა, პრეზიდენტობის ერთადერთი რეალური კანდიდატი გახდა.

ადამიანმა, რომელსაც 2004 წლამდე თითქმის არავინ იცნობდა, შიდაპარტიულ არჩევნებში აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი და სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი დაამარცხა და რესპუბლიკელ სენატორ ჯონ მაკკეინს დაუპირისპირდა.

ობამას პრეზიდენტობის 8 წელი და 15 დასამახსოვრებელი კადრი

ეთნიკური უმცირესობების ფავორიტმა ხმათა საერთო რაოდენობის 52,9% მიიღო და მოწინააღმდეგეს 7,2%-ით აჯობა, ამასთანავე, ამომრჩეველთა კოლეგიის 538 ხმიდან 365 მოიპოვა და ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი აფრო-ამერიკელი პრეზიდენტი გახდა, თეთრი სახლის პირველი ლიდერი, რომლიც კონტინენტს მიღმა დაიბადა.

 

"ცვლილება, რომლისაც გვჯერა" ამ ლოზუნგით დაიწყო ბარაკ ობამას წინასსარჩევნო კამპანია, რომლის განუყოფელი ნაწილი ამერიკის დროშის ფერებში გადაწყვეტილი ამომავალი მზის ლოგო და "იმედის" პოსტერი იყო. იმედსა და ცვლილებებზე დაფუძნებული კამპანიის მთავარი დაპირებებიც მშვიდობის დამყარება, სხვადასხვა ქვეყანაში განთავსებული სამხედრო დანაყოფების სამშობლოში დაბრუნება, ლობისტების გავლენის შესუსტება, ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ჯანდაცვის სისტემაში ძირეული ცვლილებების განხორციელება იყო.

670 მილიონიანი წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი გათვლა ახალგაზრდებზე მოდიოდა.

შესაბამისი სამიზნე აუდიტორიის ასათვისებლად ბარაკ ობამა პრეზიდენტობის პირველი კანდიდატი გახდა, რომელმაც კამპანია ვირტუალურ სივრცეში გადაიყვანა და 18-27 წლამდე ახალგაზრდებისთვის ხმის მისაწვდენად Facebook და MySpace გამოიყენა.

საკუთარი იდეოლოგიისა და ხედვების ქვეყნის შიგნით გაპიარებას არ დასჯერდა და 2008 წლის ივლისში ქუვეითს, ავღანეთს, ერაყს, იორდანიას, დასავლეთ სანაპიროს იგივე West Bank-ს, ისრაელს, გერმანიას, საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოს ეწვია, სადაც ქვეყნების პირველ პირებს შეხვდა და მილიონიანი აუდიტორიის წინაშე, მსოფლიოს განვითარების პერსპექტივებზე, გამოწვევებსა და საკუთარ ხედვებზე ისაუბრა.

როგორ ერთობიან ბავშვები ამერიკის პრეზიდენტთან ერთად

აღნიშნული ნაბიჯის წყალობით, ბარაკ ობამამ აფრო-ამერიკელებისა და ახალგაზრდების შემდეგ, უკვე ამერიკელი ებრაელები მიიმხრო, რომლებმაც პარალელური კამპანია წამოიწყეს, სახელწოდებით "ისრაელი ობამასთვის".

მოსახლეობის ნდობის მოპოვების შემდეგ, თეთრი სახლის ლიდერმა აქტიური საგარეო და საშინაო პოლიტიკის წარმოება დაიწყო.

პირველი საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში მან გადასახადების, ასევე უმუშევრობის დონის შემცირებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე დაიწყო მუშაობა. ობამას საშინაო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად კი მაინც ჯანდაცვა იქცა, რომელიც ObamaCare-ის სახელით არის ცნობილი.

"ამ საღამოს მე შემიძლია ამერიკის მოსახლეობასა და მსოფლიოს ვაცნობო რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა ოპერაცია, რომლის დროს ალ-ქაიდას ლიდერის ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდირება გახდა შესაძლებელი"- ეს მომენტი ბარაკ ობამას საგარეო პოლიტიკისა და ტერორიზმთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური და დასამახსოვრებელი ეპიზოდია.

საგარეო პოლიტიკის ფარგლებში, ბარაკ ობამამ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო შენაერთების ერაყიდან გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ამასთანავე, ავღანეთში სამხედრო წარმომადგენლობაც შეამცირა. ობამას პრეზიდენტობის პირველ ვადას უკავშირდება ლიბიაში ინტერვენცია და მუამარ კადაფის წინააღმდეგ წარმოებული ოპერაცია.

სიტყვა "პირველი" ერთ-ერთი იმ სინონიმთაგანია, რომელიც თეთრი სახლის ლიდერმა საკუთარ იმიჯს წარმატებით მოარგო. პრეზიდენტობის მეორე ვადისას, ის უკანასკნელი 57 წლის განმავლობაში, პირველი მოქმედი პრეზიდენტი გახდა, რომელიც კუბის დედაქალაქ ჰავანას სამ დღიანი ვიზიტით ეწვია და ამერიკა-კუბის ურთიერთობაში წინ გადადგმული ნაბიჯების გაღრმავებას შეუწყო ხელი.

"სექსიზმთან ბრძოლა ყველა მამაკაცის ვალია" - ბარაკ ობამა ფემინიზმზე საუბრობს

ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევა კიდევ ერთი ისტორიული მოვლენაა, რომელიც ოფიციალური ვაშინგტონისა და პირადად ბარაკ ობამას პატრონაჟით განხორციელდა. 2015 წლის 14 ივლისს, ვენაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, ჩინეთმა, რუსეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ ირანთან ბირთვულ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, რომელიც ირანს ატომური ბომბის შექმნას უკრძალავს, სანაცვლოდ კი ეკონომიკური სანქციების მოხსნას სთავაზობს.

ლიბერალური პოლიტიკის მომხრემ, რუსეთის წინააღმდეგაც კი რბილი ძალის პოლიტიკის წარმოება გადაწყვიტა.

თუმცა, იმავეს თქმა არ შეიძლება ტერორისტული დაჯგუფებების, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთში მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფება"ისლამური სახელმწიფოს" მიმართ. კოალიცია აშშ-ის მეთაურობით პერმანენტულად ახორციელებს საჰაერო თავდასხმებს ჯიჰადისტების პოზიციებზე, რაც მათ გავლენის სფეროების შემცირებას და სირიასა და ერაყში მშვიდობის დამყარებას ემსახურება.

"დიახ, ჩვენ შეგვიძლია"-ამ მოწოდებით დაიწყო აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა საკუთარი მოღვაწეობა და ამავე იმედითა და "ამერიკული ოცნების" კვლავ განხორციელების სურვილით, მან მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაში მხარი ყოფილ კონკურენტს, დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, ჰილარი კლინტონს დაუჭირა.

 

მოამზადა სალომე აბულაშვილმა

myquiz