The Washington Post - დონალდ ტრამპის მრჩეველი საგარეო საკითხებში "გაზპრომის" კონსულტანტი იყო | Allnews.Ge

The Washington Post - დონალდ ტრამპის მრჩეველი საგარეო საკითხებში "გაზპრომის" კონსულტანტი იყო

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მრჩეველს საგარეო პოლიტიკის საკითხებში რუსეთთან საქმიანი კავშირები აქვს. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი წერს.

გამოცემის თანახმად, კარტერ პეიჯი აშშ-ის სამხედრო-საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის სადაზვერვო სამსახურში მუშაობდა, რის შემდეგაც მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც Merrill Lynch-ის საინვესტიციო ბანკში მუშაობდა, შემდეგ კი "გაზპრომის" მრჩეველი გახდა. სწორედ მაშინ პეიჯმა შეიძინა "გაზპრომში" შემავალი ერთ-ერთი კომპანიის აქციები და საინვესტიციო ფირმა Global Energy Capital დაარსა.

The Washington Post წერს, რომ კარტერ პეიჯი პრორუსული განცხადებებით არის ცნობილი, მაგალითად გასულ თვეს ის მოსკოვს ეწვია, სადაც ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკა.

დონალდ ტრამპის პრესმდივნის ცნობით, კარტერ პეიჯი ტრამპის "არაფორმალური" მრჩეველია, თუმცა, როგორც The Washington Post აღნიშნავს, გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში თავად ტრამპმა დაადასტურა, რომ კარტერ პეიჯი მისი მრჩეველია.

The Washington Post ასევე აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობს უკრაინის ექს-პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილი მრჩეველი პოლ მანაფორტი.

myquiz