მსოფლიო ლიდერები ნიცაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებენ | Allnews.Ge

მსოფლიო ლიდერები ნიცაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებენ

მსოფლიო ლიდერები ნიცაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებენ და საფრანგეთს სოლიდარობას უცხადებენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ნიცაში მომხდარ თავდასხმას "საზარელი ტერორისტული აქტი" უწოდა და საფრანგეთს თანაგრძნობა და სოლიდარობა გამოუცხადა.

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ტერაქტს "ბარბაროსული და სულმდაბალი თავდასხმა" უწოდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა კი ევროკავშირის სახელით საფრანგეთს მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ ევროპა ფრანგ ხალხთან ერთადაა.

ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, ევროპა ტერორიზმთან ბრძოლას გააგრძელებს "როგორც საზღვრების შიგნით ისე გარეთაც". მან ნიცაში მომხდარ ტრაგედიას უწოდა "უდანაშაულო ადამიანებზე თავდასხმა თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის დღეს".

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ფრანგ ხალხს აშშ-ის სახელით სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მზად არის, საფრანგეთს ნებისმიერი სახის დახმარება გაუწიოს.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ ნიცაში მომხდარი მოვლენებით შოკირებულია, გერმანიის პრეზიდენტმა იოაჰიმ გაუკმა კი ტერაქტს უწოდა "თავდასხმა თავისუფალი სამყაროს ფასეულობებზე".

გუშინ ადგილობრივი დროით 23:00-ზე ნიცაში, სადაც მოსახლეობა ეროვნულ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში უზარმაზარი სატვირთო ავტომობილი შევარდა.

თვითმხილველების ცნობით, მძღოლი განგებ ატარებდა მანქანას ისე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაესრისა.

ტერორისტმა დაახლოებით 2 კილომეტრის გზა გაიარა, რის შემდეგაც სატვირთო მანქანა გააჩერა და იქ მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა.

ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდასხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს.

სატვირთო მანქანაში დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა და იარაღი აღმოაჩინეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ მძღოლი 31 წლის ტუნისელი იყო. სააგენტო "როიტერის" ცნობით, ის სამართალდამცავი ორგანოებისთვის დანაშაულებრივი ქმედებების გამო ადრეც იყო ცნობილი.

პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ორგანიზატორი სავარაუდოდ, "ისლამური სახელმწიფოა".

myquiz