"ფუკუშიმას" ელექტროსადგურიდან რადიაქტიური წყალი კვლავ ჟონავს - ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კატასტროფიდან 5 წელი გავიდა | Allnews.Ge

"ფუკუშიმას" ელექტროსადგურიდან რადიაქტიური წყალი კვლავ ჟონავს - ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კატასტროფიდან 5 წელი გავიდა

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოგენური კატასტროფიდან 5 წელი გავიდა. იაპონიაში ამ ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით სამგლოვიარო ღონისძიებები იმართება.

იაპონელებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ და იმპერატორმა აკიჰიტომ კი, ტოკიოში მდებარე მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

2011 წლის 11 მარტს იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთში 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც 40 მეტრის სიმაღლის ცუნამი გამოიწვია. სტიქიურ უბედურებას 16 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 600-მდე კი გზო-უკვლოდ დაიკაგრა, ამასთან განადგურდა 127 000-ზე მეტი სახლი, ხოლო მილიონზე მეტი დაზიანდა.

ბუნებრივი კატასტროფის შედეგად იაპონიის "ფუკუშიმა დაიჩის" ატომური ელექტროსადგურის ბირთვულ რეაქტორებზე აფეთქებების სერია მოხდა. 20 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები 150 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ტრაგედიიდან მეხუთე წლისთავზე იაპონიის ხელისუფლება კვლავ არ იშურებს ძალისხმევას, რომ ტექნოგენური კატასტროფის შედეგები მალე აღმოფხვრას.

გუშინ "ფუკუშიმას" ოპერატორმა კომპანიებმა განაცხადეს, რომ რადიაქტიური წყლის გაჟონვის შესაჩერებლად კიდევ 4 წელიწადია საჭირო.

დღეის მონაცემებით, დაბინძურებული წყლის მოცულობა 750 000 ტონას აღემატება. რადიაქტიური წყლის ნიადაგში გაჟონვის შესაჩერებლად 2014 წლიდან ე.წ ყინულის კედელს აშენებენ.

ამ პროექტის თანახმად, "ფუკუშიმა დაიჩის" ქვეშ განთავსდება 1 550 მილი, რომლის დახმარებითაც, სპეციალური ნივთიერებების საშუალებით, ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიას გაყინავენ და ამით რადიაქტიური წყლის გაჟონვას შეაჩერებენ.

თუმცა, ყველაზე რთული ეტაპი ჯერ კიდევ წინ არის - "ფუკუშიმა დაიჩის" მიმდებარე ტერიტორიიდან რადიაქტიური ნაგვის გატანა მხოლოდ 2021 წლისთვის იგეგმება.

სანამ სპეციალისტები ავარიის შედეგების ლიკვიდირებაზე მუშაობენ, მოსახლეობას დღემდე ვერ გადაუწყვეტია, დაბრუნდეს თუ არა მიტოვებულ სახლებში.

იაპონიის ხელისუფლების ცნობით, რადიაციის დოზის შესამცირებლად "ფუკუშიმას" მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე გაიტანეს 9 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის რადიაქტიური მიწა.

როგორ მოსალოდნელია, 2017 წლის გაზაფხულისთვის, ევაკუირებული მოსახლეობის 70%-ს სახლებში დაბრუნების უფლებას მისცემენ. თუმცა, ბევრი მათგანი მიიჩნევს, რომ რადიაციის დონე კვლავ მაღალია, ამიტომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

"მოსახლეობაში ჩატარდა განმარტებითი ღონისძიებები რადიაციის ზეგავლენის შესახებ", - აცხადებს კაცუნობუ საკურაი - ქალაქ მინამისომას მერი, საიდანაც ავარიის დროს 14 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, - "ბევრისთვის რთულია დაბრუნების გადაწყვეტილების მიღება, რადგან მათ არ იციან, რადიაციის რა დონეა მათი სიცოცხლისთვის უსაფრთხო".

"ფუკუშიმა დაიჩიზე" მომხდარი კატასტროფა ყველაზე მასშტაბურია 1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ.

ექსპერტების ნაწილის პროგნოზით, ავარიის შედეგების სრული აღმოფხვრისთვის კიდევ 40 წელიწადია საჭირო. კატასტროფით გამოწვეული ზარალი კი 100 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

myquiz