ევროპელი დეპუტატები რუსეთს მოუწოდებენ, ნადეჟდა სავჩენკო გაათავისუფლოს | Allnews.Ge

ევროპელი დეპუტატები რუსეთს მოუწოდებენ, ნადეჟდა სავჩენკო გაათავისუფლოს

ევროპელი დეპუტატები რუსეთს მოუწოდებენ, უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო გაათავისუფლოს. ევროპარლამენტის წევრები სავჩენკოს წერილით მიმართავენ, რომელიც მისმა ადვოკატმა მარკ ფეიგინმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

წერილში ევროდეპუტატები აცხადებენ, რომ სავჩენკოს გათავისუფლებისთვის ბრძოლას გააგრძელებენ და უკრაინელ მფრინავს "კრემლის უსამართლო რეჟიმის მსხვერპლს" უწოდებენ.

ევროპელი დეპუტატები სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით მოსკოვს ევროპარლამენტის ყველა რეზოლუციაში მოუწოდებენ, რომელიც უკრაინას შეეხება და ამ საკითხს განსახილველად გაიტანენ რუს კოლეგებთან შეხვედრებაზე.

თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ შეშფოთება გამოთქვა, რომ ნადეჟდა სავჩენკომ მშრალი შიმშილობა დაიწყო. უკრაინელმა მფრინავმა პროტესტის ამ უკიდურეს ზომას გუშინ მიმართა.

ნადეჟდა სავჩენკოს ბრალად ედება რუსი ჟურნალისტების მკვლელობა, რომლებიც უკრაინის ლუგანსკის ოლქში 2014 წლის ივნისში დაიღუპნენ. თავად სავჩენკო ყველა ბრალდებას უარყოფს.

myquiz