ვირუსი "ზიკა" - მსოფლიო ახალი ეპიდემიის საფრთხის წინაშეა | Allnews.Ge

ვირუსი "ზიკა" - მსოფლიო ახალი ეპიდემიის საფრთხის წინაშეა

ვირუსი "ზიკა", რომელიც ჯერ მხოლოდ ლათინური ამერიკის ქვეყნებშია გავრცელებული, ევროპასაც მიუახლოვდა. დაინფიცირების პირველი შემთხვევა დღეს დანიაშიც დაფიქსირდა. როგორც გაირკვა, დაინფიცირებულმა პირმა სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტებზე იმოგზაურა.

გუშინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა აშშ-შიც. კერძოდ, ვირჯინიის შტატში. მომხდარის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერმა ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მათ სასწრაფოდ პრევენციული ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

"პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საჭიროა სასწრაფო კვლევითი სამუშაოების ჩატარება იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს უკეთესი დიაგნოსტიკა, ასევე საჭიროა შეიქმნას ვაქცინა და შემუშავდეს მკურნალობის მეთოდები. ასევე "ზიკას" ვირუსის შესახებ მოქალაქეების ინფორმირება უნდა მოხდეს", - წერია თეთრი სახლის განცხადებაში.

აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ფრანსის კოლინსის თქმით, ვირუსის გავრცელების რისკები თბილ ამინდში უფრო დიდია. ამიტომაც იმ ტერიტორიაზე სადაც ნესტიანი ჰავაა, ვირუსის გავრცელების ალბათობა ნაკლებია.

"ზიკას" ვირუსი ოქტომბრის შემდეგ კარიბის ზღვის რეგიონსა და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე უკვე დაფიქსირდა. ყველაზე მეტი შემთხვევაა ბრაზილიაში, რის გამოც ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, პრევენციულ სამუშაოებში 220 000 სამხედრო ჩაერთო. ისინი მაქსიმალურად მივლენ ყველა ოჯახში და მათ საინფორმაციო ბუკლეტებს დაურიგებენ.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ "ზიკას" ვირუსის შედეგად ათასობით ბავშვი განუვითარებელი ტვინით დაიბადა. ამიტომაც ზოგიერთ ქვეყანაში აღნიშნული ინფექციის საშიშროების გამო, ქალებს დაფეხმძიმებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ, ხოლო ფეხმძიმეებს ურჩევენ არ იმოგზაურონ ისეთ ადგილებში, სადაც დაინფიცირების რისკი მაღალია.

ვირუსის გავრცელების სიჩქარის მიუხედავად, "ზიკას" ვირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ვირუსის შესახებ არ არსებობს სიღრმისეული კვლევები და შესაბამისად მისი დიაგნოზირებაც ჯერ რთულია.

ფაქტები "ზიკას" ვირუსის შესახებ:

- ვირუსი ადამიანზე კოღოს კბენით გადადის

- ვირუსი პირველად 1940-იან წლებში აფრიკაში აღმოაჩინეს

- მეცნიერები აცხდებენ, რომ თანდათან უფრო მეტი სამხილი აქვთ იმისა, რომ ვირუსი მიკროცეფალიას (პათოლოგიურად პატარა თავი, თანდაყოლილი ტვინის განუვითარებლობა) იწვევს

- ვირუსის სიმპტომებს ძირითადად თავის ტკივილი, სიცხე და კონიუქტივიტი წარმოადგენს, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში მას სიმპტომები არ აქვს

- ჯერჯერობით არ არსებობს აღნიშნული ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და მკურნალობის მეთოდები

-"ზიკას" ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთადერთი გზა იმ დამდგარი წყლების განადგურება, სადაც მწერები იკვებებიან. ასევე, კოღოს კბენის თავიდან აცილება.

myquiz