BBC: რას მოუტანს მსოფლიოს ირანისთვის სანქციების მოხსნა? | Allnews.Ge

BBC: რას მოუტანს მსოფლიოს ირანისთვის სანქციების მოხსნა?

"რას მოუტანს მსოფლიოს ირანისთვის სანქციების მოხსნა", - ამ სათაურით აქვეყნებს "ბიბისის" სტატიას, სადაც ავტორი განიხილავს როგორ აისახება ირანისთვის სანქციების გაუქმება მსოფლიო ბაზრებზე.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ირანის წინააღმდეგ დღმედე მოქმედი სანქციების მოხსნას მსოფლიო მასშტაბით დიდი ცვლილებები მოყვება. ირანი ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე დაბრუნდება, საერთაშორისო კომპანიები კი, ენერგორესურსებით მდიდარ ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენას შეძლებენ.

"სანქციების მოხსნა ირანისთვის ბევრს ნიშნავს. ნავთობის არსებული ფასების ფონზეც კი, მომავალ წელს ირანის შემოსავალი ექსპორტირებული ნავთობისგან 10 მილიარდი აშშ დოლარით გაიზრდება. ირანის ცენტრალური ბანკი დასავლეთში გაყინულ ფინანსურ ანგარიშებს დაიბრუნებს, რომლის ოდენობაც 30 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. ირანის მშპ-ს ზრდამ კი 2016-17 წლებში შესაძლოა, 5% შეადგინოს.

ბოლო რამდენიმე წელიწადია, ირანი ჩინეთში, ინდოეთში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში დღეში ერთ მილიონზე მეტი ბარელი ნავთობის ექსპორტირებას ახორციელებს, სანქციების მოხსნა კი საშუალებას მისცემს ქვეყანას, გაყიდოს მსოფლიო ბაზარზე იმდენი ნავთობი, რამდენიც იქნება შესაძლებელი.

2012 წელს, ირანულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებამდე, ირანული ნავთობის ყოველი მეხუთე ბარელის ექსპორტი ევროპულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ხორციელდებოდა.

მაგრამ ირანული ნავთობის მსოფლიო ბაზარზე გამოჩენა შავი ოქროს ფასს, რომელმაც 11 წლის მინიმუმს მიაღწია, კიდევ უფრო დაწევს. ბაზარზე ისედაც გადაჭარბებული შემოთავაზებაა, გამყიდველი კი უფრო მეტია, ვიდრე მყიდველი", - წერს ავტორი.

სტატიის თანახმად, ირანის მსოფლიო ბაზარზე სრულფასოვან დამკვიდრებას შესაძლოა მოჰყვეს ფასების ომი ამ ქვეყნის მთავარ კონკურენტ საუდის არაბეთთან, რომელიც ბაზარზე ადგილის შენარჩუნებას "შავი ოქროს" საბაზრო ფასად გაყიდვის ხარჯზე ცდილობს.

ექსპერტები მიიჩნეენ, რომ ირანთან ბიზნეს კონტაქტების დამყარებისას ყველაზე პრობლემატური შესაძლოა, საბანკო სფერო იყოს. მიუხედავად იმისა, რომ სანქციების მოხსნა საშუალებას მისცემს ამ ქვეყანას, გლობალურ ფინანსურ სისტემაში ჩაერთოს, გაუგებარია, რამდენი საერთაშორისო ბანკი აღადგენს კავშირებს ირანულ ბიზნესთან. სანქციების მოქმედების პერიოდში, აშშ-ის ფინასნურმა და სასამართლო ორგანოებმა ოცამდე ევროპულ ბანკს დიდი ჯარიმები დაუწესეს იმის გამო, რომ სანქციების მიუხედავად, ირანთან საქმიან ურთიერთობას ახორციელებდნენ.

"ბოლო ათი წლის განმავლობაში, ამ ჯარიმების საერთო ოდენობამ 14 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ფრანგულმა BNP PARIBAS-მა ჯარიმის სახით 9 მილიარდი აშშ დოლარი გადაიხადა. ევროპული ბანკების ხელმძღვანელები და ბიზნესმენები ამბობენ, რომ ირანთან საქმიანობის დასაწყებად "მწვანე შუქს" აშშ-ის ხაზინისგან ელოდებიან.

თუმცა სამართლებრივი პროცედურების მოგვარების გარდა სხვა სერიოზული პრობლემაც არსებობს. ადგილობრივი კომპანიები საუბრობენ ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარეობაზე. ირანში ფართოდაა გავრცელებული კორუფცია, რამაც შესაძლოა, დასავლური კომპანიების მუშაობა გაართულოს.

როგორც ირანში ამბობენ, სანქციები პრობლემისე რთი მხარე იყო, მთავარ გამოწვევებთან გამკლავებას კი ქვეყანა სწორედ ახლა იწყებს", - ნათქვამია სტატიაში.

myquiz