გერმანული ქალაქი, რომელიც ნამიბიის უდაბნომ "ჩაყლაპა" | Allnews.Ge

გერმანული ქალაქი, რომელიც ნამიბიის უდაბნომ "ჩაყლაპა"

კოლმანსკოპი, ნამიბიაში ერთ დროს ძალიან წარმატებული, პატარა ქალაქი იყო. ის 1900 წელს, გერმანიის მაღაროელებისა და მათი ოჯახების მიერ არის დაარსებული. ახლა ეს ქალაქი-მოჩვენებაა, რომელიც თავისი სიურეალისტური პეიზაჟების სანახავად მთელი მსოფლიოდან უამრავ ტურისტს და ფოტოგრაფს იზიდავს.

1908 წელს რკინიგზაში მომუშავე, ვინმე ზახარ ლევალამ, უდაბნოში მუშაობის დროს ალმასი იპოვა და რკინიგზის ინსპექტორს მიუტანა იმის დასამტკიცებლად, რომ იგი არ ცდებოდა და ეს ნამდვილად ალმასი იყო. ალმასი ნამდვილი აღმოჩნდა, რის შემდეგაც აქ ალმასების მოპოვება დაიწყეს.

ქალაქები, რომლებიც დროთა განმავლობაში მოჩვენებებად იქცნენ

მაღაროელები ამ პატარა ქალაქში ოჯახებით დასახლდნენ. გერმანულ არქიტექტურულ სტილში ააშენეს სახლები და ქუჩები, საავადმყოფოები, თეატრი. ასევე აშენდა აფრიკის პირველი ტრამვაი და სამხრეთ ნახევარსფეროში პირველი რენტგენის სადგურიც.

ალმასების მოპოვებით ქალაქი აყვავდა, თუმცა ეს მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე გაგრძელდა. ომის შემდეგ ალმასების ფასმა დაცემა დაიწყო, მათი მარაგიც ნელ-ნელა ამოიწურა, სამხრეთით კი ალმასების უფრო მსხვილი საბადო იქნა აღმოჩენილი. შედეგად, 1954 წლისთვის კოლმანსკოპის მოსახლეობამ საკუთარი ნივთები შეაგროვა და ქალაქი დატოვა.

ლამაზად დამზადებული, ნათელი ფერადი სახლები ცარიელი და მიტოვებული დარჩა. დროთა განვალობაში უდაბნოს ქვიშამ დაფარა კოლმანსკოპის სხვადასხვა ნაწილი, სახლები და ქუჩები. მიუხედავად იმისა, რომ უდაბნოს ძლიერი ქარი საღებავს აზიანებს, სიმშრალემ და სითბომ ხის მასალა მაინც შეინარჩუნა. ქვიშიანი შენობები და ოთახები სიურიალისტურ ტილოებს დაემსგავსა.

კოლმანსკოპი აღარასოდეს იქნება დასახლებული და აღარც ალმასების წარმოება განახლდება, მაგრამ ის თავისებურად იშვიათ ძვირფასეულობას წარმოადგენს და ყურადღებას იქცევს. ეს უნიკალური, ვიზუალურად განსაცვიფრებელი ადგილი ძალიან პოპულარულია ტურისტებისა და ფოტოგრაფებისთვის.

არსებობს მოსაზრება, რომ ქალაქი 1954 წელს მთლიანად არ მიუტოვებიათ. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ქალაქი "სულების რეზიდენციაა".

კოლმანოსკოპში გადაღებულია ბევრი ჰოლივუდური ფილმი და სატელევიზიო შოუ: "მეფე ცოცხალია", "მტვრიანი ქარიშხალი" და სხვ.

1980 წელს, კომპანია De Beers-მა სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა და კოლმანოსკოპში მუზეუმი შექმნა.

 

myquiz