აჭარაში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს | Allnews.Ge

აჭარაში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

დღეს, აჭარაში სოფლის ტურიზმის პირველი საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. 7 ქვეყნის 150 დელეგატი ტურიზმის საერთაშორისო სტანდარტებსა და თანამედროვე ტენდენციებს განიხილავს. კონფერენციის მთავარი მიზანი ევროპული გამოცდილების გაზიარება და სოფლის ტურიზმში დანერგვაა.

ღონისძიება რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციით დაიწყო. სტუმრებმა აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ მომზადებული სპეციალური პრეზენტაცია მოისმინეს, რის შემდეგაც საერთაშორისო ექსპერტებმა სოფლის ტურიზმის კუთხით ლიტვის, მოლდოვასა და უკრაინის გამოცდილება წარმოადგინეს.

დღესვე, სტუმრები გაეცნენ აჭარაში სოფლის ტურიზმის განვითარების პოტენციალსა და სერვისის დონეს, დარგში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. კონფერენციის ორგანიზატორი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო რეგიონში სოფლის ტურიზმის განვითარების მიმართულებით 2015 წლიდან აქტიურად მუშაობს. დღემდე მთიანი აჭარის მიმართულებით 10-ზე მეტი ტურისტული მარშრუტი განვითარდა, 60-ზე მეტი გიდი გადამზადდა, 207 საოჯახო-სასტუმრო სახლის მეპატრონეს ჩაუტარდა ტრენინგები და მთიან აჭარას ინფოტურებით ტურისტული სააგენტოების 300-მდე წარმომადგენელი გაეცნო. შედეგად გასულ წელს, მაღალმთიანი აჭარის პოპულარულ ტურისტულ მარშრუტებზე ტურისტების რაოდენობა 107%-ით გაიზარდა.

სოფლის ტურიზმის კონფერენციის ფარგლებში უცხოელმა და ქართველმა, მათ შორის მთიანი აჭარის საოჯახო-სასტუმროს სახლების მეპატრონეებმა თავიანთი წარმატებული ბიზნესის შესახებ პრეზენტაციები გააკეთეს. დღესვე, განიხილეს სოფლის ტურიზმის სფეროში კატეგორიზაციის საკითხები.

"აჭარაში სოფლის ტურიზმის მიმართულებით მსგავსი მასშტაბის კონფერენცია პირველად ტარდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პარტნიორი ქვეყნების გამოცდილება მთაში ტურიზმის განვითარების კუთხით და ბუნებრივია, ეს ღონისძიება დაეხმარება სოფლის ტურიზმში ჩართულ ადამიანებს გაეცნონ საერთაშორისო სტანდარტებს, წარმატებულ მაგალითებს და დანერგონ სიახლეები თავიანთ ბიზნესში. რეგიონში ბევრი რამ კეთდება სერვისის გაუმჯობესების, ახალი ტურისტული მარშრუტებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის, თუმცა გვაქვს გამოწვევები და მათ მოსაგვარებლად საჭიროა სწორედ მსგავსი ღონისძიებები," აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

კონფერენცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. სააგენტო 2015 წლიდან გაერთიანებულია ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციაში, რომელიც 27 ქვეყნის 35 პროფესიულ ორგანოს აერთიანებს. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობს ფედერაციის წევრი საოჯახო-სასტუმრო სახლები და ორგანიზაციები.

ხვალ, კონფერენციის მონაწილებს ჩაუტარდებათ პრაქტიკული ტური ქედის მუნიციპალიტეტში, სადაც ღვინის წარმოების ადგილობრივ ტექნოლოგიებს გაეცნობიან. ხვალვე გაიმართება სემინარ-მოხსენებები ღვინის წარმოების საერთაშორისო სტანდარტების შესახებ.

კონფერენციაში მონაწილეობას ტურიზმის დარგის ექსპერტები, ტურიზმის სექტორში დასაქმებული ორგანიზაციების, საოჯახო-სასტუმრო სახლების, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ასევე ტურისტული სააგენტოების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ღებულობენ. სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია ხვალ დასრულდება.

 

myquiz