თუ დასვენებას მცირე ბიუჯეტით გეგმავთ, მაშინ საქართველოს ამ 13 კურორტს უნდა ეწვიოთ | Allnews.Ge

თუ დასვენებას მცირე ბიუჯეტით გეგმავთ, მაშინ საქართველოს ამ 13 კურორტს უნდა ეწვიოთ

საქართველოში ზაფხული დასვენებისთვის ყველაზე პოპულარული სეზონია. მთელი წლის განმავლობაში დატვირთული რეჟიმისა და სასწავლო პროცესის შემდეგ, განტვირთვას ადგილობრივები სწორედ ამ სეზონზე ცდილობენ. ამიტომაცაა, რომ ზაფხულში საკურორტო ფასები განსაკუთრებით იწევს. ამ სეზონზე პოპულარული ძირითადად, საზღვაო კურორტები - ბათუმი, ქობულეთი და გონიოა. სამთო კურორტებს შორის კი წამყვან ადგილს ბაკურიანი და ბორჯომი იკავებს. რის გამოც, ამ კურორტებზე როგორც მომსახურება, ასევე პროდუქტები ზაფხულობით ძვირდება.

საქართველოს ოთხი კურორტის გენერალური გეგმები მუშავდება

თუმცა, არსებობს ისეთი საკურორტო ზონებიც, რომლებიც ნაკლებად ხალხმრავალი და შედარებით იაფია. Allnews.ge გთავაზობთ მცირე ჩამონათვალს.

შოვი და უწერა ზემო რაჭაში, ონის რაიონში მდებარეობს და სუფთა ჰაერითა და მშვიდი გარემოთი გამოირჩევა. გარდა ამისა, კურორტებზე საღამოს საათებში საკმაოდ გრილა და ქალაქის სიცხისგან თავის დასაღწევად დამსვენებლებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

შოვსა და უწერაში შეგიძლიათ საოჯახო ტიპის სასტუმროებში დაისვენოთ, სადაც ერთი ღამის ფასი სამჯერადი კვებით 40 ლარია.

კურორტებზე ხმაურიანი ღონისძიებები არ იმართება, შესაბამისად, თუ სიმშვიდე ან ბავშვების სუფთა ჰაერზე წაყვანა გსურთ, რაჭას უნდა ესტუმროთ.

მესტია როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილია. ვიზიტორები ქალაქის გარდა მესტიის მიმდებარე სოფლებსაც სტუმრობენ, სადაც ცნობილი სვანური კოშკებია განლაგებული.

მესტია და ზოგადად, სვანეთიც სუფთა ჰაერითა და ლამაზი ბუნებით გამოირჩევა. მესტიაში სასტუმრო სამჯერადი კვებით, დაახლოებით 50 ლარი ღირს.

წაღვერი ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარე დაბაა, რომელიც სუფთა ჰაერით გამოირჩევა. ზაფხულში დამსვენებლები დაბას ხშირად სტუმრობენ, რადგან გაჯანსაღებისა და მშვიდად დასვენებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. წაღვერში ბინას დაახლოებით 20 ლარიდან იქირავებთ, რაშიც კვება გათვალისწინებული არ არის.

ახტალა ცნობილი კურორტია, სადაც ტალახით მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის ბევრი ვიზიტორი ჩადის. სხვა კურორტებთან შედარებით ახტალა დედაქალაქისგან მოშორებით არ მდებარეობს, თბილისიდან მგზავრობას მაქსიმუმ ერთი საათი სჭირდება. გურჯაანის რაიონის ამ სახელგანთქმული კურორტის ტალახი ართრიტის სამკურნალოდ აქტიურად გამოიყენება.

რაც შეეხება საცხოვრებლებს, ბინის დაქირავება ერთი ღამით 20 ლარიდან იწყება, თუ სასტუმროში დასვენება გსურთ, ნომრის დაქირავება, გურჯაანში 100 ლარიდან შეგიძლიათ.

სურამს დამსვენებლები, როგორც წესი, დამტვერვის პერიოდში, მაისი-ივლისში სტუმრობენ, რადგან ამ დროს კურორტზე განსაკუთრებით სუფთა და ჯანსაღი ჰაერია. სუსტი იმუნიტეტის მქონე ბავშვები სურამში სამკურნალოდ ხშირად ჩაჰყავთ.

კურორტი ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მისი პოპულარობა არც დამტვერვის პერიოდის გასვლის შემდეგ იკლებს, რადგან საკმაოდ გრილი კლიმატით გამოირჩევა. დასვენების მსურველები კი ბინას 15 ლარიდან იქირავებთ. როგორც წესი, საცხოვრებლის ფასები მოთხოვნების მიხედვით იზრდება.

ბახმარო გურიის მაღალმთიანი კურორტია, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სახლის დაქირავება ბახმაროში 15-20 ლარიდან იწყება. ბახმაროს დამსვენებლები სოციალურ ქსელებში მუდმივად წერენ, რომ ულამაზესი ბუნება, ჯანსაღი გარემო და სუფთა ჰაერია. ბახმაროში ვიზიტორები ძირითადად, წიწვოვანი მცენარეების გამო ჩადიან.

თუ დასვენებას იმერეთის რეგიონში გადაწყვეტთ, ნუნისს უნდა ესტუმროთ. სოფელი ზღვის დონიდან 920 მეტრზე მდებარეობს და სუფთა ჰაერითა და ჯანსაღი გარემოთი გამოირჩევა. გარდა ამისა, აქ მდინარე ნუნისის წყალი მიედინება.

ბინის ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია და 10 ლარიდან იწყება, შესაბამისად, ნუნისში დასვენება საკმაოდ იაფი დაგიჯდებათ.

გარდა ნუნისისა, იმერეთი კურორტ წყალტუბოთიც გამოირჩევა, სადაც დღისით ცხელი კლიმატია, საღამოს კი გრილა. წყალტუბო ბალნეოლოგიური კურორტის სტატუსს ატარებს. კურორტზე ბინას 20-25 ლარიდან იქირავებთ. გარდა ამისა, აქ სასტუმროებით ფუნქციონირებს, სადაც დასვენება 20$-დან იწყება.

რა დაგიჯდებათ სახლის ყიდვა საქართველოს კურორტებზე

საკურორტო ზონა სამხრეთ საქართველოსაც აქვს. კერძოდ, კურორტი აბასთუმანი დამსვენებლებს უკვე ათწლეულებია მასპინძლობს. კურორტი ახალციხიდან 28 კილომეტრის დაშორებით, მდინარე ოცხის ხეობაში მდებარეობს.

კურორტზე სანატორიუმები და ასტროფიზიკის ობსერვატორიაა, რაც დამსვენებლებში დიდ ინტერესს იწვევს. ინტერნეტ-საიტებზე დაყრდნობით, აბასთუმანში ბინის დაქირავება 10 ლარიდან იწყება, სასტუმროს ნომრის ფასი კი 80 ლარიდან.

თუ მაინც და მაინც ზღვაზე გსურთ დასვენება, მაშინ შედარებით ნაკლები დაგეხარჯებათ თუ ციხისძირს ეწვევით. ეს სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სადაც ბინების ფასი დაახლოებით 20-25 ლარიდან იწყება. რაც შეეხება სასტუმროებს, თუ მათი ფასი 50 ლარიდან იწყება და პირობების მიხედვით იმატებს.

ციხისძირში დასვენება პოპულარული ბოლო პერიოდში გახდა, რადგან ვიზიტორებს სუფთა წყალი და ლამაზი ხედები იზიდავს.

ჩაქვიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბაა, რომელიც ზაფხულში დამსვენებლებს აქტიურად მასპინძლობს. ბინების ფასები ჩაქვში 15 ლარიდან იწყება, სასტუმროების კი 35 ლარიდან.

ამ საზღვაო კურორტზე დასვენება პოპულარული განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა, რაც მაღალი კლასის სასტუმრო აშენდა და ტურისტებმა ჩაქვში ჩასვლა დაიწყეს.

ინფორმაცია დამსვენებლებისთვის - რომელია შავი ზღვის ყველაზე სუფთა სანაპირო

აჭარის რეგიონს ზღვის კურორტების გარდა, ულამაზესი ბეშუმიც აქვს, რომელიც დამსვენებლებს ყოველწლიურად მასპინძლობს. ბეშუმი ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, შესაბამისად, ზღვაზე დამსვენებლებს მოკლე დროში შეუძლიათ, მთის კურორტსაც ესტუმრონ და გაგრილდნენ. აგვისტოში ბეშუმში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 17 გრადუსია, შესაბამისად, საკმაოდ გრილა.

დამსვენებლებისთვის ბეშუმში სპეციალური კოტეჯებია აშენებული, რომელთა ღირებულებაც 25 ლარიდან იწყება და სამჯერად კვებას მოიცავს.

 

myquiz