რამდენი მოქალაქე გამოაბრუნეს ვიზალიბერალიზაციის შემდეგ - პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე | Allnews.Ge

რამდენი მოქალაქე გამოაბრუნეს ვიზალიბერალიზაციის შემდეგ - პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე

ევროკავშირისა და შენგენის ქვეყნებთან 2017 წლის 28 მარტს უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, საზღვარი საქართველოს 7 000-მდე მოქალაქემ გადალახა, თუმცა, რამდენიმე მათგანს უკან დაბრუნება მოუწია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 28 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნების საზღვრებიდან, საქართველოს სამი მოქალაქე მოაბრუნეს. მიზეზი პირველ შემთხვევაში ბიომეტრიული პასპორტის არქონა გახდა, მეორე მათგანს პრობლემები სასტუმროს ჯავშნის არქონამ, ხოლო მესამე მგზავრს დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენამ შეუქმნა.

გარდა ამისა, Allnews.ge დაინტერესდა შეუშლით თუ არა ხელს ნასამართლეობა საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლაში. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ევროპაში გადაადგილებაზე ეს სტატუსი ზეგავლენას არ მოახდენს, გარდა ამისა, პრობლემები არც სესხების ქონის შემთხვევაში შეგექმნებათ, რადგან მთავარია, საჭირო დოკუმენტაცია საზღვარზე სრულად წარმოადგინოთ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირისა და შენგენის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილებისთვის დაგჭირდებათ:

1. საზღვარგარეთის ბიომეტრიული პასპორტი;

2. უკან დასაბრუნებელი ბილეთი;

3. სამოგზაურო დაზღვევა;

4. სასტუმროს ან ბინის ჯავშანი, ხოლო თუ მეგობართან/ახლობელთან/ნათესავთან დარჩენას გეგმავთ, მისი საცხოვრებლის მისამართი ან ცნობა, რომ ის ქვეყანაში ლეგალურად იმყოფება;

5. თქვენი ანგარიშების ამონაწერი ბანკიდან;

საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილება ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში შეუძლიათ.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz