რა უნდა ვჭამოთ ევროპაში მოგზაურობისას | Allnews.Ge

რა უნდა ვჭამოთ ევროპაში მოგზაურობისას

მოგზაურობისას ისტორიულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენ მიერ შერჩეული ქვეყნის სამზარეულო. ამიტომ, არჩევანი, რომ გაგიმარტივოთ, allnews.ge რამდენიმე ქვეყნის "კულინარიულ საგანძურს" გთავაზობთ.

საბერძნეთი

ბერძნული სალათის შესახებ ალბათ ყველას გსმენიათ, თუმცა, მხოლოდ ყველი ფეტა და ზეთის ხილი არ არის ამ ქვეყნის მთავარი "ინგრედიენტები". საბერძნეთს საკმაოდ, მრავალფეროვანი და საინტერესო სამზარეულო აქვს.

მუსაკა ბერძნული ტრადიციული გამომცხვარი კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტები ცხვრის ხორცი, ბადრიჯანი, ზეითუნის ზეთი, პომიდორი და ბერძნული სოუსი ბეშამელია.

კიდევ ერთი ცნობილი ბერძნული კერძი ავგოლემონოა, იგივე, ქათმის წვნიანი ბრინჯითა და ლიმონის წვენით.

ძაძიკი, ეს არის ბერძნული იოგურტი (მაწონი), რომელიც ნივრითა და კიტრით მზადდება და ძირითადად სოუსის დანიშნულებით გამოიყენება.

იტალია

იტალიაში უგემრიელესი კერძების ძალიან დიდი არჩევანია. რთულია, რომელიმე ერთი გამოვყოთ. აღსანიშნავია, რომ თითოეული რეგიონი გამორჩეულია დამახასიათებელი კერძებით. იტალიური რიზოტო, სხვადასხვა სოუსითა და ინგრედიენტებით მომზადებული პასტა, პიცა, ნაყინი, ყავა, ღვინო, ყველი, მოკლედ, იტალიაში ნამდვილად ღირს კულინარიული მოზაურობის დაგეგმვა.

გერმანია

გერმანიაში, თითოეულ რეგიონს საკუთარი თავისებურებები გააჩნია, რის გამოც, კერძები ორიგინალური და მრავალფეროვანია.

ქვეყანაში ძალიან პოპულარულია ღორის ხორცი. საშუალოდ, ერთი გერმანელი წლის განმავლობაში 84 კილოგრამ ხორცს მიირთმევს. გარდა ამისა, გერმანია ცნობილია, როგორც ძეხვეულობის მსხვილი მწარმოებელი. იქ დაახლოებით, 1500 სახეობის ძეხვეული აქვთ. ასევე შეხვდებით 500-მდე სახეობის პურ-ფუნთუშეულს. პური მათი სამზარეულოს მნიშვნელოვანი ნაწილია. და, რა თქმა უნდა, გერმანული ლუდი, იგი ყველა ტურისტისთვის მიმზიდველია.

უნგრეთი

უნგრული სამზარეულოც მრავალფეროვნებითა და ორიგინალურობით გამოირჩევა. კერძების მომზადებისას ისინი სხვადასხვა სანელებელს, სეზონურ ბოსტნეულს, ახალ პურსა და რძის პროდუქტებს იყენებენ.

გულიაში, საქონლის ხორცის ნახევრად წვნიანი კერძია, რომელიც განსაკუთრებული არომატულობით გამოირჩევა. პაპრიკაში, ეს არის ღორის შაშხი უნგრულად, რომელსაც ახალ პურთან ერთად მიირთმევენ.

საფრანგეთი

ტრადიციულად, საფრანგეთის ყოველ რეგიონს მისთვის დამახასიათებელი სამზარეულო აქვს. ნორმანდია განთქმულია უმაღლესი ხარისხის ზღვის პროდუქტით, ხოლო ბრეტანი ომარებით, ხამანწკებითა და მდინარის კიბორჩხალებით. ნანადირევი და შაშხი პოპულარულია შამპანში, განსაკუთრებულ შუშხუნა ღვინოსთან ერთად, რომელიც ცნობილია უბრალოდ როგორც "შამპანური“.

რთულია საფრანგეთში მოგზაურობა გადაწყვიტოთ და ადგილობრივი ღვინო არ დააგემოვნოთ. ასევეა ფრანგული ყველიც. თუკი გარკვეული კერძები კონკრეტული რეგიონებისთვისაა დამახასიათებელი, ღვინო და ყველი მთელი ქვეყნის მასშტაბით სუფრის მნიშვნელოვანი ნაწილია. არ დაგავიწყდეთ, ფრანგული დესერტის დაგემოვნება.

ფრანგული სამზარეულოს ძველი და დიდი ისტორია აქვს, ამიტომ მოგზარუობისას, თუკი კულინარიით ხართ დაინტერესებული, შესაძლოა გიდიც კი დაგჭირდეთ.

ესპანეთი

გასაკვირი არ არის, რომ ესპანური სამზარეულოც რეგიონების მიხედვით განსხვავდება, თანაც ამას კლიმატური პირობებიც ემატება. ესპანეთის ტერიტორიაზე 17 განსხვავებული სამზარეულო გვხვდება. საერთო, რაც ამ რეგიონების კერძებს აქვს, ეს არის ზეითუნის ზეთი, ნიორი, ტრადიციული მწვანილები და ღვინო.

აღმოსავლეთ სანაპირო განთქმულია სოუსებითა და წვნიანებით. გურმანებისთვის ყველაზე მიმზიდველი ბასკების სამზარეულოა. თუმცა, ესპანეთში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ზღვის პროდუქტებისგან მომზადებული არაჩვეულებრივი კერძები. აუცილებლად დააგემოვნეთ ესპანური ხამონი, რადგან ის ადგილობრივი სამზარეულოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

ბელგია

ყველას გვიყვარს ბელგიური შოკოლადი, ვაფლი და ლუდი, თუმცა, მათი სამზარეულო სხვა ტრადიციულ კერძებსაც მოიცავს. ბელგიელები უპირატესობას სეზონურ ინგრედიენტებსა და კერძებს ანიჭებენ. ხორცი, ბელგიური სამზარეულოს მთავარ ინგრედიენტად მიიჩნევა და მას სხვადასხვა გარნირით ავსებენ.

გარდა ამისა, ქვეყანაში პოპულარულია ზღვის პროდუქტები და ბოსტნეული. ადგილობრივ სამზარეულოში იგრძნობა მეზობელი ქვეყნების საფრანგეთის, ჰოლანდიისა და გერმანიის გავლენა.

myquiz