ეგვიპტეში აღმოაჩინეს მუმიები ოქროს ენით - რას უკავშირებენ მეცნიერები ფაქტს და კიდევ რა ინახებოდა უნიკალურ სამარხში | Allnews.Ge

ეგვიპტეში აღმოაჩინეს მუმიები ოქროს ენით - რას უკავშირებენ მეცნიერები ფაქტს და კიდევ რა ინახებოდა უნიკალურ სამარხში

არქეოლოგებმა ეგვიპტის ჩრდილოეთ ნაწილში აღმოაჩინეს დაახლოებით 2 000 წლის წინანდელი სამარხი მუმიებით, რომელთაგანაც ზოგიერთს ოქროს ენა აღმოაჩნდა. ამის შესახებ BBC ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

არქეოლოგები მუშაობდნენ ტაპოსირის მაგნაზე, რომელიც უმნიშვნელოვანესი ძეგლია და რომელსაც არაერთი სხვა აღმოჩენაც უკავშირდება. მკვლევარებმა სულ 16 სამარხი იპოვეს. აცხადებენ, რომ სამარხები ისეთია, როგორიც ძველ ბერძნულ-რომაულ ეპოქაში იყო პოპულარული.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ გარდაცვლილებს პირში ოქროს ამულეტებს უდებდნენ, რადგანაც მათ სიკვდილის შემდეგ ღმერთ ოსირისის კარზე საუბარი შესძლებოდათ.

ძველ ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ ოსირისი მიწისქვეშა სამყაროს მბრძანებელი და გარდაცვლილთა მსაჯული იყო. ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში ის ერთ-ერთ უმთავრეს ღვთაებად მიიჩნევა. ეგვიპტელებს სწამდათ, რომ დასავლეთის კარიბჭესთან, მაღალ ტახტზე იჯდა ოსირისი. სიკვდილის ღმერთს მასთან გარდაცვლილები მიჰყავდა, რომლებიც შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამდნენ: მე ხალხისთვის ბოროტება არ მომიტანია, არ მიქურდავს, არ მიყაჩაღია და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ სამარხებში აღმოაჩინეს მარმარილოს 8 ქანდაკება, რომლებიც გარდაცვლილთა ვიზუალის მიხედვით უნდა იყოს შექმნილი. გარდა ამისა, აღმოჩენილია ქალის სამგლოვიარო საბურავი, რვა სხვადასხვა ზომის ოქროს ნაჭერი და სხვა ნივთები, რომლებიც ამ ეტაპზე კვლევის საგანია.

myquiz