ისრაელში 1500-წლოვანი ქართული ეკლესიის მოზაიკა აღმოაჩინეს | Allnews.Ge

ისრაელში 1500-წლოვანი ქართული ეკლესიის მოზაიკა აღმოაჩინეს

ისრაელში 1500-წლოვანი ქართული ეკლესიის მოზაიკა აღმოაჩინეს ისრაელში აღმოჩენილია 1500-წლოვანი ქართული ეკლესიის მოზაიკა, - აღნიშნულის შესახებ "კვირის პალიტრა" წერს.

როგორც "კვირის პალიტრა" იუწყება, ქართული მოზაიკის აღმოჩენას ებრაული გამოცემა The Jerusalem Post გამოეხმაურა და გამოაქვეყნა სტატია სათაურით: "აშდოდში აღმოჩენილია 1500-წლოვანი ქართული ეკლესიის გასაოცარი მოზაიკა".

"აშდოდ-იამში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების დროს, რომელსაც თელ-ავივის უნივერსიტეტის დოქტორი ალექსანდრე ფანტალკინი ხელმძღვანელობს, 1500 წლის წინანდელი ქართული ეკლესიის ფერადი მოზაიკა აღმოაჩინეს. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილ მოზაიკას გეომეტრიული მოხატულობა აქვს და ქართული ეკლესიის (მონასტრის) იატაკის ფრაგმენტს წარმოადგენს. მოზაიკა შეიცავს ოთხსტროფიან წარწერას, რომელიც ძველბერძნულ ენაზეა შესრულებული და ეძღვნება ეპისკოპოს პროკოფის, იქვეა ნაჩვენები აგების წელიც: "ღვთის წყალობით, ეს საქმე შესრულებულია წმინდა ეპისკოპოს პროკოფის ფულით, დიოსის თვეში, 292 წელს", - წერს ებრაული გამოცემა.

არქეოლოგების თქმით, 292 წელი ჩვენი წელთაღრიცხვით 539 წელს ნიშნავს და მიუთითებს ქართული კალენდრის ყველაზე ადრეულ გამოყენებაზე ისრაელში.

"ეს უფრო ადრე იყო, ვიდრე თვით საქართველოში დაიწყებდნენ ამ კალენდრით სარგებლობას", - აცხადებს იერუსალიმის უნივერსიტეტის დოქტორი, ლია დისეგნი, რომელმაც წარწერა გაშიფრა.

ამასთან, როგორც პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ სოციალურ ქსელში დაწერა, აღნიშნული ფაქტი წმინდა მიწაზე ძლიერი ქართული კოლონიის არსებობის კიდევ ერთი დასტურია.

"გიორგობის დღეს, ერთი სასიხარულო ინფორმაცია მივიღე ისრაელიდან. ქალაქ აშდოდში ზღვის სანაპიროსთან არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა მე-5 საუკუნის მონასტრის მოზაიკა, რომლის აშენება დათარიღებულია ქართული ქორონიკონით. ეს წმინდა მიწაზე ძლიერი ქართული კოლონიის არსებობის კიდევ ერთი დასტურია და მიუთითებს, რომ ქართველები არა მარტო იერუსალიმში, არამედ მთელ ტერიტორიაზე ყველაზე გავლენიანი თემი იყო!... გილოცავთ!" - აცხადებს ლაშა ჟვანია.

myquiz