ვლადიმერ პუტინმა ზურაბ სოტკილავას ოჯახს მიუსამძიმრა | Allnews.Ge

ვლადიმერ პუტინმა ზურაბ სოტკილავას ოჯახს მიუსამძიმრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საოპერო მომღერალ ზურაბ სოტკილავას ოჯახის წევრებს და ახლობლებს მიუსამძიმრა. სამძიმრის წერილი კრემლის საიტზე გამოქვეყნდა.

"ზურაბ ლავრენტის ძე სოტკილავამ გრძელი პროფესიული გზა გაიარა, ბრწყინვალედ გამოიყენა საკუთარი ნიჭი და დამსახურებულად მოიპოვა თანამედროვეობის გამოჩენილი საოპერო მომღერლის სახელი. კოლეგები და მადლიერი პუბლიკა მას ვოკალური ოსტატობისთვის, არტისტული მიმზიდველობისთვის და მუსიკისადმი უანგარო სიყვარულისთვის აფასებდა", - ნათქვამია წერილში.

რუსეთის პრეზიდენტმა ხელოვნების განვითარებაში და ახალი შემსრულებლების აღზრდაში სოტკილავას მიერ შეტანილ დიდ წვლილს გაუსვა ხაზი. "ამ არაჩვეულებრივი ადამიანის ნათელი ხსოვნა ჩვენს გულებში სამუდამოდ დარჩება", - დასძინა პუტინმა.

საოპერო მომღერალ ზურაბ სოტკილავას საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განუცხადეს. მას თბილისში 21 სექტემბერს, 02:00 საათზე ჩამოასვენებენ. აეროპორტიდან ზურაბ სოტკილავას სახლში, აბულაძის #36-ში გადაასვენებენ.

21-22 სექტემბერს მის საცხოვრებელ სახლში პანაშვიდები გაიმართება.

ზურაბ სოტკილავა 80 წლის ასაკში, ორი დღის წინ გარდაიცვალა.

myquiz