ედვარდ მუნკის მიერ დახატული მოდელი, რომელიც თბილისში მოკლეს | Allnews.Ge

ედვარდ მუნკის მიერ დახატული მოდელი, რომელიც თბილისში მოკლეს

თბილისის ცენტრში, მშრალი ხიდის მახლობლად, ერთმანეთისგან სულ რამდენიმე მეტრით დაშორებულ შენობებზე ორი სხვადასხვა მემორიალური დაფა კიდია. მათ მხოლოდ ერთი რამ აერთიანებთ: ორივე ნორვეგიის ლიტერატურის წარმომადგენლებს ეძღვნება.

ერთი აღნიშნავს, რომ შენობაში - ყოფილ სასტუმრო ლონდონში 1899 წელს ცხოვრობდა დიდი ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი, მეორე კი მეტად სამწუხარო ფაქტს გვამცნობს: ჰამსუნის სტუმრობიდან სულ რაღაც ორიოდე წლის შემდეგ, მეზობელ შენობაში ტრაგიკულად გარდაიცვალა ნორვეგიელი მწერალი ქალი დაგნი იული.

დაგნი იული ერთ-ერთი პიონერია სკანდინავიელ მოდერნისტთა შორის. მისი ბიოგრაფია უშუალო კავშირშია ბერლინში მოღვაწე სკანდინავიელ და სხვა ხელოვანთა წრეებთან, რომელთა თავშეყრის ერთ-ერთ ძირითად ადგილს ღვინის ტრაქტირი "შავი ღორი" წარმოადგენდა. ნორვეგიელი ქალი საინტერესოდ წერდა, შესანიშნავად უკრავდა და ცეკვავდა. იგი მალევე გახდა არაერთი ცნობილი შემოქმედი მამაკაცის მუზა. ამ მხრივ აღსანიშნავია, მოდერნისტი მხატვარი - ედვარდ მუნკი, რომელმაც აშკარად თუ ფარულად, დაგნის სილამაზე თავის არაერთ ტილოზე გადაიტანა.

1901 წლის 18 მაისს დაგნი თბილისში ჩამოვიდა და გრანდ-ოტელში დაბინავდა.

1901 წლის 5 ივნისს თბილისის "გრანდ ოტელში" საზარელი ტრაგედია დატრიალდა: დაგნი იულის ცხოვრება საშინელი აღსასრულით დაგვირგვინდა.

ოცდაცამეტი წლის ასაკში ულამაზესი ქალბატონი ახალგაზრდა პოლონელმა თაყვანისმცემელმა სიცოცხლეს გამოასალმა და იმავე რევოლვერით თავიც მოიკლა. მკვლელიც და მოკლულიც თბილისში, კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვის დღეს - 8 ივნისს დაგნის 34 წელი შეუსრულდებოდა.

როგორც ჩანს, მკვლელობა დეტალებში იყო დაგეგმილი. ამას ის ხუთი წერილი მოწმობს, რომელიც მკვლელმა თვითმკვლელობისას დატოვა.

ზოგიერთი მკვლევარის აზრით, წერილებში ავტორის აშკარად არასტაბილური ფსიქიკური მდგომარეობა ჩანს. 

"რა უნდა გითხრა? ბევრი არაფერი. მე გავაკეთე ის, რაც შენ უნდა გაგეკეთებინა. მან ყველაფერი იცოდა... მერე დედობამ სძლია... მას იმდენად უყვარს ზენონი. ამგვარად, უნდა გადავდო ყველაფერი და მოვკლა იმ მომენტში, როცა ყველაზე ნაკლებად მოელის. მას უნდოდა შენთვის მოეწერა, რომ მან იცის, რომ მე მას მოვკლავ, რომ ის ამას როგორც ერთადერთ გამოსავალს ისე უყურებს, და რომ ეს უნდა მომხდარიყო. მას უნდოდა მოეწერა, რომ შენ უყვარხარ და ყოველთვის ეყვარები. მთელი სიცოცხლის მანძილზე შენს გარდა არავინ ყვარებია. შენ უნდა იცოდე, რომ მე პატივს გცემ, გაღმერთებ და მიყვარხარ. მაინც ვიცი, რომ დამწყევლი და ეს არის ჩემი დიდი უბედურება. სტახ, მე მას მისივე გულისათვის ვკლავ. ოჰ, ნეტავ შეგეძლოს არ დამწყევლო! შენი ვლადისლავი".

"ის არაამქვეყნიური იყო, იგი ზედმეტად ეთერული იყო, რომ ადამიანს მისი ნამდვილი არსი შეეცნო... ის რომ იგი აბსოლუტის ინკარნაციას წარმოადგენდა, ის რომ ის ღმერთი იყო, შენ სხვებისგან გაიგებ. მე მხოლოდ მინდა გითხრა, რომ ის, მიწიერად რომ ვთქვათ, იყო წმინდანი. ის სიკარგეს განასახიერებდა, იმგვარ სიკარგეს, რომელსაც მეფურს ეძახიან... მარტო შენ ნიშნავდი მისთვის ყველაფერს. იგი, პირველი და ერთადერთი დედოფალი, მდაბლად ხრიდა თავს შენს წინაშე. მას მიაჩნდა, რომ იმისთვის მოვიდა ქვეყანაზე, რათა შენ ეშვი".

რამდენიმე წლის წინ დაგნის ნეშტი კუკიის პანთეონში გადაასვენეს.

იხილეთ სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია: Edvard Munch’s bohemian model buried in Tbilisi

myquiz