ვინ არის და რა ქონებას ფლობს ბიზნესმენი გორგოშაძე, რომლის გატაცებაც იგეგმებოდა | Allnews.Ge

ვინ არის და რა ქონებას ფლობს ბიზნესმენი გორგოშაძე, რომლის გატაცებაც იგეგმებოდა

ბიზნესმენის, "გორგიას" მფლობელის გატაცებისა და 5 მილიონი დოლარის გამოძალვის ბრალდებით შს სამინისტრომ 4 პირი გუშინ დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებულები გორგოშაძის გატაცებას სწორედ გუშინ აპირებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, გორგოშაძის გატაცებას საქართველოს 3 და უცხოეთის 1 მოქალაქე გეგმავდა.

"ბიზნესპრესნიუსი" შეეცადა გაერკვია ვინ არის, რას საქმიანობს და რა ქონებას ფლობს გია გორგოშაძე. აღსანიშნავია, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის ერთ-ერთ მდიდარ ბიზნესმენს სკანდალები არ აკლდა, რაც პირველ რიგში მისი და მისი ყოფილი მეუღლის, ნინო დარსალიას ურთიერთობას უკავშირდებოდა.

გორგოშაძეVSდარსალია-დირექტორთა საბჭო

უკვე რამდენიმე წელია გორგოშაძესა და მის პირველ ცოლს შორის ბიზნეს საქმიანობის გამო დაპირისპირებაა. გია გორგოშაძეს ნინო დარსალიამ თბილისის პროკურატურაშიც უჩივლა და ქონების ნახევარს სთხოვდა. როგორც დარსალია ოთხი წლის წინ აცხადებდა, "გორგიას" ქონება 100 მილიონს აღწევს და მისი მტკიცებით მას ამ ბიზნესის 50% ეკუთვნის. მისივე თქმით, ბიზნესი ყოფილმა მეუღლეებმა ერთად დაიწყეს და განავითარეს, რაშიც მისი კონტაქტები და საწყისი კაპიტალი გამოიყენეს.

"ორი კილოგრამი ოქრო მქონდა და მოტყუებით ბიზნესში ჩამადებინა. ცოლად როდესაც გავყევი, ორი მაღაზია და საოფისე შენობის კარკასი ჰქონდა, ახლა კი 100 მილიონი აქვს,"-აცხადებდა დარსალია.

გარდა ამისა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენს კომპანიის დირექტორთა საბჭოს 6 წევრიც ედავებოდა. საბჭოს წევრების ცნობით, რამდენიმე წლის წინ, "გორგია" იქ არსებული მაქინაციების გამო, დირექტორთა საბჭოს მთელმა შემადგენლობამ დატოვა და გორგოშაძემ მათ კუთვნილი 2% არ მისცა.

ბიზნესმენის ქონება

ბათუმის საკონსერვო ქარხანა, სახლმშენებელი კომბინატი, მიწები და ფართი თბილისში, სახლები თბილისში, ბათუმში, ასევე სახლი თურქეთში - ეს იმ ქონების ნაწილია, რასაც ბიზნესმენის ყოფილი ცოლის განცხადებით გორგოშაძე 2013 წლის მდგომარეობით ფლობდა. თუმცა, მისივე თქმით, ბიზნესმენმა დამალვის მიზნით ეს ქონება მამაზე, დაზე და სიძეზე გადააფორმა.

"გორგოშაძე" და ფინანსური მაქინაციები

"გორგია" რამდენჯერმე ფინანსური პოლიციის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. როგორც 2007 წელს humanrights.ge წერდა, ფინანსურ პოლიციას იმ პერიოდში შპს "გორგიას" კუთვნილი ქონება დალუქული ჰქონდა. ოფიციალურად, ამის მიზეზად, საგადასახადო დეკლარაციებში აღმოჩენილი უზუსტობები სახელდებოდა. არაოფიციალური ინფორმაციით კი შპს-ს მეპატრონეს ხუთ მილიონ ლარს ან რომელიმე მსხვილი ობიექტის დათმობას სთხოვდნენ.

აჭარის ფინანსური პოლიციის მაშინდელი უფროსის მოადგილე, მამუკა დარჩია აცხადებდა, რომ "გორგიაში" სერიოზული დარღვევები იყო დაფიქსირებული. კერძოდ, მისი ცნობით, ფირმის მიერ საქონელი საბაჟო წესების დარღვევით იყო განბაჟებული. ამასთან, ფინანსური პოლიციის თბილისის განყოფილებამ სხვა ფაქტებზეც დაიწყო გამოძიება და ეს საქმე გაერთიანდა. ჯამში, კონკრეტულად რა თანხებზე იყო საუბარი, დარჩია ვერ აკონკრეტებდა, თუმცა მისი ვარაუდით შესაძლოა რამდენიმე ასეულ ათასზეც ყოფილიყო საუბარი.

"გორგიას" ხელმძღვანელობის მტკიცებით კი, მათი ბუღალტერია "თეთრი" იყო, ხოლო უზუსტობების აღმოსაფხვრელად მზად იყვნენ ჯარიმა გადაეხადათ.

პუბლიკაციაში საუბარია იმაზეც, რომ "გორგია" ფინანსურმა პოლიციამ 2006 წელსაც შეამოწმა და დალუქა. მაშინ გამოძიება საწარმოს ოთხ მილიონ ლარს ედავებოდა. ფირმის დირექტორის, ხვიჩა პაპუნიძის განცხადებით კი, ფინანსური პოლიციის ინფორმაცია, მაშინ არ დადასტურდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შპს "ბიემსი გორგია"-ში ფინანსური პოლიცია 2014 წელსაც შევიდა.

"გორგოშაძემ ქვეყანა დატოვა"

ბიზნესმენის მიერ ქვეყნის დატოვებაზე საუბრობდა 2007 წელს "გორგიას" დირექტორი, ხვიჩა პაპუნიძე. მისი ცნობით, გორგოშაძემ საქართველო 2006 წელს "გორგიაში" ფინანსური პოლიციის შემდეგ დატოვა და კომპანიას საზღვარგარეთიდან მართავდა. გორგოშაძის წასვლის ოფიციალურ მიზეზად პაპუნიძე უცხოელ პარტნიორებთან მის ხშირ შეხვედრებს ასახელებდა. არაოფიციალური ვერსიით კი, გორგოშაძე მოსალოდნელ საფრთხეს გაექცა. იხილეთ გაგრძელება

myquiz