მომავალ წელს პენსიების ზრდა მოსალოდნელი არ არის | Allnews.Ge

მომავალ წელს პენსიების ზრდა მოსალოდნელი არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განმარტებით, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში პენსიების ზრდა დაანონსებული საპენსიო რეფორმის გამო არ არის ჩადებული.

ამის შესახებ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

საქართველოს ბიუჯეტი იზრდება

"ჩვენი მმართველობის პირობებში პენსიები ხელშესახებად გაიზარდა. თუ რატომ არ არის ამ ბიუჯეტში ჩადებული ზრდა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაცია. არ არის ჩადებული ერთი მარტივი მიზეზის გამო - ჩვენ გვაქვს დაგეგმილი და დაანონსებული საპენსიო რეფორმა, რომლის მოდელი ითვალისწინებს სწორედ პენსიების ზრდას ეკონომიკური ზრდის პარალელურად. სწორედ ამიტომ არ არის ბიუჯეტში ეს მოცემული. ეს იქნება იმ საპენსიო რეფორმასთან ერთად გაცხადებული, რომელიც დაგეგმილი აქვს ხელისუფლებას", - განაცხადა თალაკვაძემ.

საპარლამენტო ოპოზიციის ინფორმაციით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, პენსიების ზრდა გათვალისწინებული არ არის.

კერძოდ, "ევროპული საქართველოს" წევრის, სერგი კაპანაძის გაცხადებით, პრობლემაა ის, რომ პენსიების და სოციალური დახმარების ზრდა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული არ არის, სახელმწიფო ვალი კი იზრდება.

"ეს არის ბიუჯეტი, რომელშიც ჩანს რამდენიმე რამ: ამ ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული მომდევნო წელს პენსიების ზრდა; არ არის გათვალისწინებული ის გაჭირვება და გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში; არ არის გათვალისწინებული, მაგალითად, სოციალური დახმარებების აღდგენა იმ ხალხის მიმართ, ვისაც ის უსამართლოდ მოეხსნა; ამ ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული მაგალითად რეგიონებისთვის დაფინანსების ზრდა, გარდა ადმინისტრაციული ხარჯებისა. გარდა ამისა, ცალკე პრობლემატურია ის, რომ ამ ბიუჯეტით როგორც ჩანს, მთავრობა არ აპირებს შეიმციროს ადმინისტრაციული ხარჯები. რაც ასევე მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ იზრდება სახელმწიფო ვალი, შესაბამისად, თითოეული მოქალაქეს მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტი ფულის გადახდა მოუწევს", - განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, მართალია ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება, თუმცა ისევ საყოველთაო ჯანდაცვის და არა პენსიების და სოციალური დახმარების მიმართულებით. დეპუტატის შეფასებით, საყოველთაო ჯანდაცვა არის "უძირო ქვევრი, რომელშიც რაც არ უნდა მეტი ფული ჩაყარო, დაფინანსება მაინც არ ყოფნის".

myquiz