რამდენია პენსია საქართველოს მეზობელ ქვეყნებში? | Allnews.Ge

რამდენია პენსია საქართველოს მეზობელ ქვეყნებში?

საქართველოში საპენსიო სისტემის ცვლილების კუთხით ბოლო ერთი წელია აქტიურად მსჯელობენ. იგეგმება დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება. ამჟამად კი ასაკით პენსიონერისათვის სახელმწიფო პენსიის ოდენობა 180 ლარია (დაახლოებით 73 დოლარი). ხოლო მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერები 216 ლარს იღებენ. იანვრიდან კი პენსია 20 ლარით გაიზრდება.

რაც შეეხება საპენსიო ასაკს, საქართველოში კაცების საპენსიო ასაკი - 65, ქალების - 60 წელია.

Allnews.ge დაინტერესდა თუ რამდენია საპენსიო ასაკი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში და რამდენს იღებენ პენსიონერები თვეში. გთავაზობთ თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საპენსიო სისტემების მოკლე მიმოხილვას.

ინფოგრაფიკაში მოცემულია საშუალო პენსია და საპენსიო ასაკი ხუთ ქვეყანაში.

 სომხეთი

სომხეთში კანონი სავალდებულო დაგროვებითი პენსიის შესახებ 2014 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა. სავალდებულო საპენსიო შენატანები გავრცელდა 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებზე. 40 წელს გადაცილებულ პირებს ჰქონდათ უფლება ნებაყოფლობით მიეღოთ მონაწილეობა ამ სქემაში. სავალდებულო საპენსიო სქემის მიხედვით, დასაქმებულს დარიცხული შემოსავლიდან საპენსიო ფონდში 5 პროცენტი შეაქვს. იმავე რაოდენობას კი სახელმწიფო რიცხავს. შესაბამისად, დაქირავებული ყოველთვიური შემოსავლის 10 პროცენტს აგროვებს. დაწესდა სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული შენატანის ზედა ზღვარი - 25 000 სომხური დრამის (52 დოლარი) ოდენობით.

თურქეთი

ამ ქვეყანაში 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა კერძო საპენსიო სისტემა. 45 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის სისტემაში ჩართვა სავალდებულოა. საპენსიო კომპანიას თავად დასაქმებული არჩევს. ყოველთვიური საპენსიო შენატანი შემოსავლის 3 პროცენტია. მისი მინიმუმი 49.41 თურქული ლირით (14 დოლარი) განისაზღვრა, მაქსიმუმი კი - 321.17 (90 დოლარი). თუმცა, მინისტრთა საბჭოს ყოველთვიური შენატანის რაოდენობის შეცვლის უფლება აქვს. დაგროვებულ თანხას სახელმწიფო საერთო თანხის 25 პროცენტს ამატებს.

აზერბაიჯანი

ახალი საპენსიო სისტემა აზერბაიჯანში 2017 წლის 1-ელ ივლისს ამოქმედდა. შრომითი პენსიის საბაზო ოდენობის დასანიშნად 12-წლიანი სტაჟის საჭიროება გაუქმდა და პენსიის მინიმალური ოდენობა 110 აზერბაიჯანული მანათით (65 დოლარი) განისაზღვრა. საშუალო პენსია კი ამ ქვეყანაში 120 დოლარია. პენსიის განსაზღვრა ხდება დასაქმებული ადამიანების პირად ანგარიშზე დაგროვილი თანხის ოდენობის მიხედვით. დასაქმებულები საპენსიო ფონდში შემოსავლის 3 პროცენტს იხდიან.

რუსეთი

რუსეთში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წელს ამოქმედდება. ამჟამად ქვეყანაში რამდენიმე სახის საპენსიო სისტემა მოქმედებს, მათ შორის, სადაზღვევო პენსია, სახელმწიფო პენსია და სოციალური პენსია. ქვეყანაში საშუალო პენსია დაახლოებით 15 000 რუბლია (260 დოლარი). ომის ვეტერანებისთვის ეს თანხა თითქმის სამმაგი 40 000 რუბლია (690 დოლარი)

ნანა მღებრიშვილი

ინფოგრაფიკის ავტორი ნარიტა ჩხაიძე

myquiz