უნდა ველოდოთ თუ არა ლარის გაუფასურებას ზამთარში | Allnews.Ge

უნდა ველოდოთ თუ არა ლარის გაუფასურებას ზამთარში

რამდენიმე დღეა, ლარი დოლართან და განსაკუთრებით, ევროსთან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ონფორმაციით, ერთი აშშ დოლარის გაცვლითი კურსი 2,48 ლარს, ხოლო ევროსი – 2,95 ლარს შეადგენს.

რატომ მყარდება დოლარი და ევრო ლართან მიმართებით და უნდა ველოდოთ თუ არა ეროვნული ვალუტს გაუფასურებას ზამთარში?

"საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელის, გიორგი კეპულაძისა და ეკონომისტ ბესო ნამჩავაძის თქმით, ლარის გაუფასურება ამჟამად მოლოდინებს უკავშირდება. გარდა ამისა, ეკონომისტები განმარტავენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ხელი ტურისტების ნაკადის გადინებამაც შეუწყო.

გიორგი კეპულაძის თქმით, რადგან ევრო დოლართან მიმართებით მყარდება, შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით კიდევ უფრო უფასურდება,– "წინა წლებიდან გამომდინარე, სექტემბრიდან იწყებოდა ვალუტის გაუფასურება ხოლმე და ამიტომაც, ბაზრის მონაწილეებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ მკვეთრი გუფასურება დაიწყებოდა და, ალბათ, გარკვეული სავალუტო რეზერვების აკუმულირება სცადეს. აუცილებელია, რომ ეროვნულ ბანკსა და მთავრობას სწორი კომუნიკაცია ჰქონდესთ, რაც ხელს შეუწყობს სწორი მოლოდინების ფორმირებას. ბაზრის მონაწილეებს არ ჰქონდეთ არასწორი მოლოდინები ვალუტის კურსსა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეკონომიკა ძალიან მცირეა, შესაბამისად, პატარა რყევებიც მასზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს, მაგრამ მგონია, რომ ეს არის დროებითი ფაქტორი და უარყოფითი მოლოდინების ამოწურვის შემდეგ, წესით, გაუფასურება არ უნდა გაგრძელდეს ," – განმარტავს გიორგი კეპულაძე.

მისივე თქმით, ისევ გაუფასურდება თუ არა ლარი ზამთრის სეზონზე, ამის პროგნოზირება ფაქტობრივად, შეუძლებელია, – "მხოლოდ იმედი უნდა ვიქონიო, რომ ასე არ მოხდება, რადგან შარშანდელი თუ შარშანწინდელი შემოდგომისა და ზამთრისგან განსხვავებით, ამ ეტაპზე რაღაც მაკროეკონომუკური მაჩვენებლები და ფუნდამენტური ფაქტორები, რომლებიც ლარის კურსზე მოქმედებენ, ასევე რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესებული არ არის, შესაბამისად, განსაკუთრებული მიზეზი იმისთვის, რომ ლარი დოლართან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდეს, მგონი, არ არსებობს," – დასძენს ის.

ეკონომისტ ბესო ნამჩავაძეს მიაჩნია, რომ წლევანდელი ზამთრის სეზონზე ლარის ისევე გაუფასურება, როგორც შარშან იყო, არ უნდა ვივარაუდოთ, რადგან შარშან გაცილებით უფრო მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა გვქონდა ვიდრე წელს. გარდა ამისა, ზაფხულში ტურისტების ნაკადი საკმაოდ გაზრდილი იყო, – "მიმაჩნია, რომ ფუნდამენტური ფაქტორები არ არის იმისთვის, რომ ამ ზამთარს ლარის შარშანდელივით გაუფასურება ვივარაუდოთ," – განმარტავს ეკონომისტი.

დღეს გუშინდელთან შედარებით ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა, რადგან გუშინ თუ 1 დოლარის ღირებულება 2,49 ლარს შეადგენდა, 6 სექტემბერს მაჩვენებელმა 2,48 ერთეულამდე დაიწია.

 

myquiz