გაიცანით 18 წლის გოგონა გორიდან, რომელიც მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს | Allnews.Ge

გაიცანით 18 წლის გოგონა გორიდან, რომელიც მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს

18 წლის ქეთევან ღვინიაშვილი, გორში მაღალი სტანდარტების მქონე სასტუმროს აშენებას გეგმავს, რისთვისაც ადგილმდებარეობა უკვე შეარჩია და ნებართვის მისაღებად ქალაქის საკრებულოსაც მიმართა.

ქეთი გორიდანაა, თუმცა ამჟამად თბილისში "თავისუფალი უნივერსიტეტის" "მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების" საბაკალავრო პროგრამაზე სწავლობს. როდესაც სასტუმროს იდეა დაებადა, აპრილში შპს "იემაი სეთიც" შექმნა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თავადაა. მოგვიანებით მან გორის საკრებულოს თხოვნით მიმართა, რომ მილიონზე მეტი ბიუჯეტის მქონე ინვესტიციის განხორციელებისთვის ჭალის დასახლებაში 5 250 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი გადაეცა.

ქეთევან ღვინიაშვილს სასტუმროს არქიტექტურა ჯერჯერობით განსაზღვრული არ აქვს, თუმცა, მისი თქმით, სასტუმრო მინიმუმ სამვარსკვლავიანი იქნება, - "სასტუმროს აშენების ვალდებულებას 5 წლით ავიღებ. ცხადია, ამის სახსრები თავად არ გამაჩნია, თუმცა მოლაპარაკებებს რამდენიმე ინვესტორთან ვაწარმოებ, რომლებიც ჩემთვის საკრებულოს მიერ მიწის გადმოცემას ელოდებიან, შემდეგ კი გაირკვევა, კონკრეტულად, ვინ ააშენებს სასტუმროს" - განმარტავს ის.

როდესაც ქეთევან ღვინიაშვილმა საკრებულოს საკუთარი ინიციატივა გააცნო, მისი თქმით, ასაკის გამო სკეპტიკური განწყობა შენიშნა, თუმცა, ეს მისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი არ არის.

"გასაგებია, რომ ძალიან ამბიციური ახალგაზრდას შთაბეჭდილებას ვტოვებ, სიმართლე გითხრათ, ვარ კიდეც, მაგრამ ვფიქრობ, რომ შემიძლია, გორში მაღალი კლასის სასტუმრო ავაშენო. რა თქმა უნდა, მყავს მრჩეველებიც, რომლებიც ამ პროექტის განხორციელებაში დამეხმარებიან, მათ შორის ერთ-ერთი დედაჩემია, რომელსაც ეს იდეა ძალიან მოეწონა. ის გორის მერიაში მუშაობს და ვრცელდებოდა მოსაზრებები, რომ ამ საქმეში ჩართულია, თუმცა ასე არ არის, რადგან ყველაფერი საკრებულოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული," - აღნიშნავს ის და დასძენს, რომ თუ მშენებლობის ნებართვას მიიღებს, მის კომპანიას შეემატება ახალგაზრდების გუნდი, რომელიც პროექტის განხორციელებაში დაეხმარება.

პროექტის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ შიდა ქართლში ბაზარი შეისწავლა და მიიჩნევს, რომ სასტუმრო ყველაზე წარმატებული ინვესტიცია იქნება, რადგან იმ ტერიტორიის მახლობლად, სადაც ის მშენებლობას გეგმავს, მალე სპორტის სასახლე გაიხსნება, - "აქ ჩამოვლენ უცხოელი სპორტსმენები და მათი გულშემატივრები, რომლებიც ამ სასტუმროთი ისარგებლებენ, შესაბამისად, სტუმრები სულ გვეყოლება," - დასძენს ქეთევან ღვინიაშვილი.

ბიზნეს-იდეა საკრებულოს წევრებს ძალიან მოსწონთ, თუმცა ქეთი ღვინიაშვილთან შეკითხვები აქვთ.

კერძოდ, ისინი მისი კომპეტენციით, პროექტის კონკრეტული გეგმითა და სასტუმროს არქიტექტურით არიან დაინტერესებულები.

გორის საკრებულოს წევრისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლის, ლია ჩლაჩიძის თქმით, ქალაქში ასეთი ინვესტიციის განხორციელება მნიშვნელოვანია, თუმცა მას პროექტის ავტორთან შენიშვნები და შეკითხვებიც აქვს.

"მშენებლობის 5-წლიანი ვადა 3 წლამდე უნდა შემცირდეს, ასევე უნდა გაიწეროს, ყოველთვიურად რა ტიპის სამუშაოები განხორციელდება. ჩვენ ეს საკითხი ქონების მართვის კომისიაზე უკვე განვიხილეთ და დადებითი შეფასებაც მივეცით, თუმცა გვსურს, რომ პროექტის ახალგაზრდა ავტორს შევხვდეთ და ყველაფერი დეტალურად განვიხილოთ," - აღნიშნავს საკრებულოს წევრი და დასძენს, რომ ხელისუფლება ინვესტიციის განხორციელების უფლებას არავის უზღუდავს.

პროექტს დადებითად აფასებს საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, მინდია გოდერძიშვილიც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ ინვესტიციის განხორციელება სხვისი ინტერესებით დარღვევით არ მოხდეს, შესაბამისად, საკრებულომ ეს საკითხი დეტალურად უნდა განიხილოს, - "მშენებლობის მომხრე, რა თქმა უნდა, ვარ, მაგრამ ფაქტია, რომ 18 წლის მოქალაქეს ისეთი გამოცდილება არ უნდა ჰქონდეს, რომ ამხელა ინვესტიციებს გაუძღვეს და ყველაფერი სწორად დაგეგმოს, შესაბამისად, მის უკან ვიღაც დგას, ვინც არ ჩანს," - აღნიშნავს ის და დასძენს, რომ უარყოფითი იმაში, რომ პროექტის ინიციატორი 18 წლის მოქალაქეა, არაფერი არ არის, მთავარია, ინვესტიცია სწორად განხორციელდეს.

ქეთევან ღვინიაშვილსა და საკრებულოს წარმომადგენლებს შორის პროექტის განსახილველად შეხვედრა ჯერ არ გამართულა, თუმცა უახლოეს მომავალში ისინი საკითხს დეტალურად განიხილავენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ააშენებს თუ არა მაღალი სტანდარტის სასტუმროს 18 წლის ქეთევან ღვინიაშვილი, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz