უძრავი ქონების ფასის მითითება დოლარში აიკრძალება | Allnews.Ge

უძრავი ქონების ფასის მითითება დოლარში აიკრძალება

1-ელი ივლისიდან ძალაში შევა კანონი, რომლის თანახმადაც საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან მომსახურების ფასის ლარში გამოქვეყნება სავალდებულო გახდება. სიახლე სარეკლამო კანონში შედის და მის თანახმად, ნებისმიერი უძრავი ქონების სარეკლამო ფასი უნდა დაფიქსირდეს ლარში. თუმცა, ეს არ გულისხმობს ვალდებულებას, რომ ფასი კონტრაქტშიც ლარში იყოს მოცემული. კანონის ინიციატორების განმარტებით, ცვლილება ლარიზაციის გეგმის ნაწილია და ის მყიდველს დაანგარიშებისა და დაგეგმვის უკეთეს საშუალებას მისცემს.

უძრავი ქონების რეალიზაციის ან მომსახურების ფასის ლარში დაფიქსირებას დადებითად აფასებენ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები. "არსის" ფინანსური დირექტორი და მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე თორნიკე აბულაძე Allnews.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ფასის ლარში დაფიქსირების ვალდებულება პირველი ნაბიჯი უნდა იყოს და მომავალში ფასის მითითება კონტრაქტშიც ლარში უნდა მოხდეს.

ახალმა კანონპროექტმა შეიძლება ბინების გაძვირება გამოიწვიოს

"მგონია, რომ ლარში გაყიდვა არის სწორი. იმედი მაქვს, რომ ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი. ჯერ-ჯერობით საუბარია, მხოლოდ რეკლამის კანონზე და არა იმაზე, ვალდებული ვართ თუ არა კონტრაქტში დავაფიქსიროთ ფასი ლარში. ამას აუცილებლად უნდა მოყვეს ვალდებულება, რომ შემდეგში კონტრაქტშიც ლარი დაფიქსირდეს. ახალი კანონის მიხედვით, მე ვალდებული ვარ ფასი გამოვაცხადო ლარში, მაგრამ როცა რეალური კლიენტი მოვა მე შემიძლია ხელშეკრულებაში ჩავუწერო დოლარი.

ეს ძალიან კარგია, რადგან ნელ-ნელა ლარში აზროვნებას დავიწყებთ.

უბრალოდ მე უფრო მყარი პოზიცია მექნებოდა და მეტად ვაიძულებდი როგორც კლიენტს, ისე ბიზნესს, რომ ლარში ანგარიშზე გადასულიყვნენ. დეველოპერებს აქვთ იმის საშუალება, რომ ლარში გაყიდონ ბინები. რადგან მათი ხარჯების 80-85%-იც სწორედ ლარშია. თუმცა, ამ პროცესებში აუცილებლად ჩართულები უნდა იყვნენ ბანკები, რომლებსაც ექნებათ ვალდებულება, რომ სესხები ლარში გასცენ," - განმარტავს აბულაძე.

რა ღირს თბილისში უძრავი ქონება

მისივე თქმით, მომხმარებლისთვის სიახლე ცალსახად კარგია, იმიტომ რომ ლარის კურსის ცვლილება მასზე დიდ გავლენას ახდენს, როცა შემოსავალი აქვს ლარში, და სესხი ან ბინის გადასახადი - დოლარში.

"სიახლე მომხმარებლებისთვის უფრო პოზიტიურია, ვიდრე ბიზნესისთვის.

თუმცა მე მგონია, რომ მომხმარებლის ინტერესები ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე ბიზნესის. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ეს ცვლილება ქვეყნის ეკონომიკის გამართვას გამოიწვევს, რაც, ბიზნესისთვის, რა თქმა უნდა, კარგი იქნება," - დაამატა აბულაძემ.

ცვლილებას დადებითად აფასებს "სიტყვა და საქმეს" რედაქტორი ლელა არაბულიც. მისი თქმით, მეზობელ ქვეყნებში უძრავი ქონების რეალიზაციისთვის ადგილობრივი ვალუტა გამოიყენება და ასე უნდა იყოს საქართველოშიც.

"სიახლე განსაკუთრებულ პრობლემებს არ გამოიწვევს. უბრალოდ კლიენტიც და ბიზნესმენიც უნდა მოემზადოს ამისთვის. ჩემი აზრით, სასურველია, რომ ანგარიშსწორებაც ლარში ხდებოდეს. სიახლის ძალაში შესვლის შემდეგ, ფასებს დარეგულირება დასჭირდება. თუმცა ეს დიდ სირთულეებთან არ იქნება დაკავშირებული," - აღნიშნავს არაბული.

ბექა კურცხალია რამდენიმე წელია, საკუთარი რესურსებით სახლებს აშენებს და შემდეგ აქირავებს ან აგირავებს.

საკუთარი მცირე ბიზნესის მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად კი ლარის გაუფასურებას და ბინებზე ფასების კლებას ასახელებს. მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებას აღნიშნული რისკებისგან დაიცავს და ბიზნესს უფრო სტაბილურს გახდის.

როგორი ბინები იყიდება თბილისში 15-25 ათას დოლარად?

"რამდენიმე წელია მცირე მშენებლობებს ვაწარმოებ. ეს ჩვენი საოჯახო ბიზნესია. თუმცა ლარის მკვეთრმა გაუფასურებამ, რაც უკანასკნელი ორი წლის მანძილზე ფიქსირდება, ძალიან დამაზარალა. რამდენიმე თვის წინ ჩემი სახლიდან მდგმური წავიდა და ის სხვა კლიენტმა იგირავა. მხოლოდ ამ ერთი პროცედურით 8 000 დოლარი ვიზარალე. რადგან პირველ კლიენტს ბევრად უფრო ძვირად ჰქონდა ნაგირავები ჩემი ბინა, ვიდრე მეორემ იგირავა. ბინების გაიაფება სწორედ ლარის გაუფასურებამ გამოიწვია. მე რომ თავიდანვე ლარში მქონოდა ის დაგირავებული, ასეთ ზარალი არ მექნებოდა," - განმარტავს კურცხალია.

ახალმა კანონმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ექსპერტულ წრეებში და გაჩნდა აზრი, რომ ქონების რეალიზაციის ან მომსახურების ფასის ლარში გამოქვეყნებამ შეიძლება ფასები უფრო მერყევი გახადოს და უძრავი ქონების გაძვირებაც კი გამოიწვიოს.

"სავალუტო რისკი მომხმარებლიდან ბიზნესმენზე გადადის, რადგან მას სამშენებლო რესურსების ნაწილში დოლარის გადახდა უწევს. თავის დაზღვევის მიზნით, ის ბინას უფრო მაღალ მოგებას დაადებს ლარში, ვიდრე ეს დოლარის შემთხვევაში იქნებოდა. გარკვეულწილად, ლარში ფასდადებამ შეიძლება ფასების გაზრდაც გამოიწვიოს. მეორე მხრივ, ფასი მერყევი იქნება. რადგან ის შეიცვლება იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ლარის გაცლითი კურსი დოლართან მიმართებაში.

კურისის ცვლილების უკანასკნელი ტენდენციები თუ გაგრძელდება, ფასიც ხშირად შეიცვლება," - განმარტავს ნამჩავაძე.

მისივე განმარტებით, ცვლილება საზოგადოებაზე ფსიქოლოგიურ გავლენასაც მოახდენს და ხალხი უძრავი ქონების ლარში შეფასებას დაიწყებს. რეკლამებშიც ლარი იქნება მითითებული. შესაბამისად, საზოგადოება დოლარში დაანგარიშებას გადაეჩვევა. ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან 100 000 ლარამდე სამომხმარებლო სესხების დოლარში გაცემა იკრძალება. მომხმარებელი ლარში მიიღებს თანხას და ლარშივე დახარჯავს. დოლარის კურსს მასზე გავლენა აღარ იქნება.

"მნიშვნელოვანი საკითხია, რომ კონტრაქტში შემდეგი პუნქტი ჩაიდოს: ქირის, გირის თუ განვადების გადასახდელი თანხის შეცვლა შესაძლებელი უნდა იყოს იმის მიხედვით, თუ როგორ შეიცვლება ლარის კურსი. კონტრაქტში უნდა იყოს დათქმა, რომ ვთქვათ, პირობითად თუ 10 %-ით გაუფასურდა ან გამყარდა ლარი, შეიცვლება გადასახადიც. ამ შემთხვევაში ცვლილება ზარალს არც ერთ მხარეს არ მიაყენებს," - ამბობს ნამჩავაძე.

ქონების რეალიზაციის ან მომსახურების ფასის ლარში გამოქვეყნების შესახებ მომზადებული კანონპროექტი ლარიზაციის სტრატეგიის ნაწილია. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას გამარტებით, ცვლილება რამდენიმე მიმართულებით მოიტანს პოზიტიურ შედეგებს.

"უძრავი ქონების რეკლამა აუცილებლად უნდა იყოს მხოლოდ ლარში, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს შეეძლოთ ფასების შედარება როგორც კონკურენტის ფასებთან, ისე საკუთარ შემოსავალთან. კურსის ცვალებადობა პრობლემებს უქმნის უძრავი ქონების ბიზნესს. თუ ლარი უფასურდება, უძრავი ქონება იაფდება და პირიქით, რაც ამ სექტორში ფასების მერყეობას, გაყიდვების შემცირებასა და სხვადასხვა პრობლემას იწვევს. კანონპროექტის ცვლილების შემდეგ მომხმარებელი არ იქნება დამოკიდებული კურსის ცვლილებაზე და უკეთ შეძლებს საკუთარი შემოსავლების განკარგვას გრძელვადიან პერიოდზე.

აღნიშნული მიღებულია საერთაშორისო პრაქტიკაში - მრავალმა ქვეყანამ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება და საბოლოო ჯამში, ხელი შეუწყო ადგილობრივი ვალუტის მიმართ ნდობის გამყარებას. მეორე მხრივ, თუ უძრავი ქონების ფასები ლარით იქნება დენომინირებული, ეს დაეხმარება მყიდველს უკეთ დაგეგმოს უძრავი ქონების შესყიდვა. აღნიშნული გადაწყვეტილება, ასევე, ხელს შეუწყობს ლარის დეპოზიტების ზრდას," - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.

საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან მომსახურების ფასის ლარში გამოქვეყნება სავალდებულო 2017 წლის 1-ელი ივლისიდან გახდება.

ნანა მღებრიშვილი

myquiz